Facebook Twitter
#as-110-389-08

№ა-1596-ბ-9-2012 16 მაისი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – თ. ფ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ფ-ე, აჭარის ა/რ პროკურატურა

განმცხადებლის მოთხოვნა – საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 დეკემბრის განჩინებით თ. და ი. ფ-ეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს თ. და ი. ფ-ეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მათი სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მარტის განჩინებით ი. და თ. ფ-ეების საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

2012 წლის 17 აპრილს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა თ. ფ-ემ და მოითხოვა საკასაციო საჩივრის განხილვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 25 აპრილის განჩინებით თ. ფ-ეს დაუდგინდა ხარვეზი განცხადებაზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“, ,,ე“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა დაცვით შედგენილი განცხადების და შესაბამისი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ფ-ის განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება არ დააკმაყოფილებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება აღარ დაიშვება.

ამავე კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 აპრილის განჩინებით თ. ფ-ეს დაუდგინდა ხარვეზი განცხადებაზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“, ,,ე“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა დაცვით შედგენილი განცხადების და შესაბამისი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.

საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება განმცხადებელს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე და 2012 წლის 01 მაისს ჩაბარდა განმცხადებლის მეუღლეს, რაც ითვლება განმცხადებლისათვის გზავნილის ჩაბარებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74.1 მუხლის შესაბამისად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 2 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 7 მაისს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში განმცხადებელს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან თ. ფ-ემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ფ-ის განცხადება დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.