№ას-644-607-2012 24 მაისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. ძ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ლ-ა, ი. ც-ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მარტის განჩინება
დავის საგანი – მემკვიდრედ ცნობა, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარება, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი :
ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ძ-ას სარჩელი მოპასუხეების – ლ. ლ-ასა და ი. ც-ას მიმართ მემკვიდრედ ცნობის, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარებისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ძ-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მარტის განჩინებით მ. ძ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად კანონით დადგენილი სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გაშვების გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივით გაასაჩივრა ძ-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 მაისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული კერძო საჩივრის წარმოდგენა.
2012 წლის 23 მაისს მ. ძ-ამ წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და დასაბუთებული კერძო (საკასაციო) საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ძ-ას კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 4 მაისის განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მ. ძ-ას მის მიერ მითითებულ მისამართზე ჩაბარდა 2012 წლის 11 მაისს (ს.ფ.81). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 12 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 16 მაისს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
მოცემულ შემთხვევაში მ. ძ-ამ სახელმწიფო ბაჟი – 50 ლარი გადაიხადა 2012 წლის 18 მაისს (ს.ფ.91-92), ხოლო სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და დასაბუთებული კერძო (საკასაციო) საჩივარი ფასტას ჩააბარა 2012 წლის 19 მაისს (ს.ფ.93), ე.ი. სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს და კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 63-ე მუხლებით 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ძ-ას კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. კერძო საჩივრის ავტორ მ. ძ-ას (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ №... საგადახდო დავალებით 2012 წლის 18 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.