№ა-1189-b-6-2012 21 მაისი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – ა(ა)იპ გორის სასწავლო უნივერსიტეტი
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ტ-ე
გასაჩივრებული განჩინება - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 თებერვლის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – საკასაციო საჩივრის განხილვა, უსწორობის გასწორება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სსიპ გორის სასწავლო უნივერსიტეტს ზ. ტ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად 550 ლარის გადახდა 2008 წლის 16 სექტემბრიდან 2009 წლის 06 სექტემბრამდე პერიოდისათვის, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ გორის სასწავლო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გააჩივრა ა(ა)იპ გორის სასწავლო უნივერსიტეტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ზ. ტ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 თებერვლის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული ა(ა)იპ გორის სასწავლო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი.
2012 წლის 20 მარტს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა (ა)იპ გორის სასწავლო უნივერსიტეტმა და მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის განხილვა, რომელიც განუხილველად დარჩა ზემოხსენებული განჩინებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 მარტის განჩინებით ა(ა)იპ გორის სასწავლო უნივერსიტეტს დაუდგინდა ხარვეზი განცხადებაზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში წარმოედგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“, ,,ე“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა დაცვით შედგენილი განცხადება და შესაბამისი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
2012 წლის 19 აპრილს ა(ა)იპ გორის სასწავლო უნივერსიტეტმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2012 წლის 17 თებერვლის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ გორის სასწავლო უნივერსიტეტის განცხადება მისი საკასაციო საჩივრის განხილვის შესახებ (საქმის წარმოების განახლების შესახებ) განუხილველად უნდა დარჩეს, ხოლო განცხადება განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება არ დააკმაყოფილებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება აღარ დაიშვება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 მარტის განჩინებით ა(ა)იპ გორის სასწავლო უნივერსიტეტს დაუდგინდა ხარვეზი განცხადებაზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში წარმოედგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“, ,,ე“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა დაცვით შედგენილი განცხადება და შესაბამისი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
ზემოხსენებული განჩინება კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა ა(ა)იპ გორის სასწავლო უნივერსიტეტს 2012 წლის 10 აპრილს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 11 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 17 აპრილს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში განმცხადებელს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ა(ა)იპ გორის სასწავლო უნივერსიტეტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს.
საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 თებერვლის განჩინების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შემთხვევაშიც, ა(ა)იპ გორის სასწავლო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარება შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397.1 მუხლის ახალი რედაქციით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი უთითებს, რომ ა(ა)იპ გორის სასწავლო უნივერსიტეტს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ჩაბარდა 2012 წლის 12 იანვარს და არა 2011 წლის 23 დეკემბერს, როგორც ეს საკასაციო სასამართლომ მიიჩნია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, განმცხადებლის ზემოაღნიშნული მოსაზრების გაზიარების შემთხვევაშიც, ა(ა)იპ გორის სასწავლო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილი 21-დღიანი ვადის დარღვევით, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 13 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 02 თებერვალს, რომელიც იყო სამუშაო დღე - ხუთშაბათი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა(ა)იპ გორის სასწავლო უნივერსიტეტმა საკასაციო საჩივარი წარადგინა 2012 წლის 03 თებერვალს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.3 მუხლის შესაბამისად.
ა(ა)იპ გორის სასწავლო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან მიმართებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397.1 მუხლის ახალი რედაქციის გამოყენების თაობაზე საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარატოს შემდეგი:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომელიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს. იგივე შინაარსის დანაწესს შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 435-ე მუხლი. მითითებული ნორმებით, კანონმდებელი განსაზღვრავს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოქმედებას დროში, საიდანაც გამომომდინარეობს შემდეგი დასკვნა: სამოქალაქო საპროცესო კანონს უკუქცევითი ძალა არა აქვს, სასამართლომ უნდა გამოიყენოს ახალი კანონი, დამოუკიდებლად იმისა, საქმის განხილვა დაიწყო თუ არა ძველი საპროცესო კანონმდებლობის მოქმედების პირობებში. ისეთი საპროცესო მოქმედებები, რომლებიც ახალი კანონდებლობის ამოქმედების პირობებში უნდა განხორციელდეს, შესრულდება არა ძველი, არამედ ახალი კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, მართალია, გასაჩივრებული განჩჲნების სარეზოლუციო ნაწილით მხარეებს განემარტათ, რომ განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენდა ერთ თვეს, მაგრამ ამ განჩინების ასლის კასატორისათვის ჩაბარების დროს, საიდანაც უნდა აითვალოს საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397.1 მუხლი მოქმედებდა ახალი რედაქციით, რომლითაც ახლებურად განისაზღვრა საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ გორის სასწავლო უნივერსიტეტს საკასაციო საჩივრის შეტანის უფლება გააჩნდა ახალი კანონით დადგენილ 21-დღიან ვადაში. სასამართლოს აღნიშნული განმარტება შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკას (იხ. სუსგ. №ას-58-57-2010, 3 თებერვალი 2010 წელი; ას-204-197-2012, 14.02.2012; ას-719-675-2012, 18.05.2012; ას-273-264-2012, 21.02.2012).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 თებერვლის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.
განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 თებერვლის განჩინების შესავალ ნაწილში დაშვებულია უსწორობა, კერძოდ, დავის საგნად მითითებულია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ნაცვლად ზიანის ანაზღაურებისა, რაც გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების კანონით გათვალისწინებულ წინაპირობას წარმოადგენს.
განმცხადებელი მოითხოვს ასევე, რომ გასწორდეს საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების სამოტივაციო ნაწილში დაშვებული უსწორობა, რაც, განმცხადებლის მოსაზრებით, იმაში მდგომარეობს, რომ განჩინებაში გაკეთებულია არასწორი დასკვნა ა(ა)იპ გორის სასწავლო უნივერსიტეტს საკასაციო საჩივრის კანონდარღვევით შეტანის თაობაზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებლის ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება სცილდება უსწორობის გასწორების კანონით გათვალისწინებულ მიზნებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.3-ე, 399-ე, 372-ე, 260-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა(ა)იპ გორის სასწავლო უნივერსიტეტის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩეს განუხილველად;
2. ა(ა)იპ გორის სასწავლო უნივერსიტეტის განცხადება განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
3. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 თებერვლის განჩინებაში დაშვებული უსწორობა, კერძოდ, განჩინების შესავალ ნაწილში დავის საგანი: სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, გასწორდეს დავის საგნით: ზიანის ანაზღაურება.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.