№ას-542-510-2012 8 მაისი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – მ. ა-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ. ხ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 თებერვლის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – საჩივარზე უარის თქმა
დავის საგანი – ხელშეშლის აკრძალვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ა-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ. ხ-ის მიმართ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ა-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 თებერვლის განჩინებით მ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარისათვის ხელშეშლის აღკვეთის დავალდებულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 მაისის განჩინებით მ. ა-ის საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
2012 წლის 7 მაისს მ.ა-მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და განმარტა, რომ უარს ამბობდა საჩივარზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო განცხადების საფუძვლიანობისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ა-ის განცხადება საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლით კი დადგენილია, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმების თანახმად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომელთა საწინააღმდეგო ქცევის წესსაც კანონდებელი ზემდგომი სასამართლოებისათვის არ ადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 მაისის განჩინებით მ.ა-ის საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინებით მ. ა-ის საკასაციო საჩივარზე სამართალწარმოება დასრულდა 2012 წლის 3 მაისს. საჩივარზე უარის თქმის შესახებ განცხადებით კი, კასატორმა სასამართლოს მომართა 2012 წლის 7 მაისს, რაც ამ განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ა-ის განცხადება საჩივარზე უარის თქმის შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლო განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.