№ა-1363-შ-29-2012 31 მაისი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მ. ნ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – რ. ე-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – გერმანიის აჰაუსის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გერმანიის აჰაუსის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით 2000 წლის 25 აპრილს საქართველოში, ქ.თბილისში, მმაჩის ბიუროში 2000/339 ნომრით რეგისტრირებული ქორწინება რ. ე-სა და მ. ე-ს (ქალიშვილობის გვარი ნ-ე) შორის გაუქმებულად იქნა აღიარებული.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ. ნ-ემ და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ის კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 2 მაისიდან, ირკვევა, რომ მხარეები სასამართლო სხდომის თაობაზე იყვნენ ინფორმირებული, ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებითვე დასტურდება, რომ გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია. ასევე მითითებულია, რომ რ. ე-ი გერმანიის მოქალაქეა, ხოლო მ. ე-ი (ნ-ე) - თურქეთის მოქალაქე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 აპრილის განჩინებით მოცემულ შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა დადატურება იმისა, საქართველოს უზენაეს სასამართლოს გააჩნია თუ არა მოცემულ დავასთან მიმართებაში საერთაშორისო კომპეტენცია და იმის განსაზღვრა, თუ რა იურიდიული ინტერესი გააჩნია მხარეს გადაწყვეტილებით აღიარებული უფლების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიმართ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა მ.ნ-ეს მის მიერ მითითებულ მისამართზე - ქ.რუსთავში, კ-ას ქ№11-ში. საქმეში წარმოდგენილი 2012 წლის 4 მაისით დათარიღებული ფოსტის მუშაკის მიერ შედგენილი აქტით ირკვევა, რომ კურიერმა განახორციელა ორი ვიზიტი, თუმცა გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა ბინაზე არყოფნის გამო, ამავე მისამართზე სასამართლო შეტყობინება მხარეს გაეგზავნა განმეორებით, თუმცა საკასაციო პალატისათვის დაბრუნებული კორესპოდენციის აქტით (შედგენილი 2012 წლის 22 მაისს) ირკვევა, რომ ადრესატი ამ მისამართზე არ მოიძებნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ მ. ნ-ის შუამდგომლობა გერმანიის აჰაუსის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 2 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ. ნ-ემ და მოითხოვა გერმანიის აჰაუსის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 2 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 აპრილის განჩინებით მოცემულ შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დევალა დადატურება იმისა, საქართველოს უზენაეს სასამართლოს გააჩნია თუ არა მოცემულ დავასთან მიმართებაში საერთაშორისო კომპეტენცია და განსაზღვრა იმისა, თუ რა იურიდული ინტერესი გააჩნია მხარეს გადაწყვეტილებით აღიარებული უფლების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიმართ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა მ.ნ-ეს მის მიერ მითითებულ მისამართზე - ქ.რუსთავში, კ-ას ქ№11-ში. საქმეში წარმოდგენილი 2012 წლის 4 მაისით დათარიღებული ფოსტის მუშაკის მიერ შედგენილი აქტით ირკვევა, რომ კურიერმა განახორციელა ორი ვიზიტი, თუმცა გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა ბინაზე არყოფნის გამო, ამავე მისამართზე სასამართლო შეტყობინება მხარეს გაეგზავნა განმეორებით, თუმცა საკასაციო პალატისათვის დაბრუნებული კორესპოდენციის აქტით (შედგენილი 2012 წლის 22 მაისს) ირკვევა, რომ ადრესატი ამ მისამართზე არ მოიძებნა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ფოსტის შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილ აქტებზე, კერძოდ, 2012 წლის 4 მაისით დათარიღებული აქტის მითითების გათვალისწინებით (კურიერი 2-ჯერ გამოცხადდა მითითებულ მისამართზე თუმცა კორესპოდენცია ვერ ჩაბარდა მხარეს არყოფნის გამო), პალატამ შუამდგომლობის ავტორისათვის კორესპოდენციის განმეორებით გაგზავნა მიზანშეწონილად ჩათვალა და, 2012 წლის 22 მაისის აქტის თანახმად, ადრესატი ვერ იქნა მოძიებული, ამ მისამართზე კურიერს განუმარტეს, რომ მ.ნ-ეს არ იცნობენ, რის გამოც ფოსტის მოხელემ მოითხოვა ბინის ნომრის მითითება. ამდენად, პალატა აღნიშნული გარემოებების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორმა არასწორი მისამართი მიუთითა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია). იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-4 ნაწილი, მისი მოქმედების უშუალოდ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის განხილვის მიმართ გამოყენების თაობაზე პირდაპირ არ მიუთითებს, ამასთან, სასამართლო შეტყობინება და დაბარება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით, პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული შემთხვევის რეგულირებისთვის სწორედ ამ ნორმის ანალოგიის წესით გამოყენებაა მიზანშეწონილი.
ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება მხარეს არ ჩაბარდა მის მიერ მითითებული მისამართის უზუსტობის გამო, მოცემული შუამდგომლობა განუხილველად უნდა იქნას დატოვებული, საწინააღმდეგო ვითარებაშიც კი, ვინაიდან შუამდგომლობა ხარვეზიანია და განჩინების ადრესატისათვის განმეორებით გაგზავნის მიუხედავად, იგი მ.ნ-ეს არ ჩაბარებია, მაინც არ იარსებებდა შუამდგომლობის წარმოებაში მიღების წინაპირობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ნ-ის შუამდგომლობა გერმანიის აჰაუსის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 2 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.