Facebook Twitter

№ა-1408-ა-8-2012 24 მაისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – მ. წ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ჩ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 იანვრის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ჩ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. წ-ას წინააღმდეგ და მოითხოვა ქ. თბილისში, ხ-ის მიმდებარე ტერიტორიის მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მისთვის გადაცემა შემდეგი საფუძვლებით: სარჩელის თანახმად, მ. ჩ-მა 2008 წლის 29 ოქტომბერს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. თბილისში, ხ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიძინა საცხოვრებელი სახლი (საცხოვრებელი ფართით – 20.40 კვ.მ, საერთო ფართობით 44.54 კვ.მ, მიწის ფართობით 369 კვ.მ), და მესაკუთრედ აღირიცხა საჯარო რეესტრში. მოპასუხე მ. წ-ა, ოჯახთან ერთად, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ცხოვრობს აღნიშნულ ტერიტორიაზე, რითაც მოსარჩელეს უზღუდავს საკუთრების განკარგვას და ფლობას.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მ. ჩ-ს საკუთრების უფლება მოპოვებული აქვს ყალბი დოკუმენტის საფუძველზე, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე მ. წ-ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მ. ჩ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ხ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე და მოსარჩელეს გამოთავისუფლებული გადაეცა.

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. წ-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით მ. წ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ჩ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოპს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. წ-ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ. თბილისში, ხ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მ. ჩ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს.

2012 წლის 2 აპრილს მ. წ-ამ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით: განმცხადებლის განმარტებით, 2009 წელს მ. ჩ-ის მიერ შეტანილ სარჩელზე საქმის მსვლელობის პერიოდში (ბინა ძველი მესაკუთრის, პ. ბ-ის სახელზე ირიცხებოდა), მან ხელმეორედ გაიფორმა აღნიშნული ბინა თავის სახელზე, რაც საფუძვლად დაედო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებას, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა. 2012 წლის 27 თებერვალს, დასახელებული გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ, მას გადაეცა შსს-ს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამმართველოს ექსპერტის დასკვნა, რომლითაც დასტურდება პ. ბ-ის სახელზე საკუთრების უფლების დამდგენი საბუთის (საცხოვრებელი სახლის ტექპასპორტი) სიყალბე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ. წ-ამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, დ. ს-ს წარმომადგენელ ლ. ჩ-ის განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. წ-ას განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ.

დასახელებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად შეიძლება დაედოს ისეთი გარემოებები, რომელებიც ადასტურებენ იმ მტკიცებულებათა სიყალბეს და არასარწმუნოობას, რომლებსაც ემყარება გასანახლებელ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება და რომელთა სიყალბე და არასარწმუნოობა დამტკიცებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით.

განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი მ. წ-ა ახლად აღმოჩენილ გარემოებად უთითებს საქართველოს შსს-ს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამმართველოს ექსპერტის დასკვნას პ. ბ-ის სახელზე საკუთრების უფლების დამდგენი საბუთის (საცხოვრებელი სახლის ტექპასპორტი) სიყალბის დადგენის თაობაზე, რაც ვერ მიიჩნევა მითითებული მუხლის მიხედვით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად, ვინაიდან დასახელებული ნორმა პირდაპირ უთითებს, რომ დოკუმენტის სიყალბე დამტკიცებული უნდა იყოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე, 423-ე, 430-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. წ-ას განცხადება ახალად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 230 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.