№ას-325-310-2012 17 მაისი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – ნზ., ნნ., მ. ვ-ეები (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. წ-ე, რ. ს-ე, მ. ა-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებს მიღება
დავის საგანი – უსაფუძვლო გამდიდრებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნზ., ნნ., თ. და მ. ვ-ეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში თ. წ-ის, რ. ს-ისა და მ. ა-ის მიმართ უსაფუძვლო განდიდრების გზით მოსარჩელეებისათვის მიყენებული ზიანის - 448045 ლარისა და იურიდიული მომსახურების ხარჯის - 1000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
2001 წლის 14 სექტემბრის სასამართლო გადაწყვეტილებით ოთარ ვ-ეს თ. წ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 7700 აშშ დოლარის გადახდა, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ გაიცა სააღსრულებო ფურცელი და 2006 წლის 31 იანვარს, აღმასრულებლის განკარგულებით, ქ.ბათუმში, ა-ის დასახლებში მდებარე 130 ჰა მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე ორსართულიანი სახლი გადაეცა კრედიტორს, აუდიტორული დასკვნის თანახმად, ქონების გადაცემის დროისათვის მისი ღირებულება 500750 ლარს შეადგენდა და ქონება წარმოადგენდა მოსარჩელეთა თანასაკუთრებას, რაც დასტურდება საკომლო წიგნის ამონაწერითა და კა-ის საკრებულოს ცნობით. ამდენად, თ.წ-ემ 7700 აშშ დოლარის ამოღების მიზნით მიიღო 500750 ლარის ღირებულების ქონება და მისი ზედმეტად მიღებული ღირებულებით გამდიდრდა უსაფუძვლოდ, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით კრედიტორისათვის გადაცემული ქონება 2007 წლის 22 ივნისს 60800 ლ. შეიძინა რ. ს-ემ, ხოლო 2009 წლის 28 დეკემბერს მ. ა-ემ 40000 ლ., აღნიშნულით კი უსაფუძვლოდ გამდიდრდნენ ქონების შემძენები, ამასთან, ვინაიდან ქონების ნატურით დაბრუნება ამ ეტაპზე შეუძლებელია, სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლისა და 982-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი საფუძვლიანია.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
თ. წ-ის განმარტებით, სარჩელის უსაფუძვლობას ადასტურებს ის გარემოება, რომ საქმეში არ მოიპოვება დასკვნა ქონების შეფასების თაობაზე, ასევე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელეები სადავო ქონების თანამესაკუთრეს წარმოადგენდნენ, ამასთან, კრედირტორმა ქონება სააღსრულებო ბიუროს შესაბამისი განკარგულების საფუძველზე მიიღო, რომელიც გასაჩივრებულ იქნა ო.ვ-ის მიერთ, თუმცა სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო, ამასთან, ქონების გადაცემის შემდგომ თ.წ-ე ქონების მესაკუთრედ მიიჩნეოდა და მას უფლება ჰქონდა, ნებისმიერი სახით გაესხვისებინა იგი.
მ. ა-ემ და რ. ს-ემ კი განმარტეს, რომ მათ ქონების შეძენისას საჯარო რეესტრის მონაცემების საფუძველზე გაარკვიეს ქონების უფლებრივი ნაკლის არარსებობის ფაქტი, რაც, მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის საფუძვლიანობას გამორიცხავს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 23 სექტემბრის განჩინებით ნზ., ნნ., თ. და მ. ვ-ეების სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინებით ნზ. ვ-ის, ნნ. ვ-ის, მ. ვ-ისა და თ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ოთარ ვ-ეს თ. წ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 7700 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მასზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი და დაიწყო იძულებითი აღსრულება. აჭარის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2006 წლის 31 იანვრის განკარგულებით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების უზრუნველსაყოფად, სოფელ ა-აში მდებარე, მოვალე ოთარ ვ-ის სახელზე რეგისტრირებული 1300 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლი ნატურით გადაეცა კრედიტორ თ. წ-ეს. აღნიშნული განკარგულების საფუძველზე, 2006 წლის 6 თებერვალს სადავო საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა თ. წ-ის საკუთრებად. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ოთარ ვ-ის სარჩელი აჭარის საღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2006 წლის 31 იანვრის განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. 2007 წლის 22 ივნისს თ. წ-ესა და რ. ს-ეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, თ. წ-ემ, რ. ს-ეს მიჰყიდა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ა-აში (ამჟამად ქ.ბათუმი, ა-ის დასახლება) მდებარე უძრავი ქონება, კერძოდ, 1300 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე აღმართული 151,3 კვ.მ შენობა-ნაგებობით. უძრავი ქონება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა რ. ს-ის საკუთრებად. 2009 წლის 28 დეკემბერს, რ. ს-ემ ზემოაღნიშნული უძრავი ქონება მიჰყიდა მოპასუხე მ. ა-ეს და ამჟამად სადავო ქონება, საჯარო რეესტრის მონაცემებით, წარმოადგენს მ. ა-ის საკუთრებას. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა თ., ნნ., მ. და ნზ. ვ-ეების სარჩელი მ. ა-ესთან, რ. ს-ესა და თ. წ-ესთან 2007 წლის 22 ივნისისა და 2009 წლის 28 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
პალატა ასევე დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას, კერძოდ, მითითებას სამოქალაქო კოდექსის 394-ე, 317-ე, 326-ე მუხლებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ განმარტა შემდეგი: სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ საფუძვლად მოსარჩელეები მიუთითებენ უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებას, სამოქალაქო კოდექსის თანახმად კი, უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებების წარმოშობის ერთ-ერთი პირობა არის ზიანის მიმყენებლის ქმედების არამართლზომიერება, რაშიც იგულისხმება სხვისი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, სათანადო უფლებამოსილების არქონის შემთხვევაში. იმისათვის, რათა მოპასუხეებს დაეკისროთ სამოქალაქო კოდექსის 982-ე და 991-ე მუხლებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება, აუცილებელია დადგინდეს, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრეეებს და, რომ მოპასუხეებმა არამართლზომიერად მიიღეს იგი. პალატა ასევე დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას სამოქალაქო კოდექსის 311-ე, 312-ე, 317-ე, 394-ე, 395-ე, 412-ე, 982-ე, 991-ე მუხლების შესაბამისად, სარჩელის დაუსაბუთებლად მიჩნევის თაობაზე და დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელეებმა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ დაადასტურეს მოპასუხეთა მიერ 488045 ლარით უსაფუძვლოდ გამდიდრება. პალატამ სააპელაციო საჩივრის საფუძვლებთან მიმართებით განმარტა შემდეგი: სამოქალაქო საპროცესო კოდექსი შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კანონმდებლობის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე. არც სარჩელის წარდგენისას და არც საქმის არსებითად განხილვისას მოსარჩელეთა მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი არ ყოფილა სააპელაციო საჩივარში მითითებული ის მტკიცებულებები, რომელზედაც ამყარებნენ ისინი მოთხოვნის საფუძვლიანობას, ამასთან, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარემ სადავო გახადა ის გარემოებები, რაზედაც სააპელაციო საჩივარში იყო მითითებული, ხოლო საქმეში რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის მსჯელობის მართლზომიერებას წარმოდგენილი არ ყოფილა, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მსჯელობა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის თაობაზე უსაფუძვლო იყო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნზ., ნნ., თ. და მ. ვარსანიძეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი დასაბუთებით:
გასაჩივრებული განჩინება ემყარება გარემოებებს, რომლებიც არ შეესაბამება არსებულ გარემოებებსა და მხარეთა განმარტებებს, პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება დაამყარა კანონის ნორმას, რომელსაც სააპელაციო წესით ხდიდნენ სადავოდ აპელანტები, თუმცა სააპელაციო პალატა დაეთანხმა, როგორც ნორმის გამოყენებას, ასევე მის განმარტებას, სასამართლომ არ გაიზიარა შემდეგი არსებითი გარემოებები: აღსრულება სადავო ქონებით განხორციელდა არარსებულ ვალზე და ქონებაზე, რომლითაც განხორციელდა სააღსრულებო წარმოება, სასამართლოში სადავოს წარმოადგენდა, 2001 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით ოთარ ვარსანიძისათვის თ. წ-ის სასარგებლოდ დაკისრებული 7700 აშშ დოლარი განაწილდა 3 პირზე: ა) ზ. წ-ეზე, ბ) ჯ. წ-ესა და გ) გ. ჯ-ეზე. საჯარო რეესტრში სადავო ქონების თ.წ-ის სახელზე აღრიცხვისას ქონება კომლის უფროსი მამუდ ვ-ის სახელზე ირიცხებოდა, აღსრულების დროისათვის კი, კომლი 6 წევრის, მათ შორის აპელანტებისაგან შედგებოდა, სადავო ქონება ვითომ კრედიტიორ თ.წ-ემ კა-ის საკრებულოს გამგებლის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე აღრიცხა ო.ვ-ის სახელზე, რა დროსაც ოჯახის შემადგენლობაში კომლის სხვა წევრებიც შედიოდნენ და რეგისტრაცია მათი თანხმობის გარეშე განხორციელდა, 2004 წლის 4 თებერვალს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით განესაზღვრათ აპელანტებს წილი კომლში, ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა ვითომ კრედიტორ თ.წ-ის ვალდებულება, ცვლილება შეეტანა ტექ.აღრიცხვის ბუიუროში, შესაბამისად, ქონების 1/5-ის მესაკუთრეებად კასატორების რეგისტრაცია ვერ ხერხდება, რის გამოც ვერ სრულდება სასამართლო გადაწტყვეტილება, სააღსრულებო ბიურომ შეგნებულად არ აღასრულა 2002 წლის 30 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და აღასრულა 2001 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება, რაც არასწორია და აღნიშნულმა გამოიწვია საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. თ.წ-ემ, ნაცვლად სასამართლო გადაწყვეტილების დავალდებულებისა, ცვლილება შეეტანა კომლის წილობრივ მონაცემებში, სადავო ქონება 40000 ლ. მიჰყიდა სიძე რ. ს-ეს, რომელმაც იგივე ქონება 60000 ლ. მიჰყიდა მ. ა-ეს, ამდენად, სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ შემძენები ამ ფაქტის მიმართ არაკეთილსინდისიერები არიან, სახეზეა უსაფუძვლო გამდიდრება და სხვისი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია კანონი, კერძოდ, არასრულად გამოიკვლია საქმის მასალები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა დავის საგანზე და არასწორად არ გამოიყენა უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელი ნორმები - სამოქალაქო კოდექსის 976-ე, 982-ე და 991-ე მუხლები, აღნიშნული გარემოებები კი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
კასატორებმა საკასაციო საჩივარს დაურთეს მტკიცებულებები და იშუამდგომლეს მათი განხილვა-შეფასების თაობაზე, ამასთანავე განმარტეს, რომ მათი დაგვიანებთ წარდგენა მტკიცებულებათა სასამართლო არქივის მეშვეობით მოპოვებამ განაპირობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 მარტის განჩინებით მოცემული საკასაციო საჩივარი ნზ., ნნ. და მ. ვ-ეების საკასაციო პრეტენზიის ნაწილში მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო ამავე პალატის 2012 წლის 4 აპრილის განჩინებით თ. ვ-ის საკასაციო პრეტენზიის ნაწილში მოცემული საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობია გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მოცემული საკასაციო საჩივრის ნზ. ნნ. და მ. ვ-ეების საკასაციო პრეტენზიის ნაწილში დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ნზ., ნნ. და მ. ვ-ეების საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მულიხ პირველი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე ნზ., ნნ. და მ. ვ-ეები სახელმწიფო ბაჟის გადახდუისაგან გათავისუფლებული არიან.
რაც შეეხება საკასაციო საჩივრზე დართულ მტკიცებულებას, პალატა თვლის, რომ ისინი უნდა დაუბრუნდეთ კასატორებს, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულებები ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი. აღნიშნული გარემოება საკასაციო პალატის მიერ მტკიცებულებათა საქმისათვის დართვაზე უარის თქმის საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 23 ფურცლად (ტ. პირველი, ს.ფ.251-273).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნზ., ნნ. და მ. ვ-ეების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორების შუამდგომლობა მტკიცებულებათა საქმეზე დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს. ნზ., ნნ. და მ. ვ-ეებს დაუბრუნდეთ მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები 23 ფურცლად (ტ. პირველი, ს.ფ.251-273). კასატორები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.