№ას-686-645-2012 28 მაისი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ. კ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ხ. გ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – წილის ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხ. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. კ-ის მიმართ 2009 წლის 30 ივნისის წილის ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლისა და ლ. კ-ის სახელზე რეგისტრირებული შპს „ე. ჯ-ის“ 50% წილის ხ. გ-ის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, ამასთან, ვინაიდან შესაგებელი წარმოდგენილ იქნა დაგვიანებით, სასამართლომ მოისმინა მხოლოდ მოპასუხის სამართლებრივი შეფასება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით ხ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოიშალა 2009 წლის 30 ივნისის წილის ნასყიდობის ხელშეკრულება და ხ. გ-ს საკუთრებაში გადაეცა ლ. კ-ის სახელზე რეგისტრირებული შპს „ე. ჯ-ის“ (ს/კ ...) 50% წილი.
საქალაქო სასამართლოს გადაწტყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 აპრილის განჩინებით ლ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეში არსებულ 2012 წლის 27 მარტის განჩინებაზე, რომლითაც ლ. კ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, აპელანტს განესაზღვრა საპროცესო ვადა 5 დღით და დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარის გადახდა. საქმეში წარმოდგენილი გზავნილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 27 მარტის განჩინება ჩაბარდა ლ. კ-ის მეუღლე მ.ლ-ეს 2012 წლის 4 აპრილს. პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვინაიდან მოცემული ნორმების მოქმედება განჩინების ჩაბარების შემთხვევებზეც ვრცელდება, ჩათვალა, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება ჩაბარებულად ითვლება ლ. კ-ისათვის 2012 წლის 4 აპრილს, ხოლო ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის ათვლა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაიწყო 2012 წლის 5 აპრილიდან და, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვინაიდან ვადის უკანასკნელი დღე - 2012 წლის 9 აპრილი დაემთხოდა დასვენების დღეს, ამოიწურა 2012 წლის 10 აპრილს, შესაბამისად, ხარვეზის შევსების უფლებამოსილება აპელანტს გააჩნდა 2012 წლის 10 აპრილის ჩათვლით. საქმის მასალებით სასამართლომ დასტურულად მიიჩნია დადგენილ ვადაში აპელანტის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ლ. კ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების მიღების საფუძველი გახდა სახელმწიფო ბაჟის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელობა, აღნიშნული არასწორია, რადგანაც აპელანტმა სახელმწიფო ბაჟი სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის დაცვით 2012 წლის 10 აპრილს გადაიხადა, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.
კერძო საჩივრის ავტორმა მტკიცებულების სახით წარადგინა 2012 წლის 10 აპრილის №1 საგადახდო დავალების დამოწმებული ასლი სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპატრამენტის საგირავნო-სადეპოზიტი ანგარიშზე ჩარიცხვის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
განსახილველი საქმის მასალებით დადასტურებულია და ამას არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო პალატის 2012 წლის 27 მარტის განჩინება გაეგზავნა აპელანტს ქ.თბილისში, გ.ჭანტურიას ქ№12-ში და იგი ადრესატს არ ჩაბარდა მისი მოუძიებლობის გამო, სასამართლო კორესპოდენცია აპელანტს განმეორებით გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2012 წლის 4 აპრილს ჩაბარდა ადრესატის მეუღლე მ.ლომიძეს, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, უშუალოდ აპელანტისათვის ჩაბარებად მიიჩნევა. სადავო არაა ის გარემოებაც, რომ სააპელაციო პალატის 2012 წლის 27 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტით აპელანტს სრულყოფილად განემარტა საპროცესო მოქმედების განხორციელების წესი: განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის – 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას და თვლის, რომ სასამართლომ არსებითად სწორად განმარტა კანონი, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმადაც, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადედბით კი დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლო გამოიტანს განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატვების თაობაზე, თუ დაადგენს, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა. კანონდებელი აღნიშნული დანაწესების შემოღებით ზუსტად და ამომწურავად განსაზღვრავს სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის დაშვების წინაპირობებს და ამ წინაპირობების არარსებობის შემთხვევაში, იმპერატიულად ადგენს საჩივრის დაუშვებლად ცნობის აუცილებლობას. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სწორად გამოთვალა საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და დასასრული, ამასთან, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების დასრულებამდე ხარვეზის გამოსწორების დამადასტურებელი მტკიცებულება - სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითარი არ ყოფილა წარდგენილი, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინებით ქვემდგომმა სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველად ლ. კ-ის სააპელაციო საჩივარი.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ არსებობს სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 17 აპრილის განჩინების გაუქმების საფუძველი, რადგანაც აპელანტმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება დადგენილ ვადაში განახორციელა და განმარტავს შემდეგს: ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო პალატის 2012 წლის 27 მარტის განჩინებაში ხაზგასმითაა მითითებული, რომ მხარე ვალდებული იყო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 5-დღიან ვადაში სასამართლოში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის დამადასტურებელი მტკიცებულება. საკასაციო პალატის აღნიშნული განმარტება დადგენილია უზენაესი სასამართლოს სტაბილური ერთგვაროვანი პრაქტიკითაც, სადაც მსგავსი შემთხვევისას სასამართლომ არ ჩათვალა გამოსწორებულად ხარვეზი, როდესაც მხარემ სახელმწიფო ბაჟი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადა და დაარღვია სასამართლოს ინფორმირების ვადა ამ საპროცესო მოქმედების განხორციელებისას (იხ.სუსგ 2010 წლის 12 აპრილი, საქმე №ას-191-182-2010 ჯ-ე), ამასთანავე, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ კერძო საჩივარზე დართული სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრით, მართალია, დასტურდება ლ. კ-ის მიერ საქართველოს იუსტიციის საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის 2012 წლის 10 აპრილს ჩარიცხვის ფაქტი, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებულად მიჩნევის წინაპირობა არაა სასამართლოს არაინფორმირების გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. კ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობას.
ლ. კ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სააპელაციო საჩივრის გამო 2012 წლის 10 აპრილს №1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხული სახელმწიფო ბაჟი – 5000 ლარი, რადგანაც, სამოქალაქო საპროცეო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ლ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად და მან კერძო საჩივარს დაურთო სააპელაციო პალატის 2012 წლის 27 მარტის განჩინებით დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დამოწმებული ასლი, ამასთან, რადგანაც საკასაციო პალატის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება, საკასაციო პალატა თვლის, რომ აპელანტს სრულად უნდა დაუბრუნდეს ქვითარში მითითებული თანხა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. ლ. კ-ს (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) 2012 წლის 10 აპრილს №1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხული სახელმწიფო ბაჟი – 5000 ლარი. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.