№ა-1026-შ-25-2012 7 მაისი, 2012 წელი.
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - ,,ვ. ჰ. ინკ“
მოწინააღმდეგე მხარე - თ. ქ-ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს - ინგლისისა და უელსის მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს 2012 წლის 30 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის გადახდევინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ინგლისისა და უელსის მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს 2012 წლის 30 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (№ HC...) თ. ქ-ას ,,ვ. ჰ. ინკის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2 507 355,36 ფუნტი სტერლინგის გადახდა.
,,ვ. ჰ. ინკის“ წარმომადგენელმა გ. ს-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ინგლისისა და უელსის მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს 2012 წლის 30 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების (№ HC...) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 მარტის განჩინებით ,,ვ. ჰ. ინკის“ წარმომადგენელ გ. ს-ის შუამდგომლობა ინგლისისა და უელსის მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს 2012 წლის 30 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების (№ HC...) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ,,ვ. ჰ. ინკის“ წარმომადგენელ გ. ს-ის შუამდგომლობა ინგლისისა და უელსის მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს 2012 წლის 30 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების (№ HC...) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ინგლისისა და უელსის მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს 2012 წლის 30 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (№ HC...) თ. ქ-ას ,,ვ. ჰ. ინკის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2 507 355,36 ფუნტი სტერლინგის გადახდა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 20 თებერვალს. ასევე დასტურდება, რომ მოცემული დაუსწრებელი გადაწყვეტილება ინგლისისა და უელსის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა. მხარეები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი საქმის განხილვის თაობაზე. სარჩელი და თანდართული მასალები კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა მოპასუხეს 2011 წლის 26 დეკემბერს საქართველოში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხეს არ წარუდგენია შესაგებელი ინგლისისა და უელსის მართლმსაჯულების უმაღლეს სასამართლოში.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, ინგლისისა და უელსის მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს 2012 წლის 30 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (№ HC...) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
,,ვ. ჰ. ინკის“ წარმომადგენელ გ. ს-ის შუამდგომლობა ინგლისისა და უელსის მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს 2012 წლის 30 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების (№ HC...) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ინგლისისა და უელსის მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს 2012 წლის 30 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (№ HC...), რომლითაც თ. ქ-ას ,,ვ. ჰ. ინკის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2 507 355,36 ფუნტი სტერლინგის გადახდა.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.