Facebook Twitter

№ას-576-544-2012 31 მაისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ვ. ჩ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - სს „... ბანკი“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „... ბანკმა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. ჩ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ, 8070.85 ლარის დაკისრება.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სს „... ბანკის“ სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ვ. ჩ-ს მის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 8 070 (რვა ათას სამოცდაათი) ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხე ვ. ჩ-ს დაეკისრა 200 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ

რაიონული სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ჩ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება .

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მარტის განჩინებით ვ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად გასაჩივრების, კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევის გამო.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვ. ჩ-ს, კერძოდ მის მამას – გ. ჩ-ს პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2012 წლის 19 იანვარს, მან კი სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა 2012 წლის 17 თებერვალს ფოსტის მეშვეობით, ანუ კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის დარღვევით, ვინაიდან გასაჩივრების ბოლო ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, იყო 2012 წლის 2 თებერვალი.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ. ჩ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაეწყო არა 2012 წლის 19 იანვრიდან, როდესაც მას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაჰბარდა, არამედ 2012 წლის 3 თებერვლიდან (უსწორობის გასწორების შესახებ განჩინების ჩაბარების თარიღი) შესაბამისად, ვინაიდან გადაწყვეტილება ფაქტობრივად იყო ხარვეზიანი, მას არ გააჩნდა ვალდებულება გაესაჩივრებინა ამგვარი გადაწყვეტილება, სანამ არ მიიღებდა დასაბუთებულ, მოტივირებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, ვ. ჩ-მა მოითხოვა კერძო საჩივრის დაკმაყოფილება და საქმის წარმოების განახლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ვ. ჩ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ოზრუგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 დეკემბრის დასაბუთებული გადაწყვეტილება ვ. ჩ-ს, კერძოდ მის მამას – გ. ჩ-ს ჩაჰბარდა 2012 წლის 19 იანვარს (იხ.ს.ფ. 81); სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 20 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 2 თებერვალს. ამდენად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა იყო 2012 წლის 2 თებერვალი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით სასამართლოში გაგზავნილია 2012 წლის 17 თებერვალს, ანუ კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, რომლის აღდგენაც დაუშვებელია (იხ.ს.ფ. 88-99).

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაეწყო არა 2012 წლის 19 იანვრიდან როდესაც მას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაჰბარდა, არამედ 2012 წლის 3 თებერვლიდან (უსწორობის გასწორების შესახებ განჩინების ჩაბარების თარიღი) შესაბამისად, ვინაიდან გადაწყვეტილება ფაქტობრივად ხარვეზიანი იყო, მას არ გააჩნდა ვალდებულება გაესაჩივრებინა ამგვარი გადაწყვეტილება, სანამ არ მიიღებდა დასაბუთებულ, მოტივირებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადა არ დაურღვევია, რის გამოც მოითხოვა კერძო საჩივრის დაკმაყოფილება.

აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან კანონმდებელი მხარეს პირდაპირ ავალდებულებს, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, მოცემულ შემთხვევაში კი, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, როგორც უკვე აღნიშნა, ვ. ჩ-ის ჩაბარდა 2012 წლის 19 იანვარს, ხოლო ოზრუგეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 23 იანვრის განჩინებით, გასწორდა მხოლოდ დასაბუთებულ გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში დაშვებული უსწორობა, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ მას 2012 წლის 19 იანვარს არ ჩაჰბარებია დასაბუთებული, მოტივირებული გადაწყვეტილება, საკასაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ გასაჩივრების ვადა უნდა ათვლილიყო უსწორობის გასწორების შესახებ განჩინების ჩაბარების თარიღიდან (2012 წლის 3 თებერვალი) და არა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან (2012 წლის 19 იანვარი) საკასაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა სააპელაციო საჩივარი. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ვ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ. ჩ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მარტის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.