Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

№ას-603-569-2012 31 მაისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. წ-ე-ნ-ა (განმცხადებელი)

მოწინააღმდეგე მხარე – ჟ. ტ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სასაზღვრო მიჯნის დადგენა, უკანონო ნაგებობის დემონტაჟი

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ნ. წ-ე-ნ-ამ და მოითხოვა ამავე პალატის 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის ბათილად ცნობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 მარტის განჩინებით ნ. წ-ე–ნ-ას განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინების მეორე პუნქტის ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა აპელანტ ჟ. ტ-ის განცხადება სარჩელის გამოხმობისა და მისი განუხილველად დატოვების თაობაზე. ამავე განჩინების მეორე პუნქტით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება.

2012 წლის 21 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა ნ. წ-ე-ნ-ამ, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინების მეორე პუნქტის ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ თავისი განჩინებით ისე გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული არც ერთ მხარეს არ მოუთხოვია.

განმცხადებლის მითითებით, მართალია, იგი 2009 წლის 13 ნოემბერს წერილობით დაეთანხმა ჟ. ტ-ს სარჩელის გამოხმობის შუამდგომლობაზე, მაგრამ სასამართლომ საკითხი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ნ. წ-ე-ნ-ამ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინების მხოლოდ მეორე პუნქტის ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422–ე მუხლის თანახმად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. წ-ე-ნ-ას გასაჩივრებული განჩინება ჩაბარდა 2009 წლის 5 დეკემბერს, რაც მას კანონით მისთვის მინიჭებულ ვადაში კერძო საჩივრით არ გაუსაჩივრებია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ნ. წ-ე-ნ-ას განჩინების გასაჩივრების ვადა ამოეწურა 2009 წლის 17 დეკემბერს, რის შემდეგაც გასაჩივრებული განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის საფუძველზე პალატამ მიიჩნია, რომ განცხადებაში მითითებული საფუძვლები ნ. წ-ე-ნ-ასათვის ცნობილი იყო განჩინების ჩაბარების დღიდან. შესაბამისად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე განცხადებით მას კანონით დადგენილი წესით შეეძლო, სასამართლოსათვის მოემართა განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ნაცვლად ამისა, მან სასამართლოს მიმართა 2012 წლის 21 თებერვალს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის მიხედვით, პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება 2009 წლის 17 დეკემბერს შევიდა კანონიერ ძალაში, საიდანაც მხარეს წარმოეშვა განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების წარმოდგენის უფლება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ-ა-წ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით:

სასამართლომ მოცემული საქმე განიხილა მიკერძოებულად. მოსამართლემ მიუთითა, რომ კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვანა იყო არა მარტო 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინების მე-2 პუნქტის ბათილად ცნობა, არამედ საქმის წარმოების განახლებაც, რაც არასწორია. მოსამართლე ეცედაშვილს არ უნდა მიეღო მონაწილეობა საქმის განხილვაში და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, უნდა განეცხადებინა თვითაცილება, რადგან მან მონაწილეობა მიიღო მოცემული საქმის განხილვაში ჯერ 2009 წლის 20 ნოემბერს, ხოლო შემდეგ 2012 წლის 9 მარტს.

მხარეს არ დაურღვევია გადაწყვეტილების ბათილად ცნობის განცხადების შეტანის შესახებ საპროცესო ვადა, რადგან გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ 2012 წლის 15 თებერვალს, ხოლო განცხადება შეიტანა 2012 წლის 21 თებერვალს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ ნ. ნ-ა-წ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

ამავე კოდექსის 426-ე მუხლი პირველი ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ვადას და ადგენს, რომ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. მეორე ნაწილის მიხედვით კი, ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა და ნ. წ-ე-ნ-ას სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ 2009 წლის 20 ნოემბრის გასაჩივრებული განჩინება მას 2009 წლის 5 დეკემბერს ჩაბარდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 იანვრის განჩინებით მისი კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადის დარღვევის გამო, ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 17 დეკემბერს.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ განცხადებაში მითითებული საფუძვლები ნ. წ-ე–ნ-ასათვის ცნობილი იყო განჩინების ჩაბარების დღიდან. შესაბამისად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე განცხადებით მას კანონით დადგენილი წესით შეეძლო, სასამართლოსათვის მიემართა განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ნაცვლად ამისა, მან სასამართლოს მიმართა 2012 წლის 21 თებერვალს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახამად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

ამდენად, ნ. წ-ე-ნ-ას განცხადება მართებულად დარჩა განუხილველად და დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა უნდა ათვლილიყო 2012 წლის 15 თებერვლიდან, როდესაც მხარემ გადასინჯა სამოქალაქო საპროცესო კოდექსი და აღმოაჩინა 422-ე მუხლით გათვალისწინებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესაძლებლობა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონის არცოდნა, მისი მოთხოვნების შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი არ არის. ამასთან, ზემოხსენებული ნორმის შესაბამისად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნა თავისთავად გულისხმობს მოთხოვნას საქმის წარმოების განახლების შესახებაც. აღნიშნული არ წარმოადგენს გადაწყვეტილების გასაჩივრების კიდევ ერთ ეტაპს, არამედ მითითებული განცხადების შეტანა დასაშვებია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში და მისი დაკმაყოფილება ყოველთვის იწვევს საქმის წარმოების განახლებას. შესაბამისად, არასწორია კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა მისი მოთხოვნა გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე საქმის წარმოების განახლების მოთხოვნად.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას მოსამართლე თინათინ ეცედაშვილის მიერ თვითაცილების განხორციელების აუცილებლობის შესახებ, ვინაიდან ერთი და იმავე მოსამართლის მიერ ერთსა და იმავე ინსტანციის სასამართლოში დავის განხილვა მისი აცილების სამართლებრივ საფუძველს არ ქმნის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ უ ლ ო ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. წ-ე-ნ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.