№ას-682-641-2012 11 მაისი 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
მოსამართლე: მაია სულხანიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით ც. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილ პირთა მიერ 2011 წლის 19 აგვისტოს აღწერილი და დაყადაღებული ნივთებიდან ყადაღისაგან გათავისუფლდა ც. ც-ის საკუთრებაში არსებული შემდეგი ნივთები - HITACHI და ტელევიზორი – WESTELI. დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და ც. ც-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 მარტის განჩინებით ც. ც-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად თვლის, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორს გასაჩივრებული განჩინების ასლი გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2012 წლის 10 აპრილს ე. დ-ას (ტ. II ს.ფ. 158). აქედან გამომდინარე განჩინების გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2012 წლის 23 აპრილს, ხოლო მან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა 2012 წლის 30 აპრილს, რითაც დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, ანუ გაშვებულ იქნა გასაჩივრების 12 დღიანი საპროცესო ვადა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული და იგი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.