№ას-504-476-2012 21 მაისი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - მ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,მ-ის“ დირექტორი ბ. გ-ა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – აღსრულების ღონისძიების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. მ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს ,,მ-ის“ დირექტორ ბ. გ-ას მიმართ ,,მ-ის“ დირექტორ ბ. გ-ას 2007 წლის 28 ივნისის #6 ბრძანების ბათილად ცნობის, შრომითი ურთიერთობის აღდგენის, მატერიალური ზიანის ანაზღაურების, 2007 წლისა და 2008 წლის საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანის, სახელფასო განაკვეთის ცვლილების, განაცდურის ანაზღაურების, შინაგანაწესის ბათილად ცნობისა და შრომითი ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივლისის განჩინებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივლისის განჩინებით მ. მ-ის კერძო საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა გასაჩივრებული განჩინება. აღნიშნული განჩინებები შევიდა კანონიერ ძალაში და გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
მ. მ-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივლისის განჩინებებზე გაცემულ სააღსრულებო ფურცლებზე სააღსრულებო წარმოების გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 თებერვლის განჩინებით მ. მ-ის განცხადება სააღსრულებო წარმოების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მ. მ-ემ განცხადებით მომართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივლისის განჩინებებზე გაცემულ სააღსრულებო ფურცლებზე საღსრულებო წარმოების გაუქმება, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლზე მითითებით. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მხარის განცხადებას და მიიჩნია, რომ განცხადებას დაკმაყოფილებაზე უნდა ეთქვას უარი შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე. ამავე კანონის 31-ე მუხლის თანახმად: ამ კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენებისას, აგრეთვე ამავე კანონის 83-ე, 84-ე და 91 მუხლებით განსაზღვრული მოქმედებების განხორციელებისას, თუ აღსრულების ადგილზე შექმნილი განსაკუთრებული ვითარების (მოვალის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა, გარდაცვალება ან სხვა საგანგებო შემთხვევა) გამო შესაბამისი მოქმედების გაგრძელება არ შეესაბამება მორალის ზოგად პრინციპებსა და ნორმებს, მოვალის განცხადების საფუძველზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია, არა უმეტეს 6 თვის ვადით გადადოს იძულებითი აღსრულების ესა თუ ის ღონისძიება. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია, თავის მიერ დადგენილი ვადა ერთჯერადად გააგრძელოს კიდევ 6 თვემდე ვადით. აღნიშნული მუხლის მეორე-მესამე ნაწილების თანახმად თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ფაქტობრივი ვითარება არ შეიცვლება, მოვალის განცხადების საფუძველზე სასამართლოს შეუძლია, მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს იძულებითი აღსრულების ღონისძიება, აკრძალოს ან დროებით შეაჩეროს ესა თუ ის ღონისძიება არა უმეტეს 3 თვის ვადით. თუ შეიცვალა ფაქტობრივი ვითარება, სასამართლოს შეუძლია კრედიტორის განცხადების საფუძველზე გააუქმოს ან შეცვალოს აღსრულების თაობაზე გამოტანილი განჩინება. ამ მუხლით გათალისწინებულ შემთხვევებში განცხადებები განიხილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლით დადგენილი წესით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის თანახმად: სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათალისწინებით განიხილოს აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის გარეშე. საღასრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად კი, აღსრულების შეწყვეტა სააღსრულებო ფურცლის გარეშე შესაძლებელია, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე. დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 1 ივლისის განჩინებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი მ. მ-ეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ. დადგენილია, რომ ამავე დღეს განხილულ იქნა მ. მ-ის კერძო საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის განჩინებაზე, სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 1 ივლისის განჩინებით მ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დარჩა უცვლელი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის განჩინება. მ. მ-ეს კერძო საჩივართან დაკავშირებული წარმოებისათვის დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის 50 ლარის გადახდა. დასახელებული განჩინებები შევიდა კანონიერ ძალაში და გაიცა სააღსრულებო ფურცელი. არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სააღსრულებო ფურცლის გაუქმების თაობაზე.
მხარის მიერ არ არის მითითებული იმის დამადასტურებელი გარემოებანი, რასაც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 31-ე მუხლი მოითხოვს, ამასთან არ არის მითითებული და დამტკიცებული გარემოებანი იმის შესახებ, რომ სააღსრულებო წარმოება, გარკვეული ვითარების გამო, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შესაბამისი განკარგულებით იყო თუ არა გადადებული, რაც სავალდებულო წინაპირობაა სასამართლოს მიერ მსგავსი ტიპის განცხადების დაკმაყოფილებისათვის. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2010 წლის 1 ივლისს მიღებულ განჩინებებზე გაცემული სააღსრულებო ფურცლებზე წარმოების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები და მ. მ-ის აღნიშნულ მოთხოვნას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. მ-ემ შემდეგი დასაბუთებით: გასაჩივრებული განჩინება განხილულია უკანონოდ ზეპირი მოსმენის გარეშე, ამასთან, მ.მ-ე სოციალურად დაუცველია და მას სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ უნდა დაკისრებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 1 ივლისის განჩინებით დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდა. ამავე დღეს განხილულ იქნა მ. მ-ის კერძო საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის განჩინებაზე, სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 1 ივლისის განჩინებით მ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და მ.მ-ეს კერძო საჩივართან დაკავშირებული წარმოებისათვის დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ. დასახელებული განჩინებები შევიდა კანონიერ ძალაში და გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671 მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე. აქედან გამომდინარე, მ.მ-ის მოსაზრება, რომ გასაჩივრებული განჩინება უკანონოა, ვინაიდან, განხილულია ზეპირი მოსმენის გარეშე უსაფუძვლოა.
მ. მ-ე ითხოვდა აღსრულების ღონისძიების გაუქმებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენებისას, აგრეთვე, ამავე კანონის 83-ე, 84-ე და 901 მუხლებით განსაზღვრული მოქმედებების განხორციელებისას, თუ აღსრულების ადგილზე შექმნილი განსაკუთრებული ვითარების (მოვალის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა, გარდაცვალება ან სხვა საგანგებო შემთხვევა) გამო, შესაბამისი მოქმედების გაგრძელება არ შეესაბამება მორალის ზოგად პრინციპებსა და ნორმებს, მოვალის განცხადების საფუძველზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია არა უმეტეს 6 თვის ვადით გადადოს იძულებითი აღსრულების ესა თუ ის ღონისძიება. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი ვადა ერთჯერადად გააგრძელოს კიდევ 6 თვემდე ვადით.
მითითებული ნორმის გამოყენებისათვის გათვალისწინებული აუცილებელი წინაპირობები - აღსრულების ბიუროსათვის მიმართვა, აღსრულების გადადება და გაგრძელება, მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება და ასეთ გარემოებებზე არც კერძო საჩივრის ავტორი უთითებს. აღნიშნული გამორიცხავს მითითებული ნორმის გამოყენების კანონიერებას და შესაბამისად, მ.მ-ის კერძო საჩივრის დასაბუთებულობას, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 თებერვლის განჩინება.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.