№ას-685-644-2012 10 მაისი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე:
ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ბმა „ამხანაგობა ...ა“
წარმომადგენელი – შ. ჯ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ჩ-ე, ა., დ. და ა. კ-იები
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – აღსრულების წესის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ჩ-ემ, ა., დ. და ა. კ-იებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ამხანაგობა ...ა-ს“ (ყოფილი №... კ-ის) მიმართ და მოითხოვეს „ამხანაგობა ...ა-ს“ წევრად აღიარება, ქ.ბათუმში, რ-ას ქ№8-ში მდებარე, ამხანაგობის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან _ 70 კვ.მ ფართის მთლიანი ნაგებობის 1/53-ის მიკუთვნება და მოპასუხის დავალდებულება მოსარჩელეთათვის წილობრივი მონაცემების შესაბამისად ქონების გამოყოფა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეები აღიარებნულ იქნენ „ამხანაგობა ...ა-ს“ წევრებად და შესაბამისი ცვლილებები შევიდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ამხანაგობა ...ა-ს“ საწესდებო დოკუმნეტაციაში, ხოლო ქ.ბათუმში, რ-ას ქ№8-ში მდებარე „ამხანაგობა ...ა-ს“ საკუთრებად რეგისტრირებული ფართიდან 70-კვ.მ ფართის (სახლის 1/53) მიკუთვნებისა და ამ წილის მოსარჩელეთათვის რეალურად გამოყოფის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება წილის მიკუთვნებისა და მისი ქონების რეალურად გამოყოფის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ჩ-ის, ა., დ. და ა. კვირკვრლიების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეებს მიეკუთვნათ ქ.ბათუმში, რ-ას ქ№8-ში მდებარე „ამხანაგობა ...ა-ს“ საკუთრებად რეგისტრირებული სახლის 35 კვ.მ ფართის შესაბამისი წილი და ამხანაგობას დაევალა მოსარჩელეთათვის წილობრივ საკუთრებაში არსებული ქონების რეალურად გამოყოფა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა „ამხანაგობა ...ა-ს“ წარმომადგენელმა შ. ჯ-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინებით კასატორის წარმომადგენელ შ. ჯ-ის განცხადება დარღვეული საპროცესო ვადის საპატიოდ მიჩნევისა და ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ამხანაგობა ...ა-ს“ საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.
2011 წლის 2 ნოემბერს ლ. ჩ-ემ, ა., დ. და ა. კ-იებმა ჩაიბარეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების გერბიანი ბეჭდით დამოწმებული ასლი და სააღსრულებო ფურცელი.
2012 წლის 12 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს ლ. ჩ-ემ, ა., დ. და ა. კ-იებმა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 მარტის განჩინებით ლ. ჩ-ის, ა., დ. და ა. კ-იების განცხადება არ დაკმაყოფილდა
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ლ. ჩ-ემ, ა., დ. და ა. კ-იებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 მარტის განჩინება 2012 წლის 18 აპრილს ჩაბარდა - დ. კ-იას.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრებისათვის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით იმპერატიულად დადგენილი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 19 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 30 აპრილს. კერძო საჩივრის ავტორებმა კი სასამართლოს მიმართეს 2012 წლის 1 მაისს, კერძო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი ვადის დარღვევით. აღნიშნული გარემოება კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 416-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. ჩ-ის, ა., დ. და ა. კ-იების კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.