№ას-727-683-2012 17 მაისი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე:
ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - რ. ს-ი
მოწინააღმდეგე მხარე - ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - უფლებამონაცვლის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 31 მარტს სსიპ „ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ რექტორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების შესახებ განცხადებით მიმართა.
ზემოაღნიშნული სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით მითითებული განცხადება დაკმაყოფილდა, რ. ს-ს სსიპ „ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის“ სასარგებლოდ 364,32 ლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნულ განჩინებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
2012 წლის 26 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მიმართა ა(ა)იპ ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა მისი სსიპ ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის უფლებამონაცვლედ ცნობისა და ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 აპრილის განჩინებით ა(ა)იპ ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განცხადება დაკმაყოფილდა; ა(ა)იპ ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ცნობილ იქნა განმცხადებლის სსიპ ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის უფლებამონაცვლედ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 თებერვლის განჩინებაზე სააღსრულებო ფურცელი გაიცა ა(ა)იპ ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სახელზე.
აღნიშნული განჩინება რ. ს-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 აპრილის განჩინება რ. ს-ს ჩაბარდა 2012 წლის 24 აპრილს. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს კანონის მიერ დადგენილი 12 დღიანი ვადა 2012 წლის 6 მაისს ამოეწურა. აღნიშნული დღე იყო კვირა - დასვენების დღე, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვალა მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე – 7 მაისი, ორშაბათი. რ. ს-მა სასამართლოს მომართა 2012 წლის 8 მაისს, კანონის მიერ დადგენილი ვადის დარღვევით. აღნიშნული გარემოება კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 402-ე, 396-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ. ს-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება;