Facebook Twitter

№ას-574-542-2012 14 მაისი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - მ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ზ-ის №1 ჩ. ფ-ა“, შპს ,,ს. და ტ. ს-ო“, სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. მ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს ,,ზ-ის №1 ჩ. ფ-ის“, შპს ,,ს. და ტ. ს-ოს“ და სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ სს ,,ზ-ის №1 ჩ. ფ-ის“ ყიდვა-გაყიდვისას მოსარჩელის კუთვნილი წილის შენარჩუნების მოპასუხეთათვის დავალდებულების მოთხოვნით.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ივლისის განჩინებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რაზეც მ. მ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით მ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

2011 წლის 5 დეკემბერს მ. მ-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 13 ივლისის განჩინებაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 მარტის განჩინებით მ. მ-ის 2011 წლის 5 დეკემბერის განცხადება, დაუშვებლობის გამო, განუხილველად იქნა დატოვებული. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: დადგენილია, რომ 2011 წლის 5 დეკემბერს მ. მ-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 13 ივლისის განჩინებაზე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 21 თებერვლის განჩინებით განმცხადებელს, განჩინებაში მითითებული ხარვეზის აღმოსაფხვრელად, განესაზღვრა 10 დღის ვადა. პალატამ მიიჩნია, რომ მ. მ-ემ 2012 წლის 6 მარტის განცხადებით სასამართლოს მიერ დაწესებული ხარვეზი არ აღმოუფხვრია, რაც მისი განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა.

განმცხადებელს ხარვეზის შევსების ეტაპზე წარმოდგენილ განცხადებაში არ მიუთითებია გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრებზე, რომლებიც შესაძლოა, საფუძვლად დაედოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლებას. განმცხადებელს ყურადღება არ გაუმახვილებია კანონის მითითებული მუხლების (423-ე, 422-ე მუხლების) მე-2 და მე-3 ნაწილებზე და არ მიუთითებია შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებზე, არ წარმოუდგენია ამ ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო ამ თვალსაზრისით მისი მითითება საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებაზე პალატამ არ მიიჩნია 2011 წლის 21 თებერვლის განჩინებით დადგენილი ხარვეზების გამოსწორებად. გარდა ამისა, სასამართლომ მიუთითა, რომ მ.მ-ის სასამართლოსადმი მომართვის საფუძველი გახდა მის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინების ჩაბარება, რომლის თანახმად, მ.მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ივლისის განჩინება. მ. მ-ე უთითებს, რომ მისი სააპელაციო საჩივარი ზეპირი მოსმენის გარეშე იქნა დატოვებული განუხილველად, ანუ არ შედგა პროცესი და მას არ მიეცა საშუალება, დაეცვა მისი ინტერესები, რაც გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, პალატამ არ გაიზიარა და განმარტა, რომ მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის შემოწმების შედეგად დაუშვებელი იყო, რის გამოც იგი განუხილველად იქნა დატოვებული ზეპირი მოსმენის გარეშე და რასაც ითვალისწინებდა კიდეც სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ანუ მ. მ-ის საქმის განხილვისას არ დარღვეულა შეჯიბრებითობისა და საჯაროობის პრინციპი. შესაბამისად, მისი ეს პოზიცია ვერ გამოდგება ვერც ხარვეზის შევსებისა და ვერც გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლად.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია არა ყოველგვარი საფუძვლით, რომელზეც მხარე მიუთითებს, არამედ მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობის პირობებში. ამასთან, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებით აღნიშნული საფუძვლები, საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. დასახელებული ნორმის საფუძველზე, კანონმდებლობის მოთხოვნაა, რომ გარემოებებისა და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდეს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიუთითოს ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. პალატამ არ გაიზიარა განმცხადებლის მითითება, რომ მისთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით გახდა ცნობილი, თითქოს მას უარი განეცხადებინოს პირველი ინსტანციის სასამართლოში გადაწყვეტილების ჩაბარებაზე და განმარტა, რომ რაკი განმცხადებელმა უარი განაცხადა 2011 წლის 22 მარტს ზუგდიდის სასამართლოს გზავნილის ჩაბარებაზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 13 ივლისის განჩინება გაეგზავნა და ჩაჰბარდა 2011 წლის 25 ივლისს, ანუ მისთვის ამ ფაქტობრივი გარემოების შესახებ ცნობილი იყო მანამ, სანამ განჩინებას კერძო საჩივრით გაასაჩივრებდა.

პალატამ არ გაიზიარა ასევე განმცხადებლის განმარტება, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გზავნილით არ ირკვევა თუ რა ჩაჰბარდა, ვინაიდან, გზავნილზე გარკვევით სწერია, რომ მხარეს გადაეცემოდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება. აღნიშნული საფუძვლის წამოყენება მ. მ-ეს შეეძლო საქმის განხილვისას, კერძოდ, საკასაციო ინსტანციის სასამართლოში. გარდა ამისა, პალატის განმარტებით, დაცული არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი განცხადების შეტანის ვადა, რომლის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება, ხოლო, ამავე კოდექსის მე-2 ნაწილის თანახმად, ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა. საქმის მასალებით არ დასტურდება, თუ როდის გახდა ცნობილი მ. მ-ისათვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინება. შესაბამისად, ერთთვიანი ვადის ათვლაც ვერ ხერხდება, ხოლო მ. მ-ის მიერ მოხმობილი გარემოება განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადის ასათვლელად არ გამოდგება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს შესაბამისი განცხადებით სასამართლოსათვის მიმართვის წანამძღვრები, რის გამოც აღნიშნული განცხადების დასაშვებობის პირობა არ არსებობს.

ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 13 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. მ-ემ შემდეგი დასაბუთებით: გასაჩივრებულ განჩინებაში განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძვლები დასაბუთებული არ არის. ამასთან, განჩინების გამოტანა გამოწვეულია მოსამართლეთა არასწორი მოქმედებებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის წარმოების განახლების საფუძვლები მითითებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველ ნაწილში. ამდენად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია არა ყოველგვარი საფუძვლით, რომელზეც მხარე მიუთითებს, არამედ მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობის პირობებში. ამ ნორმით კანონმდებელი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა გააჩნია საქმის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების შემოწმებისას, ამასთანავე, კანონმდებლის მოთხოვნაა, რომ აღნიშნული გარემოებები და მტკიცებულებები არსებობდეს საქმის განხილვის დროს (გადაწყვეტილების გამოტანამდე) და არა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ. აღნიშნული გარემოებები და მტკიცებულებები ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამასთან, ამ გარემოებებისა და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი უნდა გახდეს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიუთითოს ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

მოცემულ შემთხვევაში, მ. მ-ის მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი 2011 წლის 5 დეკემბრისა და 6 მარტის განცხადებებში მოყვანილი არგუმენტები არ წარმოადგენს კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება საფუძვლად დაედოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2011 წლის 13 ივლისის განჩინების გაუქმებას. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მ. მ-ეს გაეგზავნა 2011 წლის 12 მარტს და მან მის ჩაბარებაზე 2011 წლის 22 მარტს უარი განაცხადა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იგულისხმება, რომ გადაწყვეტილება მ.მ-ეს ჩაჰბარდა 2011 წლის 22 მარტს, შესაბამისად, გასაჩივრების ბოლო ვადას წარმოადგენდა 2011 წლის 5 აპრილი. ვინაიდან, მ. მ-ეს სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით, მაგრამ სააპელაციო საჩივარი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში წარადგინა 2011 წლის 3 ივლისს (3 თვის დაგვიანებით), სააპელაციო პალატამ, როგორც დაუშვებელი, განუხილველი დატოვა. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ.მ-ემ, ხოლო უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით უცვლელი დარჩა გასაჩივრებული განჩინება.

აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სავსებით მართებულად არ გაიზიარა მ.მ-ის მოსაზრება, რომ ზუგდიდის რაიონული საასმართლოს გადაწყვეტილების ჩაუბარებლობის მიზეზი შეიტყო უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება წარადგინა კანონით დადგენილ ერთ თვიან ვადაში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სწორედ იმ მოტივით, რომ მან უარი განაცხადა 2011 წლის 22 მარტს ზუგდიდის სასამართლოს გზავნილის ჩაბარებაზე, 2011 წლის 13 ივლისის განჩინებით განუხილველი დატოვა წარდგენილი სააპელაციო საჩივარი. მოცემული განჩინება გაეგზავნა და ჩაჰბარდა 2011 წლის 25 ივლისს, ანუ მისთვის გადაწყვეტილების ჩაუბარებლობის მიზეზზე ცნობილი იყო მანამ, სანამ განჩინებას კერძო საჩივრით გაასაჩივრებდა. აქედან გამომდინარე, მოცემულ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითება მ. მ-ეს შეეძლო საქმის განხილვისას, კერძოდ, საკასაციო ინსტანციის სასამართლოში. აღნიშნულის განუხორცილებლობამ კი გამოიწვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი განცხადების შეტანის ვადის დარღვევა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ. მ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 13 მარტის განჩინების გაუქმებასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 მარტის განჩინება.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.