Facebook Twitter

№ას-578-546-2012 31 მაისი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ო. ხ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. და ნ. ჭ-ეები (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ო. ხ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. და ნ. ჭ-ეების მიმართ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხისა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შემოსავლის დაკისრების, კერძოდ, ზ. ჭ-ისათვის 10000 აშშ დოლარის, ნ. ჭ-ისათვის - 14000 აშშ დოლარის, ხოლო ვადაგადაცილებული მიუღებელი შემოსავლის სახით ვალდებულების დარღვევიდან - 2010 წლის 1 დეკემბრიდან 24000 აშშ დოლარის ყოველთვიური 3%-ის, ასევე საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდის დაკისრების მოთხოვნით.

მოპასუხე ნ. ჭ-ემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, ხოლო ზ. ჭ-ემ სარჩელი მხოლოდ ნაწილობრივ ცნო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ო. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ზ. ჭ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის სახით არსებული დავალიანების - 14000 (თოთხმეტი ათასი) აშშ დოლარის გადახდა, მოსარჩელეს ნ. ჭ-ის მიმართ სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხეებისათვის მიუღებელი სარგებლის სახით თანხის დაკისრების თაობაზე ეთქვა უარი, მოპასუხე ზ.ი ჭ-ეს დაეკისრა სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის სანაცვლოდ 693 ლარის, საადვოკატო მოსახურებისათვის გადახდილი ხარჯების ნაწილის - 1000 ლარისა და სხვა სასამართლო ხარჯების ნაწილის - 181 ლარის გადახდა, მოსარჩელის მოთხოვნა - დარჩენილი სასამართლო და არასასამართლო ხარჯების, - მათ შორის მომავალი სააღსრულებო ხარჯების მოპასუხეებისათვის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2011 წლის 26 აგვისტოს განჩინებით დადგენილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. ხ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხეებისათვის ჯამში 24000 აშშ დოლარის დაკისრება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მარტის განჩინებით ო. ხორიშვილისა და ზ. და ნ. ჭ-ეების შუამდგომლობა მორიგების დამტკიცებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება, დამტკიცდა მორიგება ო. ხ-სა და ზ. და ნ. ჭ-ეებს შორის მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობებით, ო. ხ-ს დაუბრუნდა სააპელაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი - 331.5 ლარი, სამოქალაქო საქმე ო. ხ-ის სარჩელთან დაკავშირებით ზ. და ნ. ჭ-ების მიმართ შეწყდა, განემარტათ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ო. ხ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:

გასაჩივრებული განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობები სრულყოფილად არ ასახავდა კერძო საჩივრის ავტორის ნებას, კერძოდ, მორიგების აქტში, რომელსაც ო.ხ-მა მოაწერა ხელი, არ იყო მითითებული უზრუნველყოფის საგანზე ნ. და ზ. ჭ-ეების მიერ მიღებული შეღავათების თაობაზე, მორიგების აქტში სწორადაა აღნიშნული თანხის ოდენობა, თუმცა აპელანტს თანხმობა არ გამოუთქვამს, რომ არ ექნებოდა ქონებრივი პრეტენზია, ასეთი პირობის მორიგების აქტში ჩამატებით მოწინააღმდეგე მხარემ უფლება წაართვა ო.ხ-ს ქონებაზე, რომელიც სადავოსაც არ წარმოდგენდა, მორიგების აქტში არ არის ასახული აპელანტის პრეტენზიები სასამართლო ხარჯებთან მიმართებით, მორიგების აქტში არ იქნა შეტანილი კერძო საჩივრის ავტორის ის პრეტენზიაც, რომ ო.ხ-ი არ იყო თანახმა ქ.ბათუმში, 9 -ის ქ№18-ში მდებარე 16,50 კვ.მ №10 ბინაზე უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებაზე, ბინაზე ყადაღის მოხსნის გამო მისი გასხვისების აკრძალვა უნდა ასახულიყო, როგორც მორიგების აქტში, ისე ამ აქტის დამტკიცების შესახებ განჩინებაში. სააპელაციო პალატის სხდომის ოქმით არ დასტურდება მორიგების აქტის გამოქვეყნების ფაქტი, ასეთ შემთხვევაში მხარე მორიგების პირობებს არ დაეთანხმდებოდა, აპელანტისათვის გადაცემული სხდომის ჩანაწერი არ არის სრულყოფილი, კერძოდ, არ ასახავს მორიგების აქტის გამოქვეყნების ფაქტს, შესაბამისად, სხდომის ოქმის მითითება, სისტემის ტექნიკური მხარის შემოწმების თაობაზე არასწორია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. ხ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

განსახილველი საქმის მასალებით დადასტურებულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:

საქმეში წარმოდგენილი 22 მარტით დათარიღებული მორიგების აქტის თანახმად, რომელსაც ხელს აწერს, როგორც უშუალოდ აპელანტი ო. ხ-ი, ისე მოწინაარმდეგე მხარეები: ნ. და ზ. ჭ-ეები, მხარეებმა სასამართლოს მიმართეს შუამდგომლობით მორიგების შემდეგი პირობებით დამტკიცების თაობაზე:

„1. ზ. და ნ. ჭ-ეები სოლიდარულად იღებენ ვალდებულებას, რომ 2013 წლის 01 იანვრამდე ო. ხ-ს გადაუხდიან 14000 (თოთხმეტი ათასი) აშშ დოლარს. რომლის შემდეგ სხვა ქონებრივი პრეტენზია არ ექნება.

2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2011 წლის 26 აგვისტოს განჩინებით დადგენილი სარჩელის უზრუნველყოფა, რომლითაც ყადაღა დაედო ნ. ჭ-ის სახელზე რიცხულ მიწის ნაკვეთს (დაზუსტებული ფართი 405 კვ.მ) და შენობა-ნაგებობების პირველ სართულს 114.19 კვ.მ მდებარე ქ.ბათუმი, მ-ის ქ№86 (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ..., ასევე რომლითაც ყადაღა დაედო ნ. ჭ-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას მდებარე ქ.ბათუმი, 9 -ის ქ№18-ში მდებარე №10 ბინას 16.50 კვ.მ ფართით (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 05.28.05.001.01/010).

3. ამ აქტის პირველი პუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულებამდე, 2013 წლის 01 იანვრამდე ნ. ჭ-ეს აეკრძალოს გაასხვისოს მის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთი (დაზუსტებული ფართი 405 კვ.მ) და შენობა-ნაგებობის პირველი სართული 114.19 კვ.მ მდებარე ქ.ბათუმი, მ-ის ქ. №86-ში (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ...).

4. ამ აქტის პირველი პუნქტით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისას, ო. ხ-ს უფლება ეძლევა მოახდინოს ნ. ჭ-ის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთის (დაზუსტებული ფართი 405 კვ.მ.) და შენობა-ნაგებობის პირველი სართულის 114.19 კვ.მ (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ...), მდებარე ქ.ბათუმი, მ-ის ქ№86, რეალიზაცია იძულებითი აუქციონის წესით.

5. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება და შეწყდეს საქმის წარმოება.

საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო პალატის 2012 წლის 22 მარტის სხდომის ოქმის შესწავლით დასტურდება, რომ მორიგების აქტის დამტკიცებას ესწრებოდა როგორც აპელანტი ო. ხ-ი, ისე მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი ფრიდონ ბასილაია, აღნიშნული გარემოება მხარეს სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად, არც რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება წარუდგენია სასამართლოსათვის.

ამავე ოქმის აუდიო-ჩანაწერის შესწავლით დასტურდება, რომ სასამართლო სხდომაზე მორიგების აქტის გამოქვეყნების შემდგომ აპელანტს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს მორიგების რომელიმე პირობის მიმართ შედავება არ წარუდგენია.

საკასაციო პალატა ზემოაღნიშნული გარემოებებისა და საქმეში წარმოდგენილი, ერთი მხრივ, მორიგების აქტის და, მეორე მხრივ, 2012 წლის 22 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის ურთიერთშედარების შედეგად ასკვნის, რომ განჩინებაში, რომლის გაუქმებასაც მხარე მოითხოვს, მორიგების პირობები ასახულია სწორედ იმგვარად, როგორც ეს მხარის მიერ ხელმოწერით დადასტურებულ მორიგების აქტსა და სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ მტკიცებულებაშია ასახული.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სავსებით მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, 208-ე მუხლის პირველი ნაწილით, 273-ე, 274-ე მუხლებით და სწორად დაამტკიცა მხარეთა შორის მიღწეული მორიგების პირობები იმ სახით, როგორც მხარეებმა მორიგების აქტში გადმოსცეს.

პალატა მიზანშეწონილად თვლის განმარტოს შემდეგი: სამოქალაქო დავის მორიგების გზით დამთავრება მოდავე სუბიექტთა უფლებამოსილებას წარმოადგენს და ის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპის ცალსახა გამოვლინებაა, ასეთ დროს მხარეები თავადვე განსაზღვრავენ სადავო ურთიერთობის მოწესრიგების სამართლებრივ წინაპირობებს და აზრთა ურთიერთშეჯერების გზით, გარკვეული კომპრომისის გათვალისწინებით თავადვე ადგენენ საქმის გადაწყვეტის მათთვის ყველაზე ხელსაყრელ და ოპტიმალურ შედეგს.

დავის მორიგების გზით დასრულებისას სასამართლოს როლი სამართალწარმოებაში მინიმუმამდეა დაყვანილი და პრიორიტეტული სწორედ მხარეთა მიერ არჩეული საქმის გადაწყვეტის შესაძლო შედეგია, სამართლაწარმოება ასეთ დროს მხოლოდ ამ მორიგების პირობების სასამართლო წესით დამტკიცებით შემოიფარგლება.

კანონმდებლის აღნიშნული პოზიცია სამოქალაქო სამართალწარმოების უმთავრესი პრინციპით - დისპოზიციურობითაა განპირობებული, რომელიც სამოქალაქო სამართლის ფუნდამენტური პრინციპია, ამასთან, ამავე პრინციპიდან გამომდინარე, ის შესაძლო რისკები, რაც მხარეებმა მორიგების პირობების შეთანხმებისას ვერ გაითვალისწინეს, სწორედ მათი სამოქალაქო რისკია და ამ საფუძვლით განჩინების გაუქმების შესაძლებლობას მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება რა მხარის მიერ კერძო საჩივარში მითითებული გარემოებები, პალატა თვლის, რომ ისინი ვერ იქნება გაზიარებული და ვერც გასაჩივრებული განჩინების საფუძვლად იქნება მიჩნეული, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმის დისპოზიციის, საქმის მასალებისა და მხარის მიერ კერძო საჩივარში მითითებული პრეტენზიების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარემ ვერ შეძლო საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებების გაქარწყლება, ის მხოლოდ ზეპირი განმარტებებით შემოიფარგლა სასამართლოსა და მოწინააღმდეგე მხარეების მხრიდან მისი უფლების დარღვევის თაობაზე, რაც არ ქმნის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 22 მარტის განჩინების გაუქმების საფუძველს.

ამასთანავე, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ნ. და ზ. ჭ-ეების წერილობით მოსაზრებებზე, სადაც მხარეები მიუთითებენ, რომ წინააღმდეგი არ არიან მორიგების დამტკიცების შესახებ განჩნიების გაუქმების, თუმცა არ ეთანხმებიან კერძო საჩივრის საფუძვლებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან სახეზე არ არის კერძო საჩივარში მითითებული გარემოებების დადასტურებულად მიჩნევის საფუძველი, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ო. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.