№ას-669-630-2012 28 მაისი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ი-გ“
მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „თ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ი-გ-ს“ მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი, ასევე მოხმარებული ელექტროენერგიის გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანების გადახდევინების მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: შპს „ი-გ“ არის მოსარჩელის აბონენტი და გააჩნია სააბონენტო ნომერი .... მხარეებს შორის 2010 წლის 30 ივლისს გაფორმდა დავალიანების გადახდის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოპასუხე აღიარებდა სააბონენტო ნომერზე არსებულ დავალიანებას და მზადყოფნას გამოთქვამდა ეს დავალიანება 12 თვის განმავლობაში გადაეხადა. შპს „ი-გ-მ“ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი პირობები - აღიარებული, გადანაწილებული თანხა და მოხმარებული ელექტროენერგიის მიმდინარე გადასახადი არასრულად გადაიხადა, რის გამოც, 2011 წლის ნოემბრის მდგომარეობით მისმა დავალიანებამ საერთო ჯამში 25771.95 ლარი შეადგინა.
წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო მოპასუხე შპს „ი-გ-მ“ და მიუთითა, რომ ნებისმიერი სადავო საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო მოლაპარაკების გზით. მოსარჩელეს არ მოუმართავს წერილობით აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით სს „თ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს ,,ი-გ-ს“ სს ,,თ-ის” სასარგებლოდ 2010 წლის 30 ივლისის ,,დავალიანების გადახდის შესახებ” ხელშეკრულებიდან გამომდინარე 7940 ლარისა და 85 თეთრის და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის 17 831 ლარისა და 10 თეთრის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
2012 წლის 12 აპრილის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით განუხილველი დარჩა შპს „ი-გ-ს“ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი შემდეგ გარემოებათა გამო: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 1030,8 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოში წარმოდგენა. მასვე განემარტა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მარტის განჩინების ასლი აპელანტს გაეგზავნა იმავე დღეს მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე. აღნიშნულ მისამართზე აპელანტს გზავნილი ვერ ჩაჰბარდა და 2012 წლის 22 მარტს გზავნილი გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე. შეტყობინების ბარათით გზავნილის ჩაბარების შესახებ დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მარტის განჩინების ასლი 2012 წლის 24 მარტს ჩაჰბარდა აპელანტის წარმომადგენლის სიდედრს - ზ. შ-ს. ნბაპელანტის წარმომადგენელმა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მიმართა მხოლოდ 2012 წლის 6 აპრილს, ანუ ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10 - დღიანი ვადის დარღვევით, ვინაიდან ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის ბოლო დღე იყო 2012 წლის 3 აპრილი.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ი-გ-მ“ და მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მერვე ნაწილისა და 74-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ი-გ-ს“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, მხარეს გარანტირებული აქვს უფლება, რომ საქმე აწარმოოს სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. ამავდროულად, კანონი (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი) ავალდებულებს სასამართლოს, საპროცესო მოქმედებების თაობაზე გააფრთხილოს პროცესში მონაწილე სუბიექტთაგან ერთ-ერთი მათგანი: ან მხარე, ან უფლებამოსილი წარმომადგენელი, რის შედეგადაც ამ მხარეზე მონაწილე ყველა პირი განსახორციელებელ საპროცესო მოქმედების თაობაზე, გაფრთხილებულად ჩაითვლება.
კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შპს „ი-გ-ს“ სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 1030,8 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენა. აღნიშნული განჩინება შპს „ი-გ-ს“ წარმომადგენელ გელა ფერაძეს კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, უწყების ჩაბარება ოჯახის ქმედუნარიანი წევრისათვის (ამ კონკრეტულ შემთხვევაში ზ.შ-ისათვის) უთანაბრდება თავად ადრესატისათვის ჩაბარებას და ერთნაირი სამართლებრივი შედეგები მოჰყვება. აქედან გამომდინარე, ხარვეზის გამოსწორების ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 25 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 3 აპრილს. შპს „ი- -გ-მ“ კი ხარვეზი შეავსო მითითებული ვადის დარღვევით, 2012 წლის 6 აპრილს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. კანონის დასახელებული ნორმებიდან ასევე გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რომელთა შესრულების ვადებიც კანონმდებელმა დააწესა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს „ი-გ-ს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.