Facebook Twitter

№ა-2831-ა-25-2011 14 მაისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მ. გ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინების და 2011 წლის 25 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი შ. დ-ესა და გ. ზ-ეს შორის 2008 წლის 20 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება სოფ. წინსვლაში მდებარე 544.6 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. დ-ემ და გ. ზ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით შ. დ-ისა და გ. ზ-ის წარმომადგენლის შ.ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება. მ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინებით მ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დადგენილ ვადაში კასატორის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

2011 წლის 25 ივლის საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მ. გ-მა. განმცხადებელმა მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, რის საფუძვლადაც მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელს არ დაურღვევია ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასართლოს მიერ დადგენილი ვადა, რამდენადაც საკასაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების შესახებ 2011 წლის 30 მაისის განჩინება მან ჩაიბარა არა 2011 წლის 10 ივნისს, როგორც ეს საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურშია მითითებული, არამედ 2011 წლის 20 ივნისს; იმის დასადასტურებლად, რომ 2011 წლის 30 მაისის განჩინება ადრესატს ნამდვილად 2011 წლის 20 ივნისს ჩაბარდა, მ. გ-მა განცხადებას თან დაურთო საქართველოს ფოსტის აჭარის ფილიალის წერილი და საფოსტო რეესტრი, საიდანაც ირკვევა, რომ შეკვეთილი წერილი №371 ჩაჰბარდა გამგებელ შ. დ-ეს 2011 წლის 20 ივნისს, ასევე განცხადებას დაურთო გამოკითხვის ოქმები, საიდანაც ირკვევა, რომ გ-მა საქართველოს უზენაესი სასამართლოდან გაგზავნილი განჩინება ჩაიბარა 2011 წლის 20 ივნისს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ნოემბრის განჩინებით მ. გ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინება.

კასატორის წარმომადგენელმა ს. შ-ემ მომართა სასამართლოს განცხადებით და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მ. გ-ს საფოსტო გზავნილი არ ჩაბარებია და მის სახელზე და მისამართზე გაგზავნილი გზავნილი ჩაბარდა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ორთაბათუმის გამგებელს შ. დ-ეს 2011 წლის 20 ივნისს და დ-ეზე გზავნილი ჩაბარება მისივე ხელმოწერითაა დადადსტურებული, შესაბამისად გუნათაიშვილი რომელსაც არ ჩაბარებია საფოსტო გზავნილი ის საფოსტო შეტყობინების ბარათზე ხელს ვერ მოაწერდა და შეუძლებელი იყო ჩაუბარებლად წინასწარ ხელი მოეწერა აღნიშნული მოკვლეული მასალების შემდეგ გახდა ცნობილი. ასევე განცხადებას დაურთო მ. გ-ის მიერ ხელმოწერილი რწმუნებულების ასლი, რომლითაც დგინდება, რომ საფოსტო შეტყობინების ბარათზე არსებული კასატორის სახელით შედგენილი გაყალბებული ხელმოწერა არ არის რწმუნებულებაზე მ. გ-ის მიერ ხელმოწერის იდენტური. აღნიშნული ის მტკიცებულებაა, რომლითაც მხარემ დადგენილ ვადაში გამოასწორა ხარვეზი და რაც გახდა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, ამდენად, გ-ისათვის ამ გარემოების თაობაზე ცნობილი გახდა სწორედ 2011 წლის 20 ივლისს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის წარადგენდა საპროცესო მოქმედების დადგენილ ვადაში განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტს, რაც მისი ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი გახდებოდა.

საკასაციო პალატა გაეცნო მ. გ-ის წარმომადგენლის ს. შ-ის მიერ წარმოდგენილ განცხადებას და თვლის, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით

მოცემულ შემთხვევაში მ. გ-ის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი შპს „საქართველოს ფოსტის” წერილი არ აბათილებს საქმეში არსებულ საფოსტო შეტყობინებას იმის თაობაზე, რომ მ. გ-ს უზენაესი სასამართლოს განჩინების ასლი ჩაბარდა 2011 წლის 20 ივნისს. თუ განმცხადებელი ეჭვქვეშ აყენებს ზემოაღნიშნულ საფოსტო შეტყობინებას, ამის თაობაზე შეუძლია მიმართოს კანონით დადგენილი წესით შესაბამის ორგანოებს, რადგან სასამართლოს კომპეტენციაში არ შედის აღნიშნული ფაქტის გამოკვლევა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის და ამა წლის 25 ნოემბრის განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კანონიერია და არ არსებობს განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. გ-ის წარმომადგენლის ს. შ-ის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს;

უცვლელი დარჩეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის და ამა წლის 25 ნოემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.