№ას-610-576-2012 14 მაისი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. ს-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. მ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ქ. ს-ის კანონიერი წარმომადგენლის, ლ. მ-ის სარჩელი მოპასუხე გ. ს-ის მიმართ: გ. ს-ეს ლ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის – 2006 წლის 18 ნოემბერს დაბადებული ქ. ს-ის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტი 150 ლარის ოდენობით, 2011 წლის 24 ნოემბრიდან მის სრულწლოვანებამდე (ტომი 1, ს.ფ. 44-47).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ს-ემ. აპელანტმა მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისთვის დასაკისრებელი ალიმენტის ყოველთვიური ოდენობის 30 ლარით განსაზღვრა (ტომი 1, ს.ფ. 53-61).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 მარტის განჩინებით გ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, დადგენილ ვადაში აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო (ტომი 2, ს.ფ. 8-9).
2012 წლის 28 მარტს გ. ს-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა მისი სააპელაციო საჩივრის განხილვა (ტომი 2, ს.ფ. 14).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 აპრილის განჩინებით გ. ს-ის განცხადება დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2012 წლის 5 მარტის განჩინება, რომლითაც გ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ამ უკანასკნელს პირადად ჩაბარდა 2012 წლის 13 მარტს. კანონით დადგენილ 12-დღიან ვადაში გ. ს-ეს ხსენებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი არ შეუტანია. 2012 წლის 28 მარტს აპელანტმა ფოსტის საშუალებით განცხადებით მომართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა მისი სააპელაციო საჩივრის განხილვა. განმცხადებელმა მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ მან სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი ვერ შეავსო ავადმყოფობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. აღნიშნული საპროცესო ნორმის შინაარსიდან გამომდინარე და არსებული ფაქტობრივი რეალობის პირობებში, სააპელაციო სასამართლომ წარდგენილი განცხადება განუხილველად დატოვა (ტომი 2, ს.ფ. 20-21).
სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 4 აპრილის განჩინებაზე გ. ს-ემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ხარვეზის შევსება და სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 5 მარტის განჩინების გასაჩივრება ვერ შეძლო ავადმყოფობის გამო. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მხედველობაში უნდა მეიღო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის დანაწესი, რომელიც ითვალისწინებს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის აღდგენის შესაძლებლობას, იმ შემთხვევაში, თუკი საპროცესო მოქმედება არ შესრულდა საპატიო მიზეზით. აქედან გამომდინარე, საჩივრის ავტორი მოითხოვს სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 აპრილის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 მარტის განჩინებით გ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო. აღნიშნული განჩინება აპელანტს არ გაუსაჩივრებია და, შესაბამისად, იგი შესულია კანონიერ ძალაში. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გ. ს-ემ განცხადებით მიმართა სასამართლოს, განმარტა, რომ ავადმყოფობის გამო დროულად ვერ შეავსო ხარვეზი და მოითხოვა მისი სააპელაციო საჩივრის განხილვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 აპრილის განჩინებით გ. ს-ის განცხადება დატოვებულ იქნა განუხილველად.
მითითებული განჩინების გაუქმებას კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლით და მისთვის უნდა აღედგინა საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, ვინაიდან მან საპატიო მიზეზით, კერძოდ, ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო ხარვეზის შევსება, ხოლო შემდეგ კერძო საჩივრის შეტანა მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაზე. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს: ა) ხარვეზის შევსების ვადის აღდგენას და ბ) კერძო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა.
დასახელებული ნორმა ითვალისწინებს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის აღდგენის შესაძლებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი და, თუ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა.
მოცემულ შემთხვევაში, უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ კერძო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენა კანონით დაუშვებელია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე, ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა საჩივრის ავტორის მოთხოვნა კერძო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენის შესახებ. უსაფუძვლოა ასევე საჩივრის ავტორის მოთხოვნა ხარვეზის შევსების ვადის აღდგენის თაობაზე, ვინაიდან მის მიერ ხარვეზის შეუვსებლობას უკვე მოჰყვა შესაბამისი საპროცესო შედეგი, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. ეს განჩინება, როგორც აღინიშნა, კანონიერ ძალაშია შესული. მისი გადასინჯვა კი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წანამძღვრები (სსკ-ის 421.1 მუხლი). განსახილველ შემთხვევაში, ასეთი განცხადება წარმოდგენილი არ ყოფილა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ს-ის კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და იგი დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.