№ას-590-556-2012 3 მაისი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სს „ე.-პ. ჯ-ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს. ლ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – კომპენსაციის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „ს. ლ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ე.-პ. ჯ-ას“ მიმართ მოსარჩელის კუთვნილი ინფრასტუქტურით სარგებლობის თმენის საკომპენსაციოდ თანხის - 11940,83 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა მოთხოვნის დაუსაბუთებლობისა და ხანდაზმულობის მოტივით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „ს. ლ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს „ე.-პ. ჯ-ას“ სს „ს. ლ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 10924,4 ლარის დღგ-ს გარეშე გადახდა, ასევე მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მარტის განჩინებით სს „ე.-პ. ჯ-ას“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, მასვე დაუბრუნდა მის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. სააპელაციო პალატამ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 15 მარტის განჩინებით სს „ე.-პ. ჯ-ას“ სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, აპელანტს განესაზღვრა საპროცესო ვადა 5 დღე და დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. 2012 წლის 23 მარტს აპელანტმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და წარადგინა სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ დოკუმენტის შესწავლით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ 2012 წლის 15 მარტის განჩინება სს „ე.-პ. ჯ-ას“ კანცელარიას ჩაბარდა 2012 წლის 16 მარტს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ აპელანტისათვის ხარვეზის შესახებ განჩინება ჩაბარებულად ითვლებოდა 2012 წლის 16 მარტს (როცა განჩინება ჩაბარდა საზოგადოების კანცელარიას), შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორების 5-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 17 მარტიდან თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა. აღნიშნული საპროცესო ვადა ამოიწურა 2012 წლის 21 მარტს და აქედან გამომდინარე ხარვეზის შევსების უფლებამოსილება აპელანტს გააჩნდა 2012 წლის 21 მარტის ჩათვლით. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით და განმარტა, რომ საქმის მასალებით დასტურდება აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 2012 წლის 20 მარტს, განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანთან ერთად ფოსტას ჩაბარდა საპროცესო ვადის გასვლის შემდგომ - 2012 წლის 22 მარტს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილ იქნა 2012 წლის 23 მარტს. აღნიშნული სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მიიჩნია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლისა და 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის მესამე ნაწილით კი, აპელანტს დაუბრუნდა მის მიერ სააპელაციო საჩივრზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს „ე.-პ. ჯ-ამ“, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით:
გასაჩივრებული განჩინება უკანონოა და უნდა გაუქმდეს, რადგანაც არასწორია სასამართლოს დასკვნა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის აპელანტის მიერ დარღვევის თაობაზე. გასაჩივრებული განჩინებითვე ირკვევა, რომ აპელანტმა სახელმწიფო ბაჟი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადაიხადა, ხოლო კერძო საჩივარზე დართული მტკიცებულებით მისი 2012 წლის 21 მარტს ფოსტისთვის ჩაბარების ფაქტი დასტურდება, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილისა. სასამართლომ კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის არასწორი ინტერპრეტაციის გზით განმარტა, რომ 21 მარტის ჩათვლის გადახდილი ქვითრის დედანი უნდა წარედგინა მხარეს სააპელაციო სასამართლოში. ენერგოკომპანიამ 2012 წლის 6 აპრილს წერილობით მიმართა შპს „ს. ფ-ას“ არსებული რეალობის გარკვევის მიზნით. ფოსტის წერილობითი პასუხით დასტურდება ენერგოკომპანიის მიერ განცხადების მიმდინარე წლის 21 მარტს გაგზავნის ფაქტი. ამდენად, სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოების არასწორი შეფასების გამო, მიღებულ იქნა უკანონო გადაწყვეტილება.
სს „ე.-პ. ჯ-ამ“ კერძო საჩივარს დაურთო საფოსტო რეესტრი 2012 წლის 21 მარტს გაგზავნილი კორესპოდენციების შესახებ, ასევე სს „ე.-პ. ჯ-ას“ მიმართვის ასლი და შპს „ს. ფ-ის“ წერილობითი პასუხი კერძო საჩივრის ავტორის მიმართვაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ე.-პ. ჯ-ას“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებზე დაყრდნობით ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ მნიშვნელოვან გარემოებებზე: სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მარტის განჩინებით სს „ე.-პ. ჯ-ას“ სააპელაციო საჩივარს 2012 წლის 15 მარტის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 5-დღიან ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა. სადავო არაა ის გარემოებაც, რომ საქმეში წარმოდგენილი გზავნილის თანახმად, სს „ე.-რო ჯ-ას“ კანცელარიას კორესპოდენცია ჩაბარდა 2012 წლის 16 მარტს. საქმეში წარმოდგენილი, სააპელაციო პალატისათვის გადაცემული საფოსტო კონვერტის თანახმად, სს „ე.-პ. ჯ-ას“ მიერ ხარვეზის გამოსწორების მიზნით წარდგენილი დოკუმენტები საფოსტო განყოფილებას ჩაბარდა 2012 წლის 22 მარტს. აღნიშნული რეალობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის, 73-ე მუხლის მე-8 ნაწილისა და მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო ადრესატისათვის (კანცელარიისათვის) განჩინების ჩაბარების დღის მე-2 დღეს - 2012 წლის 17 მარტიდან და ამოიწურა სამუშაო დღეს, 21 მარტს, ვინაიდან საპროცესო მოქმედება ამ ვადაში სრულყოფილად არ განხორციელებულა (მხარემ სასამართლოს ხარვეზის გამოსოწრების მიზნით მომრთა 1 დღის დარღვევით) სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლებისა და 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სწორად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ გასაჩივრებული განჩინებითვე დასტურდება სახელმწიფო ბაჟის დადგენილ ვადაში გადახდის ფაქტი. აღნიშულის საწინააღმდეგოდ პალატა განმარტავს, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით მხარეს ამომწურავად განემარტა შესასრულებელი საპროცესო მოქმედება და მისი შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ, მხარეს დაევალა საპროცესო ვადის განუხრელად დაცვით როგორც სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ისე ამ ვალდებულების შესრულების შესახებ სასამართლოს დროული ინფორმირება, აღნიშნულთაგან ერთ-ერთის არაჯეროვანი შესრულება საპროცესო ვადის დარღვევას წარმოადგენს, ამდენად, ის დადასტურებული გარემოება, რომ მხარემ სახელმწიფო ბაჟი დადგენილ ვადაში გადაიხადა, ვერ იქნება მიჩნეული საპროცესო მოქმედების სრულყოფილად განხორციელებად.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ასევე სს „ე.-პ. ჯ-ას“ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზეც, კერძოდ, საფოსტო რეესტრის თანახმად, მართალია, ირკვევა, რომ აპელანტმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 307/146-12 კორესპოდენცია 2012 წლის 21 მარტს ჩააბარა, შპს „ს. ფ-ის“ წერილობითი პასუხით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული კორესპოდენცია შპს „ს. ფ-ის“ კურიერმა 2012 წლის 21 მარტს ჩაიბარა, რომელიც შპს „ს. ფ-აში“ დამუშავდა 2012 წლის 22 მარტს და, შესაბამისად, კონვერტზე დაფიქსირებულა 22 მარტი, თუმცა პალატა თვლის, რომ აღნიშნული მტკიცებულებები გასაჩივრებული განჩინების გაუქმების უტყუარ წინაპირობას არ წარმოადგენს, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით დადგენილი შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, კანონმდებელმა ამავე ნორმის პირველი ნაწილით განსაზღვრა, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე კი, დადგენილია, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების ტვირთის მხარისათვის დაკისრების გზით, კანონმდებელმა მას მისცა სრული შესაძლებლობა, საკუთარი შეხედულებით განსაზღვროს სადავო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წრე, თუმცა სავალდებულოა, ეს მტკიცებულებები, განკუთვნადობის თვალსაზრისით, სწორად იქნას შერჩეული, აღნიშნულის პარალელურად კი, კანონმდებლობით განისაზღვრა სასამართლოს ვალდებულება, გამოიკვლიოს და სათანადო შეფასება მისცეს მხარის მიერ მტკიცების პროცესში წარდგენილი დოკუმენტების უტყუარობას, კერძოდ, დაადგინოს, ესა თუ ის ფაქტი რამდენად შეიძლება მიჩნეულ იქნას დადასტურებულად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში, ერთი მხრივ, წარმოდგენილია დოკუმენტი - კონვერტი, სადაც სს „ე.-პ. ჯ-ას“ მიერ დოკუმენტების ფოსტისათვის გადაცემის თარიღად 2012 წლის 22 მარტია მითითებული (აღნიშნულით დასტურდება აპელანტის მიერ საპროცესო ვადის დარღვევა) და, მეორე მხრივ, კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები.
საკასაციო პალატა ამ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების შედეგად თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად იხელმძღვანელა საქმეში არსებული მტკიცებულებით, ვინაიდან მისთვის ობიექტურად იყო შეუძლებელი, სცოდნოდა კერძო საჩივრზე დართული მტკიცებულებების თაობაზე, ამასთანავე, საწინააღმდეგოს არსებობის შემთხვევაშიც კი, საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს სს „ე.-პ. ჯ-ას“ არგუმენტს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის არასწორ განმარტებასთან დაკავშირებით, რადგანაც დასახელებული ნორმით დადგენილია შემდეგი ქცევის წესი: საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
მოცემული ნორმა აღმჭურველი ხასიათისაა და მისი ფართოდ განმარტების შესაძლებლობას კანონმდებელი არ ითვალისწინებს, ნორმით ამომწურავადაა განსაზღვრული რეგულირებული ურთიერთობის ადრესატის ქცევის წესი და სავალდებულოდაა მიჩნეული საჩივრის, საბუთებისა თუ ფულადი თანხის უშულოდ ფოსტის ან ტელეგრაფისათვის ჩაბარების აუცილებლობა. სს „ე.-პ. ჯ-ას“ მიერ შპს „ს. ფ-ისათვის“ მიწერილი წერილითა და ამ წერილის ადრესატის პასუხით ირკვევა მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, შპს „ს. ფ-ის“ კურიერის და არა უშულოდ შპს „ს. ფ-ისათვის“ კორესპოდენციის ჩაბარების ფაქტი, ამასთანავე, უდავოა, რომ ფოსტამ კორესპოდენციები დაამუშავა 2012 წლის 22 მარტს და არა კურიერის მიერ ჩაბარების დღეს, რაც, შესაძლოა, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის განმსაზღვრელი ნორმების დარღვევასა და დამრღვევის შესაძლო პასუხისმგებლობაზე მიუთითებდეს.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორი განმარტების გზით მართებულად დატოვა სს „ე.-პ. ჯ-ას“ სააპელაციო საჩივარი განუხილველად, ხოლო კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია ისეთ გარემოებაზე, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი გახდებოდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს „ე.-პ. ჯ-ას“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.