№ას-637-600-2012 21 მაისი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ე. ლ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - სს „... ბანკი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 მარტის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საბანკო კრედიტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს ,,... ბანკმა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. ლ-ის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: 2005 წლის 20 სექტემბერს სს „... ბანკსა“ და ე. ლ-ს შორის დაიდო ხელშეკრულება საბანკო კრედიტის შესახებ, რომლის თანახმადაც, მსესხებელს ბანკის მიერ კრედიტის სახით გადაეცა 5000 ლარი. მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ წლიურ სარგებელზე 24%-სა და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5 %-ის პირგასამტეხლოს ოდენობაზე. მსესხებელმა ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა და 2010 წლის 22 დეკემბრის მონაცემებით ე.ლ-ის დავალიანებამ ბანკის წინაშე შეადგინა 53607,73 ლარი.
მოპასუხე ე.ლ-მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით სს „... ბანკის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ე.ლ-ს დაეკისრა 13890.03 ლარის გადახდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
2012 წლის 27 მარტს სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი ე.ლ-ი, რომელიც პროცესის შესახებ გაფრთხილებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70–78–ე მუხლებით დადგენილი წესით. სს „... ბანკის“ წარმომადგენელმა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რაც 2012 წლის 27 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ე. ლ-ის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში მიღებულია 2011 წლის 22 ნოემბერს. საქმის ზეპირი განხილვის მიზნით პირველი სხდომა დაინიშნა 2012 წლის 17 იანვარს. ამ სხდომაზე წარმოდგენილ იქნა სამედიცინო ცენტრ ,,მ-ას” ექიმ ნ. ქ-ას მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, ე. ლ-ის დაკითხვა, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო. მისი ჯანმრთელობის დამადასტურებელ ცნობაზე დართული იყო #116/12 ცნობა ფორმა #100. 2012 წლის 17 იანვრის სხდომაზე სააპელაციო პალატამ იმსჯელა აღნიშნულ შუამდგომლობაზე და საქმის განხილვა გადადო გონივრული ვადით და პროცესი დაინიშნა 2012 წლის 14 თებერვალს, 12 საათზე. 2012 წლის 14 თებერვალს დანიშნულ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს კანცელარიის მეშვეობით ე. ლ-მა კვლავ წარმოადგინა განცხადება საქმის განხილვის გადადების თაობაზე. აღნიშნული განცხადების თანახმად, ე. ლ-ი იყო ავად, კერძოდ, მას სამედიცინო ცენტრ ,,მ-აში” ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული მკურნალობა, ვერ შესძლებდა საქმის განხილვაში მონაწილეობას და ითხოვდა საქმის განხილვის გადადებას სხვა დროისთვის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადასტურებლად განცხადებაზე დართული იყო სამედიცინო ცენტრ ,,მ-ას” ქირურგიული სამსახურის უფროსის ნინო წერუაშვილის წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმად, ე. ლ-ის გადაადგილება რეკომენდებული არ იყო. სააპელაციო პალატამ ე. ლ-ის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმის განხილვა გადადო და დანიშნა 2012 წლის 6 მარტს, 15 საათზე. 2012 წლის 6 მარტს დანიშნულ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს კანცელარიაში წარმოადგინა სამედიცინო ცენტრ ,,მ-ას” ქირურგიული სამსახურის უფროს ნინო წერუაშვილის წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმად, ე. ლ-ს სამედიცინო ცენტრ ,,მ-აში“ ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული მკურნალობა: მწვავე ნეკროზული პანკრენტიტისა და დიფუზური პერიტონიტის გამო. პაციენტი საჭიროებდა ამბულატორიულ პირობებში ანტიბაქტერიულ მკურნალობას და მისი გადაადგილება რეკომენდებული არ იყო. სააპელაციო პალატამ საქმის განხილვა გადადო და დანიშნა 2012 წლის 27 მარტს, 16 საათზე.
2012 წლის 27 მარტს სააპელაციო სასამართლოში კვლავ წარმოდგენილ იქნა სამედიცინო ცენტრ ,,მ-ას” ქირურგიული სამსახურის უფროსის, ნინო წერუაშვილის, წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმად, ე. ლ-ი საჭიროებდა ამბულატორიულ პირობებში ანტიბაქტერიულ მკურნალობას, კლინიკოლაბორატორიული ტესტების და მუცლის ღრუში ჩატოვებული დრენაჟის მონიტორინგს. აღნიშნული წერილის მიხედვით, ამჟამად ე. ლ-ი ემერჯენს განყოფილებაში იტარებს ინფუზიურ, დეტოქსიკაციურ თერაპიას. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილისა და ამავე კოდექსის 216–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ, სააპელაციო საჩივრის ავტორის გამოუცხადებლობის გამო, საქმის განხილვა სამჯერ გადაიდო, შესაბამისად, აპელანტს საკმაო დრო ჰქონდა წარმომადგენლის მეშვეობით დავის წარმოების საკითხის გადასაწყვეტად სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 280–ე მუხლის ,,გ“ პუნქტის და 281–ე მუხლის ,,ე“ შესაბამისად, მხარის ავადმყოფობის გამო საქმის წარმოება შეიძლება შეჩერდეს არა უმეტეს ორი თვის ვადით; მოცემული საქმე სასამართლოში შემოსულია 2011 წლის 22 აგვისტოს, სააპელაციო საჩივარი წარმოებაში მიღებულია 2011 წლის 22 ნოემბერს და ამ დროიდან საქმის განხილვა სამჯერ გადაიდო აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, ე.ი. გასულია საქმის წარმოების შეჩერების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ორთვიანი ვადა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის გამოუცხადებლობა მიმართულია საქმის განხილვის გაჭიანურებისაკენ და არ არსებობს საქმის განხილვის გადადების კანონით გათვალისწინებული საფუძველი, რადგან სასამართლოში არ არის წარმოდგენილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215–ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულება, სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 70-ე და 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ე.ლ-ის გამოუცხადებლობის და სს ,,... ბანკის” წარმომადგენლის მ.ჭიკაიძის შუამდგომლობის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ე. ლ-მა შემდეგი დასაბუთებით: 2012 წლის 17 იანვარს, 14 თებერვალს და ამავე წლის 6 მარტს საქმის გადადების საფუძველი გახდა ე.ლ-ის ავადმყოფობა, რაც დადასტურდა სამედიცინო ცენტრ „მ-ას“ მიერ გაცემული ცნობებით. 2012 წლის 27 მარტს გაიცა და წარდგენილ იქნა ასეთივე შინაარსის ცნობა სადაც აღნიშნული იყო, რომ კერძო საჩივრის ავტორი გადიოდა მკურნალობას. აღნიშნული ცნობა სააპელაციო პალატამ არ მიიჩნია საკმარის მტკიცებულებად, მაშინ, როდესაც მოცემული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო სხდომები ადრე გადაიდო. ამდენად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება არის უსაფუძვლო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ლ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო კოდექსის 376-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ განჩინებით სასამართლო განსაზღვრავს საქმის ზეპირი განხილვის დროს, რის შესახებაც მხარეებს ატყობინებს ამ განჩინების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში. მხარე ინფორმირებულად ითვლება, თუ გაეგზავნა შეტყობინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
კონკრეტულ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ კერძო საჩივრის ავტორი სასამართლო სხდომის შესახებ ინფორმირებული იყო კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. სადავოა, უნდა გაეთვალისწინებინა თუ არა სააპელაციო სასამართლოს ე.ლ-ის მიერ წარდგენილი ჯანმრთელობის ცნობა და უნდა გადაედო თუ არა აღნიშნული ცნობის საფუძველზე საქმის განხილვა სხვა დროისათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ანდა შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. ამავე კოდექსის 216-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით. ხოლო ამავე მუხლის ბოლო წინადადების შესაბამისად, მხარეები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ სასამართლოში საქმის დადგენილ ვადაში განხილვას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულება მხარეს არ წარმოუდგენია და, შესაბამისად, არ არსებობდა საქმის განხილვის გადადების საფუძველი. პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ ე.ლ-ის გამოუცხადებლობა მიმართული იყო საქმის განხილვის გაჭიანურებისაკენ.
ამასთან, საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მიუთითებს, რომ ე.ლ-ის მიერ წარდგენილი ჯანმრთელობის ცნობით არ დგინდება სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობა, რაც, შესაბამისად, ვერ გახდებოდა საქმის განხილვის გადადების საფუძველი. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ყოველი უფლება, მათ შორის, საპროცესოსამართლებრივი, გამოყენებულ უნდა იქნეს მართლზომიერად და კეთილსინდისიერად, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენებით არ უნდა დაირღვეს მეორე მხარის უფლება. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ სასამართლო სხდომის გადადების შესაძლებლობას, მაგრამ აღნიშნული არ ნიშნავს, რომ საქმის განხილვა დაუსრულებლად უნდა გადაიდოს. მოცემულ შემთხვევაში, ე.ლ-ის შუამდგომლობის საფუძველზე არაერთხელ იქნა გადადებული საქმის განხილვა შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე. სააპელაციო პალატამ საქმის განხილვა გადადო გონივრული ვადით აპელანტის ინტერესებიდან გამომდინარე და საქმის გარემოებების გათვალისწინებით. 2012 წლის 27 მარტს ე.ლ-ის შუამდგომლობა სხდომის კვლავ გადადებასთან დაკავშირებით, ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ იგი ემსახურება პროცესის გაჭიანურებას, რითაც ილახება მოწინააღმდეგე მხარის ინტერესები. მოცემულ შემთხვევაში, საქმის განხილვის არაერთხელ გადადება, წარმოადგენს არა მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის ინტერესების დარღვევას, არამედ, პროცესის გაჭიანურებასაც, რაც სასამართლოს მიერ საქმის განხილვისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის წინაპირობაა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, აპელანტის პროცეზე გამოუცხადებლობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. ლ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.