Facebook Twitter

№ას-689-646-2012 14 მაისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი – მ. ი-ე

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ბ-ე

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატაში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. ბ-ემ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ მიუღებელი ხელფასის – 788,30 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით დ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, სსიპ შემოსავლების სამსახურს დ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების სახით 788,30 ლარის ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სსიპ შემოსავლების სამსახურმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს მითითებული განჩინება სსიპ შემოსავლების სამსახურმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მიუთითა, რომ მოცემული დავა ადმინისტრაციული წესით განსახილველი იყო, რის გამოც განსჯად სასამართლოს უნდა დაბრუნებოდა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ მოცემული დავა ადმინისტრაციული წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიას მიეკუთვნება.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტებით, ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიის დავად მიჩნევისათვის არსებითი და გადამწყვეტია სწორედ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ნორმატიული ელემენტი – დავის გამომდინარეობა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

განსახილველ საქმეზე მოპასუხე ორგანიზაცია საჯარო სამართლის იურიდიული პირია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტებით (იხ. განჩინება Nბს-132-123(კ-07)), საჯარო სამართლის იურიდიული პირის რიგითი თანამშრომლისაგან განსხვავებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი ან კანონით (პრეზიდენტის ბრძანებულებით) განსაზღვრული სახელმწიფო მმართველობის ორგანო (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით, ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს _ შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო). ამდენად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება ხდება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადო აქტით, ანუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის სამუშაოზე აღდგენის შესახებ დავა წარმოადგენს ადმინისტრაციული კატეგორიის დავას, რომელიც განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

ამდენად, დიდი პალატის პოზიციით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში მხოლოდ ხელმძღვანელი პირის შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული დავაა ადმინისტრაციული წესით განსჯადი. განსახილველ შემთხვევაში ცალსახაა, რომ დ. ბ-ე ასეთ პირს არ წარმოადგენს, მასზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება და ვერც მასთან არსებული შრომითი ურთიერთობის შედეგად წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურებასთან დაკავშირებული დავა იქნება ადმინისტრაციული წესით განსჯადი, ამდენად, მოცემული საქმე სააპელაციო წესით განსჯადმა სასამართლომ განიხილა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის მიხედვით სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესი დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე დავის საგნის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით.

განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ დავის საგნის ღირებულება 788,30 ლარია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი განუხილველად მართებულად დატოვა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე, 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.