№ვ-316-b-11-2012 30 მაისი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – ო. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – მ. კ-ა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 დეკემბრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ო. კ-მა მოპასუხე მ. კ-ას მიმართ და მოითხოვა უკანონო ხელშეშლის აღკვეთა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ო. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. კ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ო. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ო. კ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 მარტის განჩინებით ო. კ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.
2012 წლის 7 მაისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ო. კ-მა და მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის განხილვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 მაისის განჩინებით ო. კ-ს დაუდგინდა ხარვეზი განცხადებაზე და დაევალა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა დაცვით შედგენილი განცხადებისა და შესაბამისი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
2012 წლის 23 მაისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ო. კ-მა და წარმოადგინა 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ო. კ-ის განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება არ დააკმაყოფილებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება აღარ დაიშვება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 მაისის განჩინებით ო. კ-ს დაუდგინდა ხარვეზი განცხადებაზე და დაევალა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა დაცვით შედგენილი განცხადებისა და შესაბამისი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
ხარვეზის შევსების მიზნით 2012 წლის 23 მაისს ო. კ-მა წარმოადგინა განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ და 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საკასაციო სასამართლო, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ წარმოდგენილი განცხადებით გასაჩივრებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ო. კ-ის განცხადება სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუშვებელია, ვინაიდან იგი შეტანილია არაგანსჯად სასამართლოში. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება შეტანილ უნდა იქნეს ამ გადაწყვეტილების გამომტან სააპელაციო სასამართლოში და არა საკასაციო სასამართლოში.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ო. კ-ის განცხადება დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული იმ შემთხვევაშიც, თუ მივიჩნევთ, რომ განმცხადებელი მოითხოვს საქმის წარმოების განახლებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 მარტის განჩინებაზე. უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი განცხადება არ შეიცავს მითითებას საქმის წარმოების განახლების იმ საფუძვლებზე, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლებით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ ნაწილში განმცხადებელს ხარვეზი არ შეუვსია, რაც მისი განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 429-ე მუხლის მიხედვით. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ მისთვის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებით გახდა ცნობილი კანონში შეტანილი ცვლილების თაობაზე, არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას და, შესაბამისად, საქმის წარმოების განახლების საფუძველს.
დაუსაბუთებელია ასევე განმცხადებლის მოთხოვნა საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის საპატიოდ მიჩნევის და საკასაციო საჩივრის განხილვის შესახებ. განმცხადებლის ეს მოთხოვნა ფაქტიურად წარმოადგენს საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენის მოთხოვნას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. დასახელებული ნორმა ითვალისწინებს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის აღდგენის შესაძლებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი და, თუ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენას კანონი დაუშვებლად მიიჩნევს (სსკ-ის 397-ე მუხლი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ო. კ-ის განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე, 399-ე და 374.3 მუხლების შესაბამისად, განმცხადებელს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე, 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო. კ-ის განცხადება დარჩეს განუხილველად;
2. ო. კ-ს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი (გადახდის თარიღი – 2012 წლის 21 მაისი, საგადახდო დავალება №..., ანგარიში: სს ბანკი „რესპუბლიკა“, ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) სს ბანკი „რესპუბლიკის“ მეშვეობით;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.