№ას-559-527-2012 4 მაისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე _ მაია სულხანიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მ. მ-ის წარმომადგენლის ი. გ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 მარტის განჩინებაზე.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ მ. მ-ის წარმომადგენლის ი. გ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 აპრილის განჩინებით მ. მ-ის წარმომადგენელს ი. გ-ეს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 2 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს ი. გ-ეს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2012 წლის 25 აპრილს (ტ.IIIს.ფ.116-117), შესაბამისად ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადა ამოიწურა მიმდინარე წლის 27 აპრილს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.
2012 წლის 2 მაისს მ. მ-ის წარმომადგენელმა ი. გ-ემ ფოსტის მეშვეობით გამოაგზავნა განცხადება და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს ხარვეზის შესავსებად მიცემული საპროცესო ვადა ამოეწურა 2012 წლის 27 აპრილს, ხოლო მის მიერ განცხადება ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე ფოსტის მეშვეობით გამოგზავნილ იქნა მიმდინარე წლის 2 მაისს, ანუ სასამართლოს მიერ დანიშნული საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ. მ-ის წარმომადგენლის ი. გ-ის მიერ საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტი განუხილველი უნდა დარჩეს.
პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, კერძო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. მ-ის წარმომადგენლის ი. გ-ის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.