Facebook Twitter
#as-660-619-2010

№ას-485-459-2012 14 მაისი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ვ. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. დ-ი, ზ. ქ-ე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით ა. დ-ისა და ზ. ქ-ის სარჩელი მოპასუხე ვ. გ-ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოსარჩელეს დაევალა, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დაერეგისტრირებინა უძრავი ქონება – დაბა ა-აში მდებარე სამსართულიანი სასტუმრო, რომელიც ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში რეგისტრირებული იყო მის სახელზე; მოსარჩელეებს უარი ეთქვათ ქ.ბორჯომში, მ-ის ქ.№137-ში მდებარე უძრავი ქონების საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით მოპასუხე ვ. გ-ის სახელზე დარეგისტრირების დავალებაზე (ტომი 1, ს.ფ. 71-78).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. გ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი 1, ს.ფ. 84-92).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ვ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება (ტომი 2, ს.ფ. 57-59).

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ვ. გ-ემ წარადგინა საჩივარი, მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა (ტომი 2, ს.ფ. 62).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 თებერვლის განჩინებით ვ. გ-ის საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის მიერ საჩივრის დაგვიანებით შეტანის გამო (ტომი 2, ს.ფ. 66-68).

სააპელაციო სასამართლოს ზემომითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ. გ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაბარდა არა 2012 წლის 24 იანვარს, როგორც ეს კერძო საჩივრით გასაჩივრებულ განჩინებაშია მითითებული, არამედ 2012 წლის 25 იანვარს. 24 იანვარს იგი იმყოფებოდა თბილისში, საიდანაც 25 იანვარს დაბრუნდა ღამით, კურიერს სახლში შეუარა და გამოართვა კუთვნილი საფოსტო გზავნილი. ამის გამო, საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 13 თებერვლის განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, არაკანონიერია (ტომი 2, ს.ფ. 72-73).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 236-ე მუხლის თანახმად, მხარეს, რომელიც არ გამოცხადებულა სასამართლო სხდომაზე, რის გამოც მის წინააღმდეგ გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში შეიტანოს საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ. ამავე კოდექსის 237-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი აპელანტს გაეგზავნა და პირადად ჩაბარდა მის მიერ მითითებულ მისამართზე 2012 წლის 24 იანვარს, რაც დადასტურებულია გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბართზე აპელანტის ხელმოწერით (ტომი 2, ს.ფ. 61).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, საჩივრის შეტანის 10-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2012 წლის 25 იანვარს და დასრულდა 2012 წლის 3 თებერვალს, რომელიც იყო სამუშაო დღე – პარასკევი. დროის ამ მონაკვეთში ვ. გ-ეს საჩივარი არ წარუდგენია. მან ბორჯომის ფოსტას საჩივარი ჩააბარა ერთი დღის დაგვიანებით – 2012 წლის 4 თებერვალს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ საჩივარი განუხილველად დატოვა კანონით დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 20 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება მას ჩაბარდა არა 2012 წლის 24 იანვარს, როგორც ეს გასაჩივრებულ განჩინებაშია მითითებული, არამედ 2012 წლის 25 იანვარს, ვინაიდან, 24 იანვარს იგი არ იმყოფებოდა მის მიერ მითითებულ მისამართზე. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მსჯელობას, ვინაიდან საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათი საწინააღმდეგოზე მიუთითებს, კერძოდ, ამ ბარათის მიხედვით, ვ. გ-ეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი პირადად ჩაბარდა 2012 წლის 24 იანვარს, რაც დადასტურებულია მისი ხელმოწერით. აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების მიხედვით, ეკისრებოდა კერძო საჩივრის ავტორს. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოსათვის არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია მის მიერ მითითებული გარემოების დასადასტურებლად და მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით შემოიფარგლა, რაც არაა საკმარისი სადავო გარემოების დადასტურებულად მიჩნევისათვის. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს ვერ დაუდასტურა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება მას ჩაბარდა არა 2012 წლის 24 იანვარს, არამედ ამავე წლის 25 იანვარს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ვ. გ-ემ გაუშვა საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მისი საჩივარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვ. გ-ის კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და იგი დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.