Facebook Twitter

№ას-648-610-2012 14 მაისი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი - შპს „ჩ. ჩ. თ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს `პ-ი“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 მარტის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საარბიტრაჟო სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2012 წლის 21 მარტს შპს „ჩ. ჩ. თ-ის“ წარმომადგენელმა შ. პ-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მიუთითა, რომ შპს „ჩ. ჩ. თ-სა“ და შპს `პ-ს“ შორის 2009 წლის 27 მაისს გაფორმდა ხელშეკრულება „ბათუმის პორტის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარის დრაგირების სამუშაოების შესახებ“, რომლის საფუძველზეც, შემკვეთმა - შპს `პ-მა“ შემსრულებელს შპს „ჩ. ჩ. თ-ს“ შეუკვეთა ბათუმის პორტის ნავმისადგომზე გემების მიღების მიზნით წყლის გზის დრაგირება 5 მეტრამდე შესწორებით. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 400 000 აშშ დოლარი. მოწინააღმდეგე მხარის მიერ ავანსის სახით გადახდილ იქნა ჯერ 50 000, ხოლო შემდგომ 20000 აშშ დოლარი. საარბიტრაჟო სარჩელის არბიტრაჟში წარდგენის დღისათვის გადასახდელი დარჩა 370 000 დოლარი. ამჟამად, შპს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატასთან არსებულ საერთაშორისო არბიტრაჟში მიმდინარეობს საარბიტრაჟო სარჩელის განხილვა, მაგრამ არ ცხადდება მოწინააღმდეგე მხარე. ამასთან, განმცხადებლის განმარტებით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ მხარე გაასხვისებს მის საკუთრებაში არსებულ ქონებას, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. აქედან გამომდინარე, შპს „ჩ. ჩ. თ-ის“ წარმომადგენელმა შ. პ-ემ მოითხოვა შპს `პ-ის“ საკუთრებაში არსებულ ქონებაზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება - ყადაღის დადება.

2012 წლის 21 მარტის განჩინებით შპს „ჩ. ჩ. თ-ის“ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „ჩ. ჩ. თ-ის“ წარმომადგენელმა შ. პ-ემ და მოითხოვა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ქალაქ ბათუმში, მეჩხურის ზონაში ზღვის ტერიტორიასთან მდებარე შპს „პ-ის“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე 6085,00 კვ.მ მიწის ფართობზე და ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩა №36-ში 185,0 კვ.მ და 356,16 კვ.მ მიწაზე ყადაღის დადება. განმცხადებელმა განცხადებაში აღნიშნა, რომ სსიპ აჭარის არ სავაჭრო სამრეწველო პალატასთან არსებულ საერთაშორისო არბიტრაჟში შპს „ჩ. ჩ. თ-იმ“ სარჩელი აღძრა მოპასუხე შპს „პ-ის“ და ქ. ჰ-ის მიმართ და მოითხოვა ბათუმის პორტის ჩრდილო - აღმოსავლეთის მხარის დრაგირების სამუშაოების შესახებ კონტრაქტით, მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ზიანის დაკისრება. განმცხადებლის განმარტებით, 2009 წლის 27 მაისს შპს „ჩ. ჩ. თ-ისა“ და „ პ-ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, შპს „ პ-მა“ შპს „ჩ. ჩ. თ-ს“ შეუკვეთა ბათუმის პორტის ნავმისადგომზე გემების მიღების მიზნით წყლის გზის დრაგირება 5 მეტრამდე შესწორებით. კონტრაქტით ზემოაღნიშნული სამუშაოების სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 242 000 აშშ დოლარს. მხარეთა შეთანხმებით, საბოლოოდ შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 400 000 აშშ დოლარი. შპს „ პ-ს“ ავანსის სახით გადახდილი აქვს სულ 70 000 აშშ დოლარი. მოპასუხე მხარეს საარბიტრაჟო სარჩელის არბიტრაჟზე წარდგენის დღისთვის გადასახდელი დარჩა 370 000 აშშ დოლარი, რასაც დაემატა 370 000 აშშ დოლარის ძირითადი თანხის 2010 წლის 28 ივლისიდან 2011 წლის 3 ნოემბრის ჩათვლით გადაუხდელობით მიყენებული ზიანის 166,500 და ა 66 600 აშშ დოლარი. მოპასუხე მხარეს დღემდე არა აქვს გადახდილი ზემოაღნიშნული დავალიანება. განმცხადებლის განმარტებით, დღეის მდგომარეობით, სსიპ აჭარის არ სავაჭრო სამრეწველო პალატასთან არსებულ საერთაშორისო არბიტრაჟში მიმდინარეობს შპს „ჩ. ჩ. თ-ის“ სარჩელის განხილვა. მიუხედავად იმისა რომ მოწინააღმდეგე მხარეს შპს „ პ-ს“, კანონის დაცვით ჩაჰბარდა საარბიტრაჟო გზავნილი, ასევე ორჯერ ეცნობა და ჩაჰბარდა საარბიტრაჟო სასამართლოს შეტყობინება პროცესზე გამოცხადების თაობაზე, მაგრამ მხარე მაინც არ ცხადდება პროცესზე. ამდენად, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ მხარემ გაასხვისოს მასზე არსებული ქონება, რომელთა გამოც, უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობამ შეიძლება, შეუძლებელი გახადოს გადაწყვეტილების აღსრულება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35618-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის 191-ე მუხლის საფუძველზე, განმცხადებელმა მოითხოვა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხის ქონებაზე ყადაღის დადება.

პალატამ განმარტა, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთ-ერთი ფორმა – ყადაღა შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მხოლოდ მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ და მოძრავ ქონებაზე. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არის გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილების საშუალება, ის წარმოადგენს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონებრივ ულებების დაცვის გარანტიას და ემსახურება ამ უკანასკნელთა დარღვეული უფლებების სრულ და რეალურ აღდგენას, ანუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მნიშვნელობა იმაში გამოიხატება, რომ იგი იცავს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს მოპასუხის არაკ.სინდისიერების შემთხვევაში. სარჩელის უზრუნველყოფის ზოგიერთი ღონისძიების გამოყენება უშუალოდ უკავშირდება მოპასუხის მნიშვნელოვანი კონსტიტუციური უფლების, კერძოდ – საკუთრების უფლების შეზღუდვას. ყადაღისა და მსგავსი ღონისძიებების დაწესება წარმოადგენს კანონმდებლობის ჩარევას ადამიანის ძირითადი უფლების კონსტიტუციით დაცულ სფეროში, ხოლო აღნიშნული ჩარევა (შეზღუდვა) გამართლებულ იქნება თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის საჯარო მიზნისა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული კერძო ინტერესის ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მათ შორის აუცილებელი ბალანსის დადგენის მიზნით.

ამასთან, პალატამ მიიჩნია, რომ, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი ერთნაირად იცავს, როგორც მოსარჩელის, ისე – მოპასუხის ინტერესებს, ანუ მოსარჩელის ინტერესების უზრუნველყოფა არ ხდება მოპასუხის ინტერესების გაუთვალისწინებლად. სწორედ აღნიშნული პრინციპი უდევს საფუძვლად იმ გარემოებას, რომ კანონმდებელი უშვებს სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას და არა მის სავალდებულოობას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებისადმი, როგორც საპროცესო სამართლებრივი ინსტიტუტისადმი, ფორმალური მიდგომა დაუშვებელია. სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე მოთხოვნების დაკმაყოფილება უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად – სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველთა შეჯერების შედეგად უნდა იმსჯელოს, გამოიყენოს თუ არა სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დროებითი ხასიათის ღონისძიებაა, რომელიც უშუალოდ მატერიალურ-სამართლებრივი უფლებების დაცვისკენ არის მიმართული, ამიტომ სასამართლომ მატერიალურსამართლებრივ სივრცეში უნდა შეამოწმოს უფლების უზრუნველყოფის საკითხი. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების დროს სასამართლომ შეძლებისდაგვარად უნდა გაამახვილოს ყურადღება იმ გარემოებაზეც, თუ იურიდიულად რამდენად გამართლებულია სასარჩელო მოთხოვნა.

შპს „ჩ. ჩ. თ-ის“ წარმომადგენლის შ. პ-ის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნა გამომდინარეობს, მხოლოდ იმ ფაქტობრივი გარემოებიდან, რომ მოწინააღმდეგე მხარეს კანონის დაცვით ჩაჰბარდა საარბიტრაჟო გზავნილი, ასევე ორჯერ ეცნობა და ჩაჰბარდა საარბიტრაჟო სასამართლოს შეტყობინება პროცესზე გამოცხადების თაობაზე, მხარე მაინც არ ცხადდება პროცესზე, რაც, მოსარჩელის მსჯელობით, მოპასუხეს ანიჭებს შესაძლებლობას, განკარგოს კუთვნილი ქონება ე.ი. მოთხოვნა ემყარება მხოლოდ მის ვარაუდებს, ვინაიდან ის გარემოება, რომ მოპასუხე არ ცხადდება პროცესზე, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკმარის საფუძვლად. ამასთან, უზრუნველყოფის გამოყენების კერძოდ, ქონებაზე ყადაღის დადების აუცილებლობა შესაძლოა წარმოიშვას მაშინ, თუ უდავოდ დგინდება, რომ მოპასუხეს არ შესწევს უნარი, აღასრულოს სამომავლოდ მიღებული გადაწყვეტილება და გადაწყვეტილების აღსრულების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს უძრავი ქონების დაყადაღება, ე.ი ფაქტობრივად სავარაუდო უნდა იყოს, რომ მოპასუხე გადახდისუუნაროა ან არაკეთილსინდისიერად მოქმედებს. აღნიშნული გარემოებები კი განცხადებაში მითითებული არ არის.

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების აუცილებლობა, რის გამოც უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარებაზე.

აღნიშნული განჩინება საჩივრით გაასაჩივრა შპს „ჩ. ჩ.რ თ-მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 23 აპრილის განჩინებით ძალაში დარჩა გასაცივრებული განჩინება და საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოეგზავნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო შპს „ჩ. ჩ. თ-ის“ საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612-ე მუხლის პირველი ნაწილით არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით, ხოლო, ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს მხოლოდ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისიწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 35618-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია, საარბიტრაჟო სარჩელის მიმართ გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 192-ე მუხლისა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, იმისათვის რომ დაკმაყოფილდეს მოთხოვნა, სასამართლოს განცხადების დასაბუთების საფუძველზე უნდა შეექმნას მყარი შინაგანი რწმენა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების გამოუყენებლობა შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილით კანონმდებელი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის მტკიცების ტვირთს განმცხადებელს აკისრებს, თუმცა ადგენს, რომ სასამართლოს სწორედ საქმის მასალებისა და მხარის არგუმენტების ანალიზის საფუძველზე უნდა შეექმნას დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ უზრუნველყოფილ იქნას სარჩელი. რაც შეეხება მტკიცების ტვირთს, დასახელებული ნორმა განსაზღვრავს, რომ მხარემ უნდა მიუთითოს იმ სავარაუდო და მოსალოდნელ გარემოებაზე, რაც რეალურად გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხებისა თუ შეუძლებლობის წინაპირობა გახდება. ამასთან, აღნიშნულის სწორად გადაწყვეტის წინაპირობა სწორედ უზრუნველყოფის ღონიძიების მართებულობის, მხარეთა ინტერესების შესაძლო შელახვისა და მოთხოვნის საფუძვლიანობის წინაპირობების ურთიერთშეჯერება და ერთობლივად განხილვა-გადაწყვეტაა. განმცხადებელი ვალდებულია, სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაში მიუთითოს არა მარტო იმაზე, თუ რომელი ღონისძიების გატარება სურს, არამედ იმაზეც, თუ რატომაა აუცილებელი მის მიერ მითითებული ღონისძიების გატარება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლის მოთხოვნა ემყარება მხოლოდ მის ვარაუდებს, ვინაიდან ის გარემოება, რომ მოპასუხე არ ცხადდება პროცესზე, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკმარის საფუძვლად. საჩივრის ავტორს, არც თავდაპირველ განცხადებაში და არც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 21 მარტის განჩინებაზე წარდგენილ საჩივარში არ მიუთითებია რაიმე დამაჯერებელი არგუმენტი, რაც დაასაბუთებდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას. შპს „ჩ. ჩ. თ-ს“ არ წარმოუდგენია არც საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, რომლითაც დადასტურდება მოწინააღმდეგე მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა და შესასრულებელი თანხის ოდენობა. საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი არ არის არც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრულია მათი უფლება -მოვალეობები. ამ მტკიცებულებების ანალიზი საშუალებას მისცემდა სასამართლოს, თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით შეეფასებინა განსახორციელებელი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების აუცილებლობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით სწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის დანაწესი, რადგან, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა შპს „ჩ. ჩ. თ-ის“ უზრუნველყოფის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილების წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ ხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197, 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს „ჩ. ჩ. თ-ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.