№ას-523-492-2012 17 მაისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ქ. გ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. გ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – შვილად აყვანის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ. გ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. გ-ის მიმართ შვილად აყვანის ბათილად ცნობის შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ქ. გ-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება აპელანტის წარმომადგენელ ბ. ბ-ს ჩაბარდა 2012 წლის 4 თებერვალს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით.
ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 5 თებერვალს და ამოიწურა 20 თებერვალს. აპელანტის წარმომადგენელმა ბ. ბ-მა კი, სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2012 წლის 21 თებერვალს. ამდენად, სასამართლომ იხელმძღვანელა ამავე კოდექსის 369-ე მუხლით და სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ქ. გ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა განუხილველად ქ. გ-ის სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან იგი შპს „სკს-ში“ წარდგენილ იქნა სათანადო ვადის დაცვით – 2012 წლის 20 თებერვალს. აღსანიშნავია, რომ ბ. ბ-ს, როგორც ადვოკატს, ხელშეკრულება აქვს დადებული შპს „სკს-სთან“, რომლის მიხედვითაც მას შეუძლია კორესპოდენცია ჩააბაროს ღამის 12.00 საათამდე. სადავო სააპელაციო საჩივარი ბ. ბ-მა შპს „სკს-ს“ ჩააბარა 2012 წლის 20 თებერვალს 19 საათის შემდეგ. შესაძლებელია გზავნილს 21 თებერვლის თარიღი მიენიჭა შეცდომით, გზავნილის ფოსტიდან გასვლის დღის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ ქ. გ-ის წარმომადგენელ ბ. ბ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება და დარჩება განუხილველად.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და სადავოდ არ გამხდარა ის ფაქტი, რომ პირველ ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ქ. გ-ჲს წარმომადგენელ ბ. ბ-ს ჩაბარდა 2012 წლის 4 თებერვალს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო დღე იყო ორშაბათი, 2012 წლის 20 თებერვალი.
საქმის მასალებში წარმოდგენილია შპს „სკს-ს“ ქვითარი, რომელშიც გზავნილის ფოსტისათვის ჩაბარების თარიღად მითითებულია როგორც 20, ისე 21 თებერვალი.
შპს „სკს-ს“ მენეჯერ ე.ახობაძის მომართვით დასტურდება კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ ბ. ბ-მა შპს „სკს-ს“ ოფისში სადავო სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2012 წლის 20 თებერვალს, შესაბამისად, აპელანტს სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა არ დაურღვევია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ უ ლ ო ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. გ-ის წარმომადგენელ ბ. ბ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 მარტის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.