Facebook Twitter

№ვ-211-ბ-10-2012 23 მაისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განცხადების ავტორი – მ. დ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2012 წლის 15 თებერვლის განჩინება

დავის საგანი – კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2011 წლის 10 თებერვალს მ. დ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებისა საქმის წარმოების განახლების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 5 ივლისის განჩინებით მ. დ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. დ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 5 ივლისის განჩინება.

2011 წლის 21 სექტემბერს მ. დ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა მოცემული საქმის განხილვისაგან მოსამართლე გ.გოდერძიშვილის აცილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით განცხადება დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ იგი წარდგენილი იყო საპროცესო ვადის დარღვევით.

2011 წლის 26 ოქტომბერს მ. დ-ემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა მოსამართლის აცილების თაობაზე წადგენილი განცხადების განხილვის საპროცესო ვადის აღდგენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ნოემბრის განჩინებით მ. დ-ის განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. დ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 თებერვლის განჩინებით მ. დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა საქმის წარმოების დასრულების შემდეგ, კერძოდ, 2011 წლის 19 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მ. დ-ის კერძო საჩივარი, ხოლო განცხადება შეტანილ იქნა 2011 წლის 26 ოქტომბერს, სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, მ. დ-ის განცხადება სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობდა კერძოO საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

2012 წლის 28 მარტს მ. დ-ემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 თებერვლის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე მაია სულხანიშვილს არ ჰქონდა უფლება მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში, ვინაიდან მის მიმართ წარდგენილი ჰქონდა სადისციპლინო საჩივარი, რითაც მას წარმოეშვა თვითაცილების ვალდებულება, რაც მოსამართლე მაია სულხანიშვილს არ განუხორციელებია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მ. დ-ის განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში.

დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოსამართლის მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში დაუშვებელია, თუ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე, 30-ე და 31-ე მუხლებით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები, აგრეთვე, თუ მოსამართლე არ იყო დანიშნული კანონის შესაბამისად ან გასული იყო მისი უფლებამოსილების ვადა.

განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებლის მტკიცებით, მოსამართლე მაია სულხანიშვილს მისი კერძო საჩივრის განხილვაში მონაწილეობის მიღების უფლება არ ჰქონდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვინაიდან მ. დ-ეს მის მიმართ წარდგენილი ჰქონდა სადისციპლინო საჩივარი, რითაც მას წარმოეშვა თვითაცილების ვალდებულება, რაც მოსამართლე მაია სულხანიშვილს არ განუხორციელებია.

საკასაციო პალატა ამ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემომითითებული მუხლების მიხედვით, მოსამართლეს გადაწყვეტილების გამოტანაში მონაწილეობის მიღება ეკრძალება, თუ იგი მანამდე რაიმე სტატუსით მაინც მონაწილეობდა მხარეებს შორის არსებული დავის განხილვაში (საქმეს განიხილავდა ქვემდგომ ინსტანციაში, თავად იყო მხარე ან მხარის წარმომადგენელი, ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი ან სხდომის მდივანი და ა.შ. პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთის გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში) მოცემულ შემთხვევაში კი, ის გარემოება, რომ მ. დ-ეს მაია სულხანიშვილის მიმართ სადისციპლინო საჩივარი ჰქონდა წარდგენილი, არ ქმინდა მოსამართლე მაია სულხანიშვილის საქმის განხილვაში მონაწილეობის დამაბრკოლებელ გარემოებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე, 423-ე, 430-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. დ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 თებერვლის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება