Facebook Twitter

№ას-501-474-2012 21 მაისი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – გ. კ-ე, დ. კ-ე, ბმა „ქ-ის ქ.34/36“

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ჭ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

კერძო საჩივრის დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა გ. ჭ-ის სარჩელი მოპასუხეების: გ. კ-ის, დ. კ-ისა და ბმა „ქ-ის ქ.34/36-ის“ მიმართ. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა ამხანაგობის 2009 წლის 24 იანვრისა და 28 ივნისის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 162-168).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ჭ-ემ, რომელმაც მოითხოვა ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი 1, ს.ფ. 177-186).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ქ-ის ქ.34/36-ის“ 2009 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების პირველი პუნქტი (კრების ოქმი №2) და 2009 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება (კრების ოქმი №4) (ტომი 2, ს.ფ. 232-244).

ზემომითითებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 იანვრის განჩინებით (ტომი 2, ს.ფ. 270-272).

2012 წლის 30 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა გ. კ-ის, დ. კ-ის და ბმა „ქ-ის ქ.34/36-ის“ წარმომადგენელმა გ. თითბერიძემ, რომელმაც მოითხოვა ამავე სასამართლოს 2011 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება (ტომი 2, ს.ფ. 277-280).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 თებერვლის განჩინებით დასახელებულ განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, განმცხადებლებს დაევალათ, მიეთითებინათ, დაცული იყო თუ არა განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა და როდის გახდა მათთვის ცნობილი გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლის – ა.ტატიშვილის 2011 წლის 29 ნოემბრის განმარტების არსებობის შესახებ (ტომი 2, ს.ფ. 286-287).

2012 წლის 21 თებერვალს განმცხადებლებმა ხარვეზის შევსების მიზნით წარდგენილ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ზემოხსენებული განმარტების თაობაზე მათთვის ცნობილი გახდა 2011 წლის 29 ნოემბერს. ამის შემდეგ, განმცხადებლებმა მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით, რომლის საფუძველს სწორედ პროექტის მთავარი არქიტექტორის ა.ტატიშვილის განმარტება წარმოადგენდა (ტომი 2, ს.ფ. 290-291).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 თებერვლის განჩინებით გ. კ-ის, დ. კ-ისა და ბმა „ქ-ის ქ.43/36-ის“ განცხადება დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ განმცხადებლისათვის მის მიერ მითითებული გარემოების – ა.ტატიშვილის განმარტების თაობაზე, ცნობილი გახდა 2011 წლის 29 ნოემბერს, საკასაციო საჩივრის შეტანის დროისათვის, ანუ მანამ, სანამ არ იყო კანონიერ ძალაში შესული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს საქმის წარმოების განახლებას იმ შემთხვევაში, როდესაც განახლების საფუძვლის არსებობის შესახებ მხარისთვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების მიღების შემდეგ და შესაბამისად, ამ მომენტს უკავშირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ვადის ათვლის დასაწყისი. აღნიშნული ნორმების ერთობლიობაში განმარტების შედეგად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების განახლების განცხადებით სასამართლოსთვის მიმართვის წინაპირობაა: ა. ახალი მტკიცებულების მოპოვება სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ და ბ. აღნიშნული მტკიცებულების მოპოვებიდან ერთი თვის განმავლობაში სასამართლოსთვის მიმართვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ გ. კ-ის, დ. კ-ისა და ბმა „ქ-ის ქ.34/36-ის“ განცხადება განუხილველად დატოვა (ტომი 2, ს.ფ. 292-294).

სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 29 თებერვლის განჩინება განმცხადებლებმა გაასაჩივრეს კერძო საჩივრით და მოითხოვეს მისი გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორებს მიაჩნიათ, რომ პროექტის მთავარი არქიტექტორის ა.ტატიშვილის 2011 წლის 29 ნოემბრის განმარტება წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას, რომელიც წარდგენილი რომ ყოფილიყო სასამართლო სხდომაზე, გამოიწვევდა მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილების გამოტანას, რამდენადაც ეს სათავსო „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად შეიძლებოდა გადაცემულიყო ინდივიდუალურ საკუთრებაში. ამასთან, განმარტება გაიცა მას შემდეგ, რაც საზოგადოების დირექტორის მიერ გაცემულ იქნა წერილი სადავო ფართობის დანიშნულების არასწორი აღნიშვნით. სააპელაციო სასამართლო სწორედ ამ წერილს დაეყრდნო, ისე რომ, არ შეასრულა უზენაესი სასამართლოს მითითება ადგილობრივი დათვალიერების ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ და მოწინააღმდეგე მხარეს შესაძლებლობა არ მისცა მოეთხოვა პროექტის უშუალო ავტორის განმარტების წარდგენა. ამდენად, დასახელებულ მტკიცებულებას განმცხადებელი საქმის განხილვის დროს ვერ წარადგენდა.

რაც შეეხება განცხადების შეტანის ვადას, კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში ეს ვადა დაცულია, რადგან არქიტექტორ ა.ტატიშვილის 2011 წლის 29 ნოემბრის განმარტება საფუძვლად დაედო მათ საკასაციო საჩივარს. საკასაციო საჩივარი გაიგზავნა 2011 წლის 1 დეკემბერს. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა ამ დროიდან შეწყდა, რაც ამავე კოდექსის 139-ე მუხლის თანახმად გაგრძელდა 2012 წლის 9 იანვრამდე (უზენაესი სასამართლოს განჩინების მიღებამდე, რომლითაც მათი საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად). აღნიშნული განჩინების მიღებით განახლდა განცხადების შეტანის ვადის დენა. იგი კვლავ შეწყდა 2012 წლის 30 იანვარს, როდესაც კერძო საჩივრის ავტორებმა სააპელაციო სასამართლოში წარადგინეს განცხადება. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ მათ მიმართ ხანდაზმულობის ვადის დენა 23 დღეს არ აღემატებოდა, შესაბამისად, განმცხადებლებმა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთთვიანი ვადის ფარგლებში მიმართეს სააპელაციო სასამართლოს (ტომი 2, ს.ფ. 297-300).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. კ-ის, დ. კ-ისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ქ-ის ქ.34/36-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 თებერვლის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.

ამავე კოდექსის 423-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშეE არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

მითითებული მუხლების დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადის ათვლა შეიძლება დაიწყოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ საქმის წარმოების განახლების საფუძვლების შესახებ მხარემ შეიტყო ჯერ კიდევ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე და თანაც ისეთ დროს, როდესაც ჯერ კიდევ ჰქონდა შესაძლებლობა შესაბამისი საჩივრით მიემართა პირველი, სააპელაციო თუ საკასაციო ინსტანციის სასამართლოსათვის, ასეთ შემთხვევაში, არ არსებობს განცხადების დასაშვებობის წინაპირობა, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-3 ნაწილით და იგი განუხილველად უნდა დარჩეს. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება იმას, რომ კანონმდებელი ახლად აღმოჩენილად განიხილავს მხოლოდ ისეთ გარემოებებსა და მტკიცებულებებს, რომელთა შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ. გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარისათვის ცნობილი გარემოებები არ განიხილება ახლად აღმოჩენილად და, შესაბამისად, ამ საფუძვლით საქმის განახლება დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის მიხედვით, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დასაშვებობის ესა თუ ის პირობა, სასამართლო თავისი განჩინებით განცხადებას ტოვებს განუხილველად.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია და კერძო საჩივრით სადავოდ არაა გამხდარი ის გარემოება, რომ სადავო ბინის პროექტის ავტორის (მთავარი არქიტექტორის) ა.ტატიშვილის 2011 წლის 29 ნოემბრის განმარტება, რომელიც განმცხადებლებს ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიაჩნიათ, ამ უკანასკნელთათვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, უფრო მეტიც, მათ აღნიშნული მტკიცებულება დაურთეს მათ მიერ შეტანილ საკასაციო საჩივარს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 09 იანვრის განჩინებით მითითებული საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან განმცხადებლებმა ჯერ კიდევ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეიტყვეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლის შესახებ და თანაც, შესაბამისი საჩივრით მიმართეს საკასაციო ინსტანციის სასამართლოს, ამიტომ მათი განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუშვებელია და არ უნდა იქნეს განხილული.

საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია კერძო საჩივრის ავტორთა მითითება სამოქალაქო კოდექსის 138-139-ე მუხლებზე, ვინაიდან ეს ნორმები აწესრიგებენ მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის (სასარჩელო მოთხოვნის) ხანდაზმულობასთან დაკავშირებულ საკითხებს და არა საპროცესო ვადებთან დაკავშირებულ საკითხებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. კ-ის, დ. კ-ისა და ბმა „ქ-ის ქ.43/36-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.