№ას-209-202-2012 3 მაისი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – ჯ. ჯ-ე, თ. დ-ე, ა. ჯ-ე, ს. ჯ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი. ს-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ს-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ. ჯ-ის, თ. დ-ის, ჯ. ჯ-ის, ა. ჯ-ისა და ს. ჯ-ის მიმართ ქ.ბათუმში, ლ-ის ქ№24-ში მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული №123 სერტიფიკატის საფუძველზე 2010 წლის 8 იანვარს ი.ს-ემ შეიძინა ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე ჯ.ჯ-ის კუთვნილი 55,30 კვ.მ უძრავი ქონება. ი.ს-ის კუთვნილ ფართს დღემდე უკანონოდ ფლობენ და სარგებლობენ მოპასუხეები, რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს შემდეგი საფუძვლებით:
ი. ს-ემ 2010 წლის 8 იანვარს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს №123 სერტიფიკატის საფუძველზე მართალაც შეიძინა ჯ.ჯ-ის კუთვნილი, ქ.ბათუმში, ლ-ის ქ№24-ში მდებარე 55,30 კვ.მ უძრავი ქონება, მაგრამ საჯარო რეესტრის მონაცემებით არ ირკვევა, თუ რა ქონებაზე იქნა გაცემული სერტიფიკატი, 2002 წელს ჯ. ჯ-ის მიერ შეძენილი 55,30 კვ.მ უძრავი ქონება 3 წელია აღარ არსებობს, რადგანაც თ. დ-ემ დაანგრია შენობა და მის ნაცვლად 4-სართულიანი ნაგებობა ააშენა, რომელიც დღემდე არ არის რეგისტრირებული კანონით დადგენილი წესით, შესაბამისად, მოსარჩელემ ჯერ უნდა დააზუსტოს მის საკუთრებაში არსებული ქონება და შემდგომ მოითხოვოს მისი გამოთხოვა სხვათა მფლობელობიდან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით ი. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ.ბათუმში, ლ-ის ქ№24-ში მდებარე ი. ს-ის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება (ქონების მახასიათებლებია – ზონა ბათუმი 05, სექტორი 23, კვარტალი 25, ნაკვეთი 003, კოდი 01/502, ფართი 55,30 მ მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №...) გამოთხოვილ იქნა მოპასუხეების: ჯ. ჯ-ის, თ. დ-ის, ჯ. ჯ-ის, ა. ჯ-ისა და ს. ჯ-ის უკანონო მფლობელობიდან და თავისუფალ მდგომარეობაში გადასცა მოსარჩელე ი. ს-ეს. ამავე გადაწყვეტილებით, ჯ. ჯ-ეს, თ. დ-ეს, ჯ. ჯ-ეს, ა. ჯ-ესა და ს. ჯ-ეს ი. ს-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 120 ლარისა და წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის -150 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ნოემრის განჩნიებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2010 წლის 8 იანვარს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული №123 სერტიფიკატის თანახმად, ი. ს-ემ 2010 წლის 5 იანვარს ჩატარებულ აუქციონზე 3600 ლარად შეიძინა სპს „ჯ-ე და კომპანიის“ (იურიდიული მისამართი - ქალაქი ბათუმი, ლ-ის ქუჩა №24) ქონება, კერძოდ, ქალაქ ბათუმში, ლ-ის ქუჩის №24–ში მდებარე 55.30 მ2 ფართი (დატვირთულია იპოთეკით, იპოთეკარია სს „...ბანკი“), საჯარო რეესტრიდან 2011 წლის 16 მარტს წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, საერთო საკუთრების 797.0 მ2 მიწის ნაკვეთზე განლაგებული შენობა-ნაგებობების სასარგებლო ფართზე რეგისტრირებულია შემდეგი მოქალაქეების საკუთრების უფლება: ი. ს-ე - 55.30 მ2, ნ. ღ-ე– 466.34 მ2, ა. ფ-ი – 159.15 მ2, ი. შ-ე – 137.71 მ2, შპს „TV-XXI“– 51.25. მ2., საჯარო რეესტრის 2008 წლის 16 აპრილის ამონაწერით დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ 2002 წლის 20 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ჯ. ჯ-ის სახელზე ირიცხებოდა ქალაქ ბათუმში, ლ-ის ქუჩის №24-ში მდებარე უძრავი ქონება წილობრივი მონაცემებით – 55.30 მ2, რომელიც ჯ. ჯ-ემ შეიძინა გ. ბ-ისაგან. ქალაქ ბათუმში, ლ-ის ქუჩის №24-ში მდებარე სადავო ფართზე, რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ი. ს-ის სახლზე, ცხოვრობენ მოსაპუხეები (ჯ. ჯ-ის ოჯახი) და ისინი ნებაყოფლობით არ ათავისუფლებენ აღნიშნულ ფართს, ფართი დატვირთულია იპოთეკით სს „...ბანკის“ სასარგებლოდ და ბათუმის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით სესხის უზრუნველსაყოფად მიქცეულია სარეალიზაციოდ. პალატამ იხლემძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, 183-ე მუხლით, 312-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით და დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას, რომლითაც სწორად დაკმაყოფილდა ი. ს-ის სარჩელი, რადგან ი.ს-ის მიერ ქონების აუქციონზე შეძენისა და საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტაციის შემდეგ მოპასუხეებს: ჯ. ჯ-ეს, თ. დ-ეს, ჯ. ჯ-ეს, ა. ჯ-ესა და ს. ჯ-ეს შეუწყდათ უძრავი ქონების ფლობისა და სარგებლობის იურიდიული უფლება.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ჯ. ჯ-ემ, თ. დ-ემ, ჯ. ჯ-ემ, ა. ჯ-ემ და ს. ჯ-ემ, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით და არასწორად განმარტა, რომ ი. ს-ე აუქციონზე ნივთის შეძენის შემდეგ აღიჭურვა ამ მუხლით დადგენილი მესაკუთრის უფლებებით. მოსარჩელემ აუქციონის გზით შეიძინა ფაქტიურად არარსებული ქონება. მართალია, სახლი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო, მაგრამ გაყიდვის დროისათვის ფიზიკურად აღარ არსებობდა, ამდენად გაურკვეველია, რა ქონებაზე ვრცელდება შემძენის საკუთრების უფლება. დაუსაბუთებელია ასევე სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლზე მითითებაც, ვინაიდან აღარ არსებობს ქონება, რომელის მესაკუთრეც მოსარჩელე გახდა, ხოლო ახალი ნივთი, რომელიც შექმნილია მოგვიანებით, მეტი ღირებულებისა და სხვა მახასიათებლების მატარებელია. ამასთანავე, მართალია, სასამართლომ სწორად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ნივთი აუქციონისა და ფინანსთა სამინისტროს სერტიფიკატის საფუძველზე შეიძინა მოსარჩელემ, თუმცა პალატას არ უმსჯელია იმ საკითხზე, რომ ამ დროისათვის სადავო ნივთი აღარ არსებობს, ამასთანავე, სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ჯ. ჯ-ის ოჯახი უკანონოდ ცხოვრობს ი. ს-ის საკუთრებაში და ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს მას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მარტის განჩინებით მოცემული საკასაციო საჩივარი ჯ. ჯ-ის, თ. დ-ის, ა. ჯ-ისა და ს. ჯ-ის საკასაციო პრეტენზიის ნაწილში მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო ამავე პალატის 2012 წლის 29 მარტის განჩინებით მოცემული საკასაციო საჩივარი ჯ. ჯ-ის საკასაციო პრეტენზიის ნაწილში დარჩა განუხილველად კასატორის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მოცემული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ჯ. ჯ-ის, თ. დ-ის, ა. ჯ-ისა და ს. ჯ-ის საკასაციო პრეტენზიის ნაწილში და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ჯ. ჯ-ის, თ. დ-ის, ა. ჯ-ისა და ს. ჯ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს: ჯ. ჯ-ეს, თ. დ-ეს, ა. ჯ-ესა (კანონიერი წარმომადგენელი ჯ. ჯ-ე, თ. დ-ე) და ს. ჯ-ეს (კანონიერი წარმომადგენელი ჯ. ჯ-ე, თ. დ-ე) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით ჯ. ჯ-ის მიერ 2012 წლის 29 თებერვლის №... სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ჯ. ჯ-ის, თ. დ-ის, ა. ჯ-ისა და ს. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორებს: ჯ. ჯ-ეს (პ/№...), თ. დ-ეს (პ/№...), ა. ჯ-ესა (კანონიერი წარმომადგენელი ჯ. ჯ-ე (პ/№...), თ. დ-ე (პ/№...)) და ს. ჯ-ეს (კანონიერი წარმომადგენელი ჯ. ჯ-ე (პ/№...), თ. დ-ე (პ/№...)) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეთ (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით ჯ. ჯ-ის მიერ 2012 წლის 29 თებერვლის №... სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.