№ას-597-563-2012 21 მაისი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ს.“
მოწინააღმდეგე მხარე - თ. გ-ი, მ. ფ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ბინის დაქირავებისათვის განსაზღვრული თანხის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. გ-მა და მ. ფ-ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ს.-ის“ მიმართ და მოითხოვეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება შემდეგი დასაბუთებით: 2007 წლის 26 ივნისს, თბილისში, დ-ის ქუჩა №15-ში არსებული საცხოვრებელი ბინების მესაკუთრეებს, მათ შორის, მოსარჩელეებსა და შპს „ს.“, შორის დაიდო ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის შესახებ, რომლის მიზანი იყო თბილისში, დ-ის ქუჩა №15-ში მრავალსართულიანი სახლის მშენებლობა. ხელშეკრულების შესაბამისად, მოსარჩელეების არაფულად შენატანად უნდა მიჩნეულიყო მათ საკუთრებაში არსებული ფართები, ხოლო მოპასუხის ვალდებულებას კი წარმოადგენდა მშენებლობის დაფინანსება, მისი ორგანიზება და წარმართვა. ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების დანართი №1-ის შესაბამისად, თ. გ-ს უნდა მიეღო 100-დან 110-მდე კვ.მ საცხოვრებელი ფართი და ერთი ავტომობილის გასაჩერებელი ადგილი საერთო ავტოსადგომში, ხოლო მ. ფ-ეს 60-დან 65-მდე კვ.მ საცხოვრებელი ფართი. ამასთან, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, მშენებლობის დასრულებამდე თ. გ-ის სასარგებლოდ გადაეხადა ყოველთვიური ქირა 200-250 აშშ დოლარი, ხოლო მ. ფ-ის სასარგებლოდ 150 აშშ დოლარი. თბილისში, დ-ის ქუჩა №15-ში მშენებლობა არ დასრულებულა. მოპასუხის მხრიდან არ სრულდება მის მიერ ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, მას თ.გ-ისათვის არ გადაუხდია 2011 წლის აპრილიდან 2011 წლის ივლისამდე ბინის ქირა 250 დოლარი, რაც საერთო ჯამში 850 დოლარია. რაც შეეხება, მოსარჩელე მ. ფ-ეს მას 2008 წლის ივნისიდან მიღებული აქვს მხოლოდ 8 თვის ქირა.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: შპს „ს.“ შესატანს წარმოადგენდა მშენებლობის დაფინანსება დამტკიცებული სამშენებლო დოკუმენტაციისა და ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, რაც ამხანმაგობის თავმჯდომარეს არ განუხორციელებია, მოპასუხე არ იყო ვალდებული, ეხადა ქირა ამხანაგობის წევრებისათვის, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ ხელშეკრულებას ქირის გადახდის შესახებ ხელს აწერს ამხანაგობის თავმჯდომარე და არა შპს „ს.-ის“ წარმომადგენელი. მოსარჩელე ქირას იღებდა ჯერ კიდევ 2007 წლის სექტემბრიდან, როცა ის საკუთარ სახლში ცხოვრობდა (აღნიშნული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი 2008 წლის სექტემბერში მოხდა) და გაურკვეველია, რატომ უნდა მომხდარიყო ბინის ქირის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. გ-ისა და მ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს ,,ს.” მოსარჩელე თ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1000 აშშ დოლარის და 2011 წლის 1 აგვისტოდან ყოველთვიურად 250 აშშ დოლარის ანაზღაურება თბილისში, დ-ის ქუჩა №15-ში მიმდინარე მშენებლობის დასრულებამდე. მოპასუხე შპს ,,ს.” მოსარჩელე მ. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 4350 აშშ დოლარისა და 2011 წლის 1 აგვისტოდან ყოველთვიურად 150 აშშ დოლარის ანაზღაურება თბილისში, დ-ის ქუჩა №15-ში მიმდინარე მშენებლობის დასრულებამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 მარტის განჩინებით შპს „ს.“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგი დასაბუთებით: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 თებერვლის განჩინებით შპს ,,ს.’’-ს საპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა და კანონით დადგენილი წესით განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 თებერვლის განჩინების ასლი აპელანტს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, მაგრამ ვერ ჩაჰბარდა მას, რის შემდეგაც, 2012 წლის 29 თებერვალს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად, შპს „ს.-ის“ დირექტორ ი. ბ-ს 2012 წლის 16 თებერვლის განჩინების შინაარსი სატელეფონო აქტით ეცნობა. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო აპელანტისთვის განჩინების ჩაბარებიდან მე-2 დღეს, 2012 წლის 1 მარტს და ამოიწურა 2012 წლის 12 მარტს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო და არც სხვა რაიმე შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რის გამოც, შპს ,,ს.-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ს.-მა“ შემდეგი დასაბუთებით: ი.ბ-ს სატელეფონო შეტყობინებით განჩინება არ ჩაჰბარებია, წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად იქნებოდა მისი მხრიდან რეაგირება, მით უმეტეს, სააპელაციო საჩივარში იყო მითითებული, რომ კომპანია არ არის ვალდებული, მოწინააღმდგე მხარეს უხადოს დაკისრებული თანხა. კერძო საჩივრის ავტორს ჰყავს თანამშრომლები, დაცვის სამსახური და ა.შ და იქ აღნიშნული განჩინების ჩაბარება პრობლემას არ წარმოადგენდა, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება ჩაბარებულად არ შეიძლება ჩაითვალოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს.-ს“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ მას არც სატელეფონო შეტყობინებით და არც გზავნილით რაიმე შეტყობინება არ ჩაჰბარებია. შპს „ს.-ს“ არ წარმოუდგენია კერძო საჩივარში მითითებული ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, ხოლო საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ 2012 წლის 29 თებერვალს შპს „ს.-ის“ დირექტორ ი. ბ-ს 2012 წლის 16 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად, სატელეფონო აქტით ჩაჰბარდა. შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 1 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 12 მარტს, სამუშაო დღეს - ორშაბათს.
ამდენად, კერძო საჩივრის ავტორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსწორების ათდღიანი ვადა დაარღვია, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი, ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დაცვით შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს „ს-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.