Facebook Twitter

№ას-577-545-2012 21 მაისი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. დ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ც. მ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 04 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

კერძო საჩივრის დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით ა. დ-ის სარჩელი მოპასუხეების – ც. მ-ისა და ნოტარიუს ნ. ს-ის მიმართ უფლების დათმობისა და პრივატიზაციის ხელშეკრულებების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 136-142).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ა. დ-ემ (ს.ფ. 146-155).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ნოემბრის განჩინებით ა. დ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას ასაბუთებდა საქმის მასალებით დადგენილი შემდეგი გარემოებები:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 10 აგვისტოს განჩინებით, აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი ბაჟის (1103 ლარი) გადაუხდელობის გამო, რის შესავსებადაც მას მიეცა 5 დღის ვადა.

ამავე სასამართლოს 2011 წლის 20 სექტემბრის განჩინებით, აპელანტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ხარვეზის შევსების მიზნით დადგენილი ვადა გაუგრძელდა 7 დღით.

ამავე სასამართლოს 2011 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, აპელანტს მისი შუამდგომლობის საფუძველზე, კვლავ გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 3 დღით.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ა. დ-ემ სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.

რაც შეეხებოდა, აპელანტის მიერ წარდგენილ განცხადებას სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული ვადის გაგრძელების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა, ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებას. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, აპელანტმა ვერ წარადგინა ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული უტყუარი მტკიცებულება, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების, ან მისი გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი. ამიტომ, აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის. ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები. კერძოდ, თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო (ს.ფ. 190-195).

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 4 ნოემბრის განჩინებაზე ა. დ-ემ წარადგინა კერძო საჩივარი. საჩივრის ავტორმა მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსათვის საქმის არსებითად განსახილველად დაბრუნება.

კერძო საჩივრის ავტორი არასწორად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე უარის თქმის შესახებ, რადგან მისი აზრით, სახეზე იყო მითითებული შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძვლები. აპელანტს საკუთრებაში გააჩნდა ერთადერთი ბინა, რომელიც მოტყუებით იქნა გაჩუქებული, დასაჩუქრებულის განცხადების საფუძველზე იგი გამოსახლებულია სადავო ბინიდან, დარჩენილია ქუჩაში და თავშესაფარს პოულობს სხვადასხვა ნათესავებთან. ამასთან, აპელანტი არის 85 წლის ასაკს მიღწეული ქვრივი, ომისა და შრომის ვეტერანი, მისი შემოსავლის ერთადერთი წყაროა პენსია. მან სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა პენსიის ნაწილი – 250 ლარი, ხოლო ნაწილის გადახდას აპირებდა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს. ამ მიზეზებით, საჩივრის ავტორმა სააპელაციო სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ და წარადგინა შესაბამისი მტკიცებულებები. მიუხედავად ამისა, სასამართლომ ა. დ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად. შედეგად, აპელანტს წაერთვა უფლება ესარგებლა საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო კონვენციებითა და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებით, რაც საშუალებას მისცემდა მისი დარღვეული უფლებები დაეცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში (ს.ფ. 200-201).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. დ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 აგვისტოს განჩინებით ა. დ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1103 ლარის ოდენობით. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუსვებლობის შემთხვევაში, მისი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად (ს.ფ. 159-161).

საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ სააპელაციო სასამართლომ აპელანტს არაერთხელ გაუგრძელა ხარვეზის შევსების ვადა, მაგრამ მიუხედავად ამისა, აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია (ს.ფ. 168-170; 178-180).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 04 ნოემბრის განჩინებით ა. დ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო (ს.ფ. 190-195).

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა შუამდგომლობაში მის მიერ მითითებული გარემოებები და გადაევადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკითხს იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი სასამართლოს მიერ მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, პასუხობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება გახდეს მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი. სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვის იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებს. მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეს არ წარუდგენია უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობას. აღნიშნულს იზიარებს საკასაციო სასამართლოც, ვინაიდან აპელანტს მისი გადახდისუუნარობის დასადასტურებლად წარდგენილი ჰქონდა საპენსიო მოწმობა, რაც ვერ ჩაითვლება აპელანტის გადახდისუუნარობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად, ვინაიდან იგი სრულად არ ასახავს აპელანტის ქონებრივ მდგომარეობას და არ გამორიცხავს შემოსავლის სხვა წყაროს არსებობის შესაძლებლობას. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ კანონშესაბამისად უთხრა უარი აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და მართებულად დატოვა განუხილველად მისი სააპელაციო საჩივარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა. დ-ის კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 04 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.