№ას-373-354-2012 17 მაისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ე. ი-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „... ბანკი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „... ბანკმა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. ი-ის, ჯ. გ-ისა და თ. ჩ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეთათვის სოლიდარულად 10 312,78 ლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც 8248,6 ლარის არის ძირითადი თანხა, 1285,72 ლარი – პროცენტი და 778,80 ლარი – პირგასამტეხლო.
მოპასუხე ე. ი-ემ სარჩელი ნაწილობრივ, კრედიტის ძირითადი თანხის – 8248,6 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში ცნო, ხოლო დანარჩენ ნაწილში მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ჯ. გ-ესა და თ. ჩ-ს შესაგებელი არ წარუდგენიათ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ე. ი-ეს, ჯ. გ-ესა და თ. ჩ-ს სს ,,... ბანკის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 10 312,78 ლარის გადახდა, საიდანაც 8 248,6 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 1285,72 ლარი – სარგებელი, ხოლო 778,80 ლარი –პირგასამტეხლო.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეთათვის სესხის სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში ე. ი-ემ, ჯ. გ-ემ და თ. ჩ-მა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის, 317-ე მუხლისა და პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის წარმოიშვა საბანკო კრედიტთან დაკავშირებული ურთიერთობა.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლით, 868-ე მუხლის პირველი ნაწილით, 873-ე მუხლით და დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას სესხის ძირითადი თანხის გადახდასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს, რომ მან აღიარა მოთხოვნა ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. აღნიშნული წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტის, შესაბამისად, გადასახდელი კრედიტის ძირითადი თანხისა და მისთვის გათვალისწინებული სარგებლის გადახდის დაკისრების საფუძველს.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე მუხლების მიხედვით, მხარეებმა დადებული ხელშეკრულებით მისი პირობების დარღვევის შემთხვევაში გაითვალისწინეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირგასამტეხლო სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში მოვალეს მართლზომიერად დაეკისრა.
პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ ე. ი-ეს არასწორად დაეკისრა კრედიტისათვის გათვალისწინებული სარგებელი და პირგასამტეხლო, ვინაიდან ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებელი კრედიტის თანხის 26%-ის ოდენობით შეუსაბამოდ მაღალია. პალატამ განმარტა, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს სასამართლოს შესაძლებლობას, შეამციროს მხოლოდ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო, როდესაც მისი ოდენობა გაუმართლებლად მაღალია ვალდებულების დარღვევის ხასიათისა და დარღვევით განპირობებული შესაძლო ზიანის მხედველობაში მიღებით, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად. სასამართლოს მიერ მხარეთა შეთანხმებით დადგენილი სარგებლის შემცირება კანონით გათვალისწინებული არ არის. პირგასამტეხლოსთან დაკავშირებული ვალდებულების მარეგულირებელი ნორმების გამოყენება სარგებელთან მიმართებით დაუშვებელია პირგასამტეხლოსა და სარგებლის არსობრივად განსხვავებული ხასიათის გამო. როგორც აღინიშნა, სარგებელი წარმოადგენს საკრედიტო ხელშეკრულების არსებით პირობას და მასზე მხარეთა შეთანხმება განიხილება ძირითადი ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად, პირგასამტეხლო კი მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებაა და ხელშეკრულების შესრულების შემთხვევაში მისი გადახდის ვალდებულება არ არსებობს. ცალკეულ პირობებში პირგასამტეხლოს განსაზღვრის პრინციპი იძლევა მისი ოდენობის გაუმართლებლად მაღალი სიდიდით გაანგარიშების შესაძლებლობას, კანონი უშვებს მხოლოდ კონკრეტული პირგასამტეხლოს შემცირებას სასამართლოს მიერ. ამდენად, აპელანტის პრეტენზია სარგებლის ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და ვერ იქნება გაზიარებული, რაც შეეხება პირგასამტეხლოს, მისი ოდენობა შემცირებულ იქნა თვითონ კრედიტორის მიერ გონივრულ ოდენობამდე.
სამოქალაქო კოდექსის 891-ე, 895-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში 2007 წლის 14 დეკემბრიდან გამომდინარე ე. ი-ის ვალდებულებასთან დაკავშირებით სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს ჯ. გ-ემ და თ. ჩ-მა. ამდენად, დასახელებულ პირებს სოლიდარულად ეკისრებათ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ე. ი-ის ვალდებულების შესრულება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ე. ი-ემ, ჯ. გ-ემ და თ. ჩ-მა გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის ოდენობით დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დარღვევით, უკანონოდ არ შეამცირა სადავო გარიგებით შეუსაბამოდ დიდი ოდენობის სარგებელი, რომელიც შეადგენდა 26%-ს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მარტის განჩინებით ე. ი-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო 2012 წლის 11 აპრილის განჩინებით ჯ. გ-ისა და თ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ე. ი-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. ი-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.