№ას-500-473-2012 17 მაისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ზ. ე-ი
მოწინააღმდეგე მხარე - კ. ე-ი, გ. ე-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2011 წლის 25 თებერვალს თელავის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ზ. ე-მა მოპასუხეების: კ. და გ. ე-ების მიმართ და მოითხოვა სამეზობლო მიჯნასთან არსებული ნაგებობების კონსტრუქციის შეცვლა და მათი ექსპლოატაციის შეზღუდვა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით ზ. ე-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ე-მაა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით კ. და გ. ე-ების სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. კ. და გ. ე-ების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ზ. ე-ს აეკრძალა კ. და გ. ე-ებისათვის მათ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გადასული ჯონჯოლის ხეების ტოტების მოჭრაში ხელშეშლა. საღორეების მოშლის ნაწილში კ. და გ. ე-ების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ე-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ზ. ე-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
2012 წლის 10 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მომართა ზ. ე-მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით: განმცხადებლის განმარტებით, თელავის რაიონულმა სასამართლომ 2011 წლის 12 აპრილს განიხილა კ. და გ. ე-ების სარჩელი უკანონო ხელშეშლის აღკვეთის შესახებ. სასამართლომ სათანადო შესწავლისა და შემოწმების გარეშე ერთ-ერთი მოსარჩელე - გ. ე-ი გაათავისუფლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ანუ სარჩელი წარმოებაში მიიღო სახელმწიფო ბაჟის გადახდის გარეშე. უფრო მეტიც, მოცემულ საქმეზე მოსარჩელეებს არათუ საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული საკუთრების მოწმობის ამონაწერი არ ჰქონდათ, სასამართლოს მართლზომიერი მფლობელობის დოკუმენტიც ვერ წარუდგინეს. ასევე მოიქცა თბილისის სააპელაციო სასამართლო, როდესაც ერთ-ერთი აპელანტი - გ. ე-ი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე, 374-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით გაათავისუფლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და წარმოებაში მიიღო მისი სააპელაციო საჩივარი; კანონის უხეში დარღვევით სასამართლომ საკუთარი ინიციატივით შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება; სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოება, რომ მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი, არ შეესაბამება სიმართლეს და ამასთან, სასამართლომ გადაწყვეტილების მიღების დროს არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა განმარტა, რომ საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 373-ე, 374-ე, მუხლების, 422-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტების, 423-ე მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის და 424-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად არსებობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 თებერვლის განჩინებით ზ. ე-ის განცხადება ახლად აღმოშვენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა კანოიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) სამართალწარმოების განახლების სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისიწნებული წინაპირობები.
სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ე-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, ზ. ე-ის კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 თებერვლის განჩინება დატოვებულ იქნეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან გაჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
იმავე კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ) ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; გ) პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისას მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია ისეთ შემთხვევაში, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოების ან მტკიცებულების შესახებ, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარმოდგენილი სასამართლოში, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ახალი გარემოება ან მტკიცებულება, მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს საქმის წარმოების განახლების საფუძველი, თუ მტკიცებულება არსებობდა გადაწყვეტილების მიღებამდე, მხარემ არ იცოდა მისი არსებობის შესახებ და მას თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ზ. ე-ის მიერ მითითებული გარემოებები ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, არ შეიძლება მიჩნეულიყო ახლად აღმოჩენილ გარემოებად, ვინაიდან განმცხადებელი ფაქტობრივად თავისი განცხადებით მსჯელობდა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასებების უკანონობაზე. მითითებული მუხლის ანალიზი კი ცხადყოფს, რომ ახალ მტკიცებულებებთან ერთად უპირატესად უნდა მიეთითოს ახლად აღმოჩენილ გარემოებებზე. განსახილველ შემთხვევაში კი, მის მიერ ახალ გარემოებად დასახელებული გარემოებები წარმოადგენდა არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების წინაპირობებს, არამედ საკასაციო საჩივრის საფუძვლებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლითა და 422-ე მუხლით გათვალისწინებული ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლები, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ განცხადება სწორად არ დააკმაყოფილა
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ. ე-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 თებერვლის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.