Facebook Twitter

№ვ-315-ბ-12-2012 16 მაისი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ს. ღ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. გ-ი

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ს. ღ-ეს ვ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 4666 ლარის გადახდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ღ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 მარტის განჩინებით ს. ღ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ღ-ემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივნისის განჩინებით ს. ღ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 მარტის განჩინებაზე განუხილველად იქნა დატოვებული ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

2011 წლის 15 აგვისტოს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ს. ღ-ემ. განმცხადებელმა მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივნისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ნოემბრის განჩინებით განმცხადებელს უარი ეთქვა საქმის წარმოების განახლების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

2012 წლის 15 თებერვალს ს. ღ-ემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, მოითხოვა უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 21 ნოემბრის განჩინების გაუქმება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო და საქმის წარმოების განახლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 მარტის განჩინებით ს. ღ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

2012 წლის 7 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 მარტის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ს. ღ-ემ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ღ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე კერძო საჩივრის შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ამას პირდაპირ ითვალისწინებს კანონი.

მოცემულ შემთხვევაში, ს. ღ-ე კერძო საჩივრით ასაჩივრებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 მარტის განჩინებას, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შესულია კანონიერ ძალაში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლით დასაშვებია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (განჩინებით) დამთავრებული საქმის წარმოების განახლება მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილია კერძო საჩივარი და არა საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს. ღ-ის კერძო საჩივარი დაუშვებელია და იგი განუხილველად უნდა დარჩეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 399-ე და 374.3 მუხლების შესაბამისად, კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი მთლიანად. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, კერძო საჩივარს ერთვის 50 ლარის გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი, მაგრამ ამ ქვითრით არ ირკვევა თანხის გადარიცხვის დანიშნულება, კერძოდ ის, რომ მითითებული თანხა გადახდილია სახელმწიფო ბაჟის სახით ს. ღ-ის კერძო საჩივარზე. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ს. ღ-ეს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი 50 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ს. ღ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.