№ას-455-431-2012 7 მაისი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ გ. დ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ე-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ე-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში კ. გ-ისა და გ. დ-ის მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: 2010 წლის 15 სექტემბერს მოსარჩელემ გ. დ-ესა და კ. გ-ეს ცალ-ცალკე ასესხა 14 000 აშშ დოლარი, რომელიც არ დაუბრუნებიათ. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს გ. დ-ეს და კ. გ-ეს დაეკისროთ მოსარჩელისგან ნასესხები თანხის ანაზღაურება, თითოეულს 14000 აშშ დოლარი.
მოპასუხე გ. დ-ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას მოსარჩელისგან თანხა არ უსესხია, ხოლო იმ ხელწერილის შედგენა, რომლითაც ა. ე-ის მიმართ ვალდებულება აღიარეს, გამოწვეულია საქმის სპეციფიკური გარემოებებით.
ამასთან, წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო კ. გ-ემ და განმარტა, რომ მოსარჩელის მიმართ არ გააჩნია თანხის გადახდის ვალდებულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა კ. გ-ესა და გ. დ-ეს დაეკისრათ ცალ-ცალკე 14 000 დოლარის გადახდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. დ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 5 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი საფუძვლებით: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივრის ავტორს გ. დ-ეს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი, დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის 560.00 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანის წარმოდგენა. ხარვეზის შესავსებად საჩივრის ავტორს განესაზღვრა 5 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან. მასვე განემარტა ამ ვადაში ხარევზის შეუვსებლობის შედეგები. ხარვეზის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 იანვრის განჩინება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, აპელანტ გ. დ-ეს ჩაჰბარდა 2012 წლის 2 თებერვალს. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, გ. დ-ის მიერ წარმოდგენილ იქნა განცხადება ხარვეზის შესავსავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 თებერვლის განჩინებით აპელანტ გ. დ-ის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 იანვრის განჩინებით ხარვეზის შევსების მიზნით განსაზღვრული ვადა გაგრძელდა 3 დღით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეს განჩინება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აპელანტ გ. დ-ეს ჩაჰბარდა ტელეფონის საშუალებით 2012 წლის 13 თებრვალს. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, გ. დ-ის წარმომადგენელ ლვ. ჭ-ის მიერ წარმოდგნილ იქნა განცხადება მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 თებერვლის განჩინებით შუამდგომლობა სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 იანვრის განჩინებით ხარვეზის შევსების მიზნით განსაზღვრული ვადა კიდევ ერთხელ გაგრძელდა 3 დღით. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტს დაევალა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი, დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის სახით 560.00 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 თებერვლის განჩინება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აპელანტ გ. დ-ის წარმომადგენელს ჩაჰბარდა ტელეფონის საშუალებით 2012 წლის 23 თებრვალს, შესაბამისად, საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 24 თებერვალს და დასრულდა 2012 წლის 27 თებერვალს, რადგან 26 თებერვალი იყო დასვენების დღე. საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა, მიუხედავად იმისა, რომ განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის შედეგები, არ შეასრულა სასამართლოს მიერ დავალებული საპროცესო მოქმედება ხარვეზის შევსების მიზნით, კერძოდ, მას არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი, დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის 560.00 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც გახდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 5 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. დ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ არ ჰქონდა ბაჟის გადახდის შესაძლებლობა, ამიტომ, მისი აზრით, სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსების მიზნით დადგენილი ვადა საპატიოდ იქნა გაშვებული, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების გაქუმების საფუძველია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 5 მარტის განჩინებით გ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის მიერ დადგენილი ხარვეზის დროულად შეუვსებლობის გამო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივრის ავტორს გ. დ-ეს დაუდგინდა ხარვეზი და დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის 560.00 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. ხარვეზის შესავსებად საჩივრის ავტორს განესაზღვრა 5 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან. მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ხარვეზის შევსების მიზნით დადგენილი ვადა, თავდაპირველად გაგრძელდა 2012 წლის 8 თებერვლის განჩინებით, ხოლო შემდეგ 2012 წლის 22 თებერვლის განჩინებით, რომლის მიხედვითაც, ხარვეზის შევსების ვადად განისაზღვრა 3 დღე.
2012 წლის 23 თებერვალს გ.დ-ეს ეცნობა აღნიშნული განჩინების შესახებ და ამასთან, განემარტა ხარვეზის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეუვსებლობის შედეგები. ხარვეზის გამოსწორების ბოლო ვადა იყო 2012 წლის 27 თებერვალი, რადგან 26 თებერვალი დასვენების დღე იყო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმას, რომ მას ფინანსურად უჭირდა და არ ჰქონდა ბაჟის გადახდის შესაძლებლობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია, ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებენ ბაჟის გადახდის შეუძლებლობას. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, 103-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას ვერ ადასტურებს. კანონით იმპერატიულად განსაზღვრულ სასამართლო ხარჯების გადახდის განთავისუფლებისათვის ან გადავადებისათვის ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად კი მხოლოდ მხარის განმარტება მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ საკმარისი არ არის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი, ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარი სწორად დარჩა განუხილველად, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.