№ა-398-შ-7-2012 2 მაისი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ე. ბ-ი (წარმომადგენელი ფ. მ-ე)
განხილვის საგანი – პოლონეთის რესპუბლიკის შჟეჩინის მარჯვენა სანაპიროსა და დასავლეთის საოლქო სასამართლოს VIII საოჯახო და არასრულწლოვანთა საკითხების განყოფილების 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
პოლონეთის რესპუბლიკის შჟეჩინის მარჯვენა სანაპიროსა და დასავლეთის საოლქო სასამართლოს VIII საოჯახო და არასრულწლოვანთა საკითხების განყოფილების 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მ. რ. მ-ი, გვარად მ-ი, ფ-ისა და ე.ს შვილი, დაბადებული 1953 წლის 19 ნოემბერს შჟეჩინში, რომელიც გარდაიცვალა 2008 წლის 17 აგვისტოს შჟეჩინში, არის ქალბატონი ე. ბ-ის, გვარად ლ-ა, ა. ლ-ას ქალიშვილი, დაბადებული 1978 წელს საქართველოში, ლაგოდეხის რაიონში, ჩანაწერის №1678, მამა.
2012 წლის 1 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ე. ბ-მა, რომელმაც მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 თებერვლის განჩინებით ე. ბ-ის შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორს დაევალა, აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში წარმოედგინა: ა. პოლონეთის რესპუბლიკის შჟეჩინის მარჯვენა სანაპიროსა და დასავლეთის საოლქო სასამართლოს VIII საოჯახო და არასრულწლოვანთა საკითხების განყოფილების 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური პირის მიერ აპოსტილით დადასტურებული, ქართულ ენაზე თარგმნილი და დამოწმებული ასლი; ბ. ცნობა იმის შესახებ, რომ პოლონეთის რესპუბლიკის შჟეჩინის მარჯვენა სანაპიროსა და დასავლეთის საოლქო სასამართლოს VIII საოჯახო და არასრულწლოვანთა საკითხების განყოფილების 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულება არ მომხდარა ამ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად; გ. იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ შუამდგომლობის ავტორი შუამდგომლობის შემოტანის მომენტისათვის იყო საქართველოს მოქალაქე, ან საქართველოში მას გააჩნდა ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 თებერვლის განჩინებით, ე. ბ-ს ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადა გაგრძელდა 20 დღით. აღნიშნული განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაევალა წარმოედგინა ცნობა იმის შესახებ, რომ პოლონეთის რესპუბლიკის შჟეჩინის მარჯვენა სანაპიროსა და დასავლეთის საოლქო სასამართლოს VIII საოჯახო და არასრულწლოვანთა საკითხების განყოფილების 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულება არ მომხდარა ამ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.
2012 წლის 19 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ე. ბ-ის წაემომადგენელმა ფ. მ-ემ, რომელმაც კვლავ იშუამდგომლა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის გაგრძელების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მარტის განჩინებით ე. ბ-ის (წარმომადგენელი ფ. მ-ე) შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ე. ბ-ს შუამდგომლობაზე ხარვეზის შევსების ვადა მეორედ გაუგრძელდა და დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინა ცნობა იმის შესახებ, რომ პოლონეთის რესპუბლიკის შჟეჩინის მარჯვენა სანაპიროსა და დასავლეთის საოლქო სასამართლოს VIII საოჯახო და არასრულწლოვანთა საკითხების განყოფილების 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულება არ მომხდარა ამ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, შუამდგომლობის ავტორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში შუამდგომლობა დარჩებოდა განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მარტის განჩინებით, რომლითაც ე. ბ-ს მეორედ გაუგრძელდა შუამდგომლობაზე ხარვეზის შევსების ვადა, შუამდგომლობის ავტორს დაევალა, აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინა ცნობა იმის შესახებ, რომ პოლონეთის რესპუბლიკის შჟეჩინის მარჯვენა სანაპიროსა და დასავლეთის საოლქო სასამართლოს VIII საოჯახო და არასრულწლოვანთა საკითხების განყოფილების 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულება არ მომხდარა ამ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად. ამავე განჩინებით მხარეს განემარტა დადგენილი საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგი – შუამდგომლობის განუხილველად დატოვება.
საქმის მასალების თანახმად, უზენაესი სასამართლოს ზემოთ დასახელებული განჩინების ასლი 2012 წლის 4 აპრილს ჩაბარდა ე. ბ-ის წარმომადგენელს, ფ. მ-ეს მის მიერ მითითებულ მისამართზე კანონით დადგენილი წესით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების 14-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2012 წლის 5 აპრილს და დასრულდა 2012 წლის 18 აპრილს. აღნიშნულ ვადაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ არის შეტანილი, დარჩება განუხილველი. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის საფუძველზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემომითითებულ ნორმათა დანაწესი უნდა გავრცელდეს ასევე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის მიმართაც.
რამდენადაც ე. ბ-ს უზენაესი სასამართლოს განჩინებით დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია – არ წარმოუდგენია ცნობა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების აღუსრულებლობის თაობაზე ამ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, შუამდგომლობა პოლონეთის რესპუბლიკის შჟეჩინის მარჯვენა სანაპიროსა და დასავლეთის საოლქო სასამართლოს VIII საოჯახო და არასრულწლოვანთა საკითხების განყოფილების 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე, 68-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. ბ-ის შუამდგომლობა პოლონეთის რესპუბლიკის შჟეჩინის მარჯვენა სანაპიროსა და დასავლეთის საოლქო სასამართლოს VIII საოჯახო და არასრულწლოვანთა საკითხების განყოფილების 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დატოვებულ იქნეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.