Facebook Twitter
საქმე №ას-544-512-2012 17 მაისი, 2012 წელი

№ას-544-512-2012 17 მაისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. კ-ისა და ლ. ს-ის (მოპსაუხე)

წარმომადგენელი – მ. ძ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – რ. ფ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 თებერვლის საოქმო და 14 მარტის განჩინებები

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, მიწის ნაკვეთზე აგებული ღობის მოშლა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. ფ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. კ-ისა და ლ. ს-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან ქ.თბილისში, დ-ში მდებარე მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილის გამოთხოვა.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიიჩნიეს, რომ საჯარო რეესტრის მონაცემები სადავო მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით შედგენილია არასწორად და მოხდა სადავო ფართების გადაფარვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. კ-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ.თბილისში, დ-ში მდებარე 45,8 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №...), ხოლო ლ. ს-ის უკანონო მფლობელობიდან – 47,36 კვ.მ, მოპასუხეებს დაევალათ სადავო მიწის ნაკვეთებზე მათ მიერ აღმართული ღობის მოშლა, რაც მათ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტების წარმომადგენელ მ. ძ-ს სააპელაციო საჩივრის ზეპირი განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით, რაც დასტურდება საქმეშჲ არსებული 2012 წლის 3 თებერვლის სატელეფონო შეტყობინების აქტით. ამდენად, მხარეთათვის ცნობილი იყო სასამართლო უწყების შინაარსი. აღნიშნულის მიუხედავად, არც გ. კ-ი და ლ. ს-ე და არც მათი წარმომადგენელი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდნენ. მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.

ამავე სასამართლოს 2012 წლის 14 მარტის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაასწორა 2012 წლის 16 თებერვლის განჩინებაში დაშვებული შეცდომა და მიუთითა, რომ ხსენებულ განჩინებაზე შეცდომით დაფიქსირებული სატელეფონო შეტყობინების აქტის ნაცვლად, უნდა მითითებულიყო შეტყობინების ბარათი, ხოლო 2012 წლის 3 თებერვალი გასწორდა 2012 წლის 13 თებერვლით.

სააპელაციო სასამართლოს ორივე განჩინებაზე გ. კ-ისა და ლ. ს-ის წარმომადგენელმა მ. ძ-მა შეიტანა კერძო საჩივრები და მოითხოვა მათი გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არასწორად დარჩა განუხილველად, რადგან არც აპელანტებს და არც მათ წარმომადგენლებს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის შესახებ არ ეცნობა. სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ მ.ძ-ს ჩაბარდა სატელეფონო შეტყობინება, ვინაიდან ასეთი საქმეში წარმოდგენილი არ არის და, მხარის არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, არც შეტყობინების აქტი და არც აუდიო ჩანაწერი მას არ გადასცეს. ამასთან, აპელანტთა წარმომადგენელმა რამდენჯერმე უშედეგოდ მიმართა საქმის განმხილველი მოსამართლის თანაშემწეს სასამართლო სხდომის ჩანიშვნის თაობაზე ინფორმაციის მისაღებად და ესაუბრა მხოლოდ სტაჟიორს.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ 2012 წლის 13 თებერვალს ჩაბარდა სააპელაციო შესაგებელი. გზავნილში არ იყო მითითებული აპელაციის განხილვის დრო. იმავე დღეს მ. ძ-ი გამოცხადდა სააპელაციო სასამართლოში იმისათვის, რომ შეეტყობინებინა მოსამართლის თანაშემწისათვის სააპელაციო შესაგებლის მიღების ფაქტი და შეეტყო საქმის განხილვის დრო, თუმცა კვლავ დაუკავშირდა მხოლოდ მოსამართლის სტაჟიორს და არც ამ შემთხვევაში სასამართლოს მისთვის სხდომის თაობაზე არ უცნობებია.

2012 წლის 16 თებერვალს მ.ძ-ი მონაწილეობდა გორის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში. შესაბამისად, მოცემული სამოქალაქო საქმის განხილვის დროის შეტყობის შემთხვევაში, იგი აუცილებლად წარმოადგენდა სათანადო ცნობას.

რაც შეეხება განჩინებას უსწორობის გასწორების შესახებ, კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ აღნიშნული უსწორობა გასწორდა მას შემდეგ, რაც მხარემ კერძო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის 2012 წლის 16 თებერვლის გაურკვეველ განჩინებაზე, მოითხოვა მტკიცებულებები, ჩანაწერები, სატელეფონო შეტყობინების აუდიო ჩანაწერი, რადგან მხარეს არ ჩაბარებია სასამართლოში გამოცხადების უწყება და მისთვის სასამართლო სხდომის დღე უცნობი იყო. ფაქტობრივად, აპელანტების წარმომადგენელმა 2012 წლის 13 თებერვალს ფოსტის მეშვეობით ჩაიბარა სააპელაციო შესაგებელი, სასამართლომ კი შეასწორა აღნიშნული და მიუთითა, რომ მხარეს ჩაბარდა შეტყობინება საქმის განხილვის დროის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ გ. კ-ისა და ლ. ს-ის წარმომადგენელ მ. ძ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინებები უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლი ადგენს, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.

ზემოხსენებულ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი მხარე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლოში, თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი პალატას არ აცნობა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე შუამდგომლობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

მოცემულ შემთხვევაში გ. კ-ისა და ლ. ს-ის წარმომადგენელ მ. ძ-ს სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობა კანონით დადგენილი წესით, რაც დასტურდება საქმეში არსებული შპს „...-ს“ 2012 წლის 13 თებერვლის შეტყობინების ბარათით გზავნილების ჩაბარების შესახებ.

აღნიშნულ ბარათში მითითებულია, რომ მხარეს გაეგზავნა 2012 წლის 16 თებერვლის სხდომის უწყება და სააპელაციო შესაგებელი. მას ხელს აწერს თავად მ.ძ-ი. ამდენად, საქმის მასალებით ცალსახად დასტურდება, რომ აპელანტთა წარმომადგენლისათვის საქმის განხილვის დრო ცნობილი იყო, რაც თავად მხარისათვისაც აღნიშნულის შეტყობას უთანაბრდება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივად სწორად შეაფასა ის ფაქტი, რომ აპელანტი სასამართლო პროცესზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის შესახებ სასამარტლოს არ აცნობა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე და სააპელაციო საჩივარი მართეებულად დატოვა განუხილველად.

დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ სააპელაციო პალატის მიერ დანიშნულ დროს მ.ძ-ი მონაწილეობდა სხვა საქმის განხილვაში რაიონულ სასამართლოში, ვინაიდან აღნიშნული გარემოება მხარეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დაცვით არ დაუდასტურებია.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის 2012 წლის 14 მარტის განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების წინაპირობები, კერძოდ:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.

გასაჩივრებული განჩინებით სავსებით სწორად გასწორდა სასამართლოს მიერ დაშვებული ტექნიკური შეცდომა და, არასწორად დაფიქსირებული სატელეფონო შეტყობინების აქტის ნაცვლად, მიეთითა შეტყობინების ბარათი, ხოლო 2012 წლის 3 თებერვალი გასწორდა 2012 წლის 13 თებერვლით. აღნიშნული უსწორობის გასწორების საჭიროება დადასტურებულია საქმის მასალებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ. კ-ისა და ლ. ს-ის წარმომადგენელ მ. ძ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განჩინებები უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ უ ლ ო ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. კ-ისა და ლ. ს-ის წარმომადგენელ მ. ძ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 თებერვლის საოქმო და 14 მარტის განჩინებები დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.