№ას-514-486-2012 14 მაისი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ სს „... ბანკი“
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. დ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „... ბანკმა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. დ-ის მიმართ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრების მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: სს ,,... ბანკს” და გ. დ-ს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება და მსესხებლის სახელზე გაიცა საბანკო კრედიტი 6 000 აშშ დოლარი. მსესხებელს სესხი უნდა დაეფარა შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდის გზით. მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სესხის თანხა არ იქნა დაბრუნებული და გადაცილებულ იქნა მისი დაფარვის ვადები. აქედან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის სესხის ძირითადი თანხის დავალიანების - 5 273,63 დოლარის, პროცენტის - 5 120,04 და პირგასამტეხლოს - 49 231,34 აშშ დოლარის დაკისრება.
წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო გ.დ-მა შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან მოპასუხის მიერ აღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ბოლო შესრულებიდან გასულია სამი წელზე მეტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „... ბანკის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, გ. დ-ს სს ,,... ბანკის” სასარგებლოდ დაეკისრა 2005 წლის 6 სექტემბრის #29084 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების - 5 273,63 დოლარის, საპროცენტო სარგებლის დავალიანების - 652,58 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს - 49 231,34 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სს „... ბანკმა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 16 მარტის განჩინებით სს „... ბანკის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი საფუძვლებით: საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით სს „... ბანკის“ წარმომადგენელ დ. ა-ს ჩაჰბარდა პირადად 2012 წლის 21 თებერვალს. მითითებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწო 2012 წლის 22 თებერვლიდან და გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2012 წლის 6 მარტს. დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი სს „... ბანკის“ მიერ წარდგენილია 2012 წლის 7 მარტს კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. 61-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლად დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 16 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს „... ბანკმა“ შემდეგი დასაბუთებით: 2011 წლის 15 სექტემბერს კერძო საჩივრის ავტორმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე გ. დ-ის მიმართ. სარჩელს თან ერთვოდა სს „... ბანკის“ გენერალური დირექტორ ი. გ-ის მიერ შ. დ-ის სახელზე 2010 წლის 1 ნოემბერს ერთი წლის ვადით გადანდობის უფლებით გაცემული მინდობილობა. შ.დ-ემ 2011 წლის 15 სექტემბერს მინდობილობა გასცა დ.ა-ის სახელზე განუსაზღვრელი ვადით. 2011 წლის 1 ნოემბერს შ.დ-ის მიდობილობას გაუვიდა ვადა, შესაბამისად, ვადა გაუვიდა დ.ა-ის მინდობილობასაც. 2011 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება დ. ა-ს ჩაჰბარდა 2012 წლის 21 თებერვალს, მაშინ, როდესაც ის აღარ იყო მოსარჩელის წარმომადგენელი, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არ უნდა აითვალოს 2011 წლის 21 თებერვლიდან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ჩაჰბარებოდა ორგანიზაციის კანცელარიას ან ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რაც არ განხორციელებულა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „... ბანკის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ, საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარის მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულება მიანდოს სხვა ადვოკატს ან მის თანაშემწეს.
წარმომადგენლობა პირს ანიჭებს უფლებას, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, წარმოდგენილის სახელითა და მისი ინტერესებიდან გამომდინარე, გარკვეული საპროცესო მოქმედებები შეასრულოს. სასამართლო წარმომადგენელი პროცესის მონაწილეა და მას როგორც პროცესის სუბიექტს, აქვს გარკვეული უფლებები და მოვალეობები. მარწმუნებლის მიერ რწმუნებულისათვის გადაცემულ უფლებათა ჩამონათვალს, ანუ წარმომადგენლის უფლებამოსილების ფარგლებს და ვადას სათანადო წესით შედგენილი დავალების შესახებ გარიგება (სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლი) - მინდობილობა განსაზღვრავს. წარმომადგენელს უფლებამოსილება მხოლოდ მინდობილობით განსაზღვრულ ფარგლებში და ვადაში გააჩნია, ხოლო ამ ფარგლებს მიღმა განხორცილებული საპროცესო მოქმედება იურიდიული ძალის შემცველი არ შეიძლება იყოს.
მოცემული საქმის მასალებით დასტურდება, რომ სს „... ბანკმა“ გამოავლინა ნება შ.დ-ის სახელზე რწმუნებულების ერთი წლის ვადით - 2010 წლის 1 ნოემბრიდან 2011 წლის 1 ნოემბრამდე გაცემაზე, ე.ი შ.დ-ეს ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა უფლება, შეესრულებინა ყველა ის საპროცესო მოქმედება, რაც რწმუნებულებაში იყო მითითებული, მათ შორის ამავე ვადის ფარგლებში, გადაენდო ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულება სხვა პირისათვის, იმ ვადით, რა ვადითაც მას ეს უფლებამოსილება ჰქონდა მინიჭებული. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, შ.დ-ემ დ.ა-ის სახელზე მინდობილობა განუსაზღვრელი ვადით გასცა, რისი უფლებაც მას არ გააჩნდა. უფლებამოსილების გადანდობის დამადასტურებელი მინდობილობის მოქმედების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს იმ მინდობილობის მოქმედების ვადას, რომლის საფუძველზეც ის გაიცა, რადგან ძირითად რწმუნებულებაში მითითებული ვადის გასვლასთან ერთად, ძალას კარგავს გადანდობაც, რადგან პირი სხვას ვერ გადასცემს იმ უფლებას, რაც მას არ გააჩნია. შესაბამისად, დ.ა-ი სასამართლო შეტყობინების ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირად ვერ მიიჩნევა. აღნიშნული ადასტურებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა არაუფლებამოსილ პირს - დ. ა-ს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადის ათვლა დაიწყება იმ დროიდან, როდესაც დასაბუთებული გადაწყვეტილება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჩაჰბარდება ან მხარეს, ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ სააპელაციო წესით გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა მისი არაუფლებამოსილი პირისათვის ჩაბარების დღიდან აითვალა, რაც არ შეესაბამება კანონს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სს „... ბანკის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 16 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველადდაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს „... ბანკის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მარტის განჩინება და და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.