Facebook Twitter

№ა-1322-შ-27-2012 17 მაისი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ქ.კრასილოვის სახელმწიფო საწარმო „კრასილოვსკის აგრეგატის ქარხნის“ დირექტორი – პ.კ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „თ-მა“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ უკრაინის ხმელნიცკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2011 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

უკრაინის ხმელნიცკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2011 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით სახელმწიფო საწარმო „კრასილოვსკის აგრეგატის ქარხნის“ სარჩელი მოპასუხე შპს „თ-მის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა. შპს „თ-მას“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 61490 აშშ დოლარის გადახდა, ასევე მოპასუხეს სახელმწიფო საწარმო „კრასილოვსკის აგრეგატის ქარხნის“ სასარგებლოდ დაეკისრა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 614,90 აშშ დოლარის ანაზღაურება და სასამართლო პროცესის საინფორმაციო-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება 236 გრივნის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 16 ივნისს და უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

ქ.კრასილოვის სახელმწიფო საწარმო „კრასილოვსკის აგრეგატის ქარხნის“ დირექტორმა პ.კ-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს უკრაინის ხმელნიცკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2011 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 აპრილის განჩინებით ქ.კრასილოვის სახელმწიფო საწარმო „კრასილოვსკის აგრეგატის ქარხნის“ დირექტორის – პ.კ-ის შუამდგომლობა უკრაინის ხმელნიცკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2011 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ განჩინებით ქ.კრასილოვის სახელმწიფო საწარმო „კრასილოვსკის აგრეგატის ქარხნის“ დირექტორის – პ.კ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ უკრაინის ხმელნიცკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2011 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით სახელმწიფო საწარმო „კრასილოვსკის აგრეგატის ქარხნის“ სარჩელი მოპასუხე შპს „თ-მის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა. შპს „თ-მას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 61490 აშშ დოლარის გადახდა, ასევე მოპასუხეს სახელმწიფო საწარმო „კრასილოვსკის აგრეგატის ქარხნის“ სასარგებლოდ დაეკისრა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 614,90 აშშ დოლარის ანაზღაურება და სასამართლო პროცესის საინფორმაციო-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება 236 გრივნის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 16 ივნისს და უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

შპს „თ-მის“ დირექტორმა მ.ჯ-მა განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა, თუმცა არ მიუთითა რა საფულით.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს „თ-მის“ დირექტორ მ.ჯ-ის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტისას საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის დანაწესების შესაბამისად, რა დროსაც ამოწმებს შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასახელებულ კანონთან და საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებთან ფორმალურ შესაბამისობას, ისე, რომ არ იკვლევს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის საკითხს. ამდენად, შპს „თ-მის“ დირექტორ მ.ჯ-ის მოთხოვნა უკრაინის ხმელნიცკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2011 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვის, ასევე მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, უკრაინის ხმელნიცკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2011 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „თ-მის“ დირექტორ მ.ჯ-ის განცხადება საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

2. ქ.კრასილოვის სახელმწიფო საწარმო „კრასილოვსკის აგრეგატის ქარხნის“ დირექტორის – პ.კ-ის შუამდგომლობა უკრაინის ხმელნიცკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2011 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

3. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის ხმელნიცკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2011 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც სახელმწიფო საწარმო „კრასილოვსკის აგრეგატის ქარხნის“ სარჩელი მოპასუხე შპს „თ-მას“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა და შპს „თ-მას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 61490 აშშ დოლარის გადახდა, ასევე მოპასუხეს სახელმწიფო საწარმო „კრასილოვსკის აგრეგატის ქარხნის“ სასარგებლოდ დაეკისრა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 614,90 აშშ დოლარის ანაზღაურება.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.