Facebook Twitter
saqme #as-1370-1207-2010 4 Tebervali, 2011 weli

№ას-36-31-11 7 მაისი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ღ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ სს ,,ბანკი ...”

გასაჩივრებული გადაწყვეტილება– თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს ,,ბანკი ...მ” სარჩელი აღძრა სასამართლოში ღ. გ-ისა და რ. მ-ის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ, შემდეგი დასაბუთებით: კომერციულ ბანკ „როსიისკი კრედიტი-...ს“ (რომლის ამჟამინდელი სახელწოდებაა სს „ბანკი ...“) და ღ. გ-ს შორის 1998 წლის 8 მაისს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე ღ.გ-მა ბანკიდან აიღო კრედიტი 35 000 აშშ დოლარი 1998 წლის 9 ნოემბრამდე წლიური 36%-ის დარიცხვით. 1998 წლის 9 ნოემბერს ბანკსა და ღ.გ-ს შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმება საკრედიტო ხელშეკრულებაზე, რომლითაც კრედიტის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 1998 წლის 9 დეკემბრით. მიუხედავად ბანკის მიერ მსესხებლის არაერთგზის გაფრთხილებისა, მსესხებელი არ ფარავს დავალიანებას. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ 2005 წლის 12 იანვარს ბანკის სახელზე გამოგზავნილ წერილში მოპასუხე ღ. გ-ი ადასტურებს ბანკის წინაშე არსებულ დავალიანებას. საკრედიტო ხელშეკრულება და დამატებით შეთანხმება უზრუნველყოფილია ღ. გ-სა და რ. მ-ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. მოსარჩელის განმარტებით, 2005 წლის 22 ივლისის მდგომარეობით ღ.გ-ს ერიცხება საკრედიტო დავალიანება 137,154 აშშ დოლარის ოდენობით, მათ შორის 35 000 აშშ დოლარი სესხის ძირითადი თანხა, 102,154 აშშ დოლარი კრედიტზე დარიცხული პროცენტები და საურავი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ღ. გ-ისათვის 100 000 აშშ დოლარის (მათ შორის 35 000 აშშ დოლარის კრედიტის ძირითადი თანხისა და 70 000 აშშ დოლარის კრედიტზე დარიცხული პროცენტის) დაკისრება, მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ღ. გ-ის მიერ საკრედიტო დავალიანების ნაწილის 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის 4534 ლარის დავალიანების დაფარვის მიზნით, ღ. გ-ისა და რ. მ-ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია. 2009 წლის 21 მაისს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მოსარჩელის წარმომადგენელმა, რომლითაც შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა, მოპასუხე ღ. გ-ს დაეკისროს 90 000 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც 35 000 აშშ დოლარი არის დავალიანების ძირითად თანხა, ხოლო 55 000 აშშ დოლარი დარიცხული პროცენტი.

მოპასუხეებმა ღ. გ-მა და რ. მ-ემ აღძრეს შეგებებული სარჩელი და მოითხოვეს 1998 წლის 8 მაისის №1/13 საკრედიტო ხელშეკრულებისა და 1998 წლის 8 მაისის №1/09 იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა შემდეგი დასაბუთებით: სადავო იპოთეკისა და საკრედიტო ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა თბილისში, ა-ის ჩიხ №5-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელიც არის რ. მ-ის საკუთრება და რომელიც არ არის ხელშეკრულების მონაწილე მხარე. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების დადებისას რ. მ-ეს ნება არ გამოუვლენია ნების დასტურად ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია. მოსარჩელეების განმარტებით, რ. მ-ე არ არის და ვერ ჩაითვლება ხელშეკრულების მხარედ. ამდენად, უკანონოდ უნდა ჩაითვალოს რ. მ-ის საკუთრებაში არსებული სახლის იპოთეკით დატვირთვა. მოსარჩელეებმა მიუთითეს სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლზე და განმარტეს, რომ, ვინაიდან იპოთეკა არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და არ არსებობს ნივთის მესაკუთრისა და იპოთეკარს შორის დამოწმებული სანოტარო საბუთი, იპოთეკა უკანონოდ უნდა ჩაითვალოს.

მოპასუხეებს სასამართლოში სარჩელთან დაკავშირებით წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენიათ. სასარჩელო მოთხოვნის შემცირებასთან დაკავშირებით მოპასუხე ღ. გ-მა, (რომელიც ასევე წარმოადგენს ქ. გ-ს) სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ 2005 წლის 12 იანვარს, ე.ი. 7 წლის გასვლის შემდგომ, 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის, მის მიერ დაწერილ წერილის „აღიარებად“ მიჩნევას არა აქვს არავითარი იურიდიული საფუძველი, ვინაიდან არ არის დამოწმებული სანოტარო წესით და არც სხვა პირები ადასტურებენ მის სინამდვილეს. ამასთან, მოპასუხემ აღნიშნა, რომ მას წერილი დააწერინეს იძულებით, მუქარით, რასაც ადასტურებს მისი დედის _ რ. მ-ის წერილი. მოპასუხემ ასევე აღნიშნა, რომ გაუგებარია, რა იურიდილი ნორმით ხელმძღვანელობს მოსარჩელე, როდესაც ათვლის წერტილად ასახელებს 2005 წლის 12 იანვრიდან 2009 წლის 21 მაისამდე ვადას _ 1590 დღეს, როდესაც ასევე გასულია სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, რადგან 1590 დღე არის 4 წელი და 3 თვე. ღ.გ-ის განმარტებით, იმ დროს, როდესაც მან დაარღვია ხელშეკრულება, არ იქნა აღძრული სარჩელი სასამართლოში. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ მას მოსარჩელისათვის სადავო თანხის შემცირების მოთხოვნით არ მიუმართავს. ღ.გ-მა აღნიშნა, რომ იპოთეკის ხელშეკრულება ბათილია იმ გარემოების გამოც, რომ ბანკი ვალდებული იყო ტექ.ბიუროში გატარებული იპოთეკა 2000 წლიდან დაერეგისტრირებინა საჯარო რეესტრში, იპოთეკა საჯარო რეესტრში არ იყო რეგისტრირებული 2008 წლის 8 ივლისამდე.

შეგებებული სარჩელის მოპასუხე სს „ბანკი ...ს“ წარმომადგენელმა შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოს წარმოუდგინა შესაგებელი, რომლითაც არ ცნო შეგებებული სარჩელი და განმარტა, რომ მცდარია მოსარჩელეთა მოსაზრება იმის შესახებ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება წარმოადგენდა საკრედიტო ხელშეკრულების საგანს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს „ბანკი ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ღ. გ-ს სს „ბანკი ...ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 90 000 (ოთხმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ანაზღაურება. დავალიანების გადახდევინება დადგინდა მოპასუხეების, ღ. გ-ისა და ქ. გ-ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული ქ. თბილისში, ა-ის №5 ჩიხში მდებარე უძრავი ქონების რეალიზაციის გზით, კერძოდ: საცხოვრებელი სახლი ლიტერ „დ“ საცხოვრებელი ფართი 82 კვ.მ და ლიტერ „ა“ 1/3 ნაწილი (საჯარო რეესტრის მონაცემებით – ღ. გ-ის კუთვნილი ნაგებობა №1 საერთო ფართით 268,73 კვ.მ აქედან 1/4 ნაწილი და ნაგებობა №3 საერთო ფართით 196,57 კვ.მ აქედან 1/3-დან 1/2. ქ. გ-ის კუთვნილი ნაგებობა №1 საერთო ფართით 268,73 კვ.მ აქედან, 1/4 ნაწილი და ნაგებობა №3 საერთო ფართით 196,57 კვ.მ აქედან 1/3-დან 1/2). ღ. გ-ისა და ქ. გ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ღ. და ქ. გ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. და ღ. გ-ების სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სს „ბანკი ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ღ. გ-ს სს „ბანკი ...ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 90 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, დავალიანების გადახდევინების მიზნით დადგინდა ღ. გ-ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული თბილისში, ა-ის №5-ში მდებარე უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია, (საჯარო რეესტრის მონაცემებით – ღ. გ-ის კუთვნილი ნაგებობა №1 საერთო ფართით 268,73 კვ.მ აქედან 1/4 ნაწილი და ნაგებობა №3 საერთო ფართით 196,57 კვ.მ აქედან 1/3-დან 1/2.), ღ. გ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ქ. გ-ის შეგებებული სარჩელი, გაუქმდა სს „ბანკი ...სა“ და რ. მ-ეს შორის 1998 წლის 8 მაისს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება საჯარო რეესტრის მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების შეტანით, ღ. გ-ს სს „ბანკი ...ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 4534 ლარის გადახდა, სს „ბანკი ...ს“ ქ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1900 ლარის გადახდა, სს „ბანკი ...ს“ დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 600 ლარის ოდენობით.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ: 1998 წლის 8 მაისს კომერციულ ბანკ „როსიისკი კრედიტი-...სა” და ღ. გ-ს შორის გაფორმებულ იქნა საკრედიტო ხელშეკრულება №ს 1/13-98, რომლის საფუძველზე ღ. გ-მა ბანკიდან აიღო კრედიტი 35 000 აშშ დოლარის ოდენობით 1998 წლის 9 ნოემბრამდე, წლიური 36%-ის დარიცხვით. საქმეში წარმოდგენილია 1998 წლის 8 მაისის №ი 1/09-98 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ბანკსა და ღ. გ-ს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ღ. გ-ისა და რ. მ-ის (ღ. გ-ის დედა) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისში, ა-ის ჩიხში №5-ში, საცხოვრებელი ფართობით 82 კვ.მ. ლიტ „დ“ და ლიტ „ა“ 1/3 ნაწილი. ხელშეკრულებაზე ხელს აწერს ერთის მხრივ, ბანკის წარომადგენელი და, მეორეს მხრივ, ღ. გ-ი. დადგენილია, რომ წარმოდგენილი იპოთეკის ხელშეკრულებაში შეტანილია ჩამატება შემდეგი სახით: „და რ. მ-ე” ლიტ „დ“ და ლიტ „ა“; ჩამატება დამოწმებულია ნოტარიუსის მიერ; დადგენილია, რომ 1998 წლის 8 მაისს ღ. გ-მა ნოტარიუსს წარუდგინა 1998 წლის 21 აპრილს რ. მ-ის მიერ გაცემული მინდობილობა, რომლის თანახმად, რ. მ-ე სრულ უფლებას აძლევს შვილს, ღ. გ-ს, მართოს და განაგოს მთელი მისი ქონება, დადოს კანონით ნებადართული ყოველგვარი გარიგება ქონების მართვასთან დაკავშირებით, კერძოდ: შეისყიდოს, გაასხვისის, გააჩუქოს, მიიღოს საჩუქრად, გაცვალოს, დააგირავოს და მიიღოს გირაოდ შენობა თუ სხვა ქონება იპოთეკის ხელშეკრულება დარეგისტრირდა ტექინვენტარიზაციის ბიუროში, რაც დასტურდება იპოთეკის ხელშეკრულებაზე ტექ.ინვენტარიზაციის სამსახურის მიერ დასმული შტამპით და 24/12/2007 წელს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ გაცემული ცნობა-დახასიათებით, რომლის თანახმად იპოთეკის განყოფილებაში დაფიქსირებულია 1998 წლის 8 მაისს სს „ბანკ ...ს“, ღ. გ-სა და რ. მ-ეს შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების საგანი – ლიტერ „დ“ და ლიტერ „ა“-ს 1/3 ნაწილი, მდებარე, ქ. თბილისში, ა-ის ჩიხ №5-ში. 1998 წლის 9 ნოემბერს ბანკსა და ღ. გ-ს შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმება №1 1998 წლის 8 მაისის №ს 1/13-98 საკრედიტო ხელშეკრულებაზე, რომლითაც შეიცვალა 1998 წლის 8 მაისის საკრედიტო ხელშეკრულების 2.1 ქვეპუნქტი და განისაზღვრა, რომ კრედიტი მსესხებლის მიერ დაბრუნდებოდა 1998 წლის 9 დეკემბერს, ასევე შეიცვალა საკრედიტო ხელშეკრულების 8.1 და 8.2 ქვეპუნქტები და განისაზღვრა, რომ ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენდა, დავალიანების თანხის წლიურ 42 %-ს. სს „ბანკი ...“ წარმოდგენს სს კომერციული ბანკი „როსიისკი კრედიტ-...“-ს სამართალმემკვიდრეს. 2005 წლის 12 იანვარს ბანკის სახელზე გაგზავნილ წერილში მოპასუხე ღ. გ-მა დაადასტურა ბანკის წინაშე არსებული დავალიანება. ბანკის გამგეობის თავმჯდომარის სახელზე რიცხულ წერილში მითითებულია, რომ გარკვეული ობიექტური, თუ სუბიექტური გარემოებების გამო, ვერ შესძლო ვალის დროული დაფარვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, რ. გ-მა ითხოვა ვალის დაფარვის ბოლო ვადად 2005 წლის 25 იანვრის განსაზღვრა, რა დროისათვისაც ღ. გ-მა ივალდებულა ბანკში 35 000 აშშ დოლარის შეტანა. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა ღ. გაფრინდაშვლისათვის 100 000 აშშ დოლარის დაკისრება, მათ შორის 35 000 აშშ დოლარი კრედიტის ძირითადი თანხა, 70 000 აშშ დოლარი – კრედიტზე დარიცხული პროცენტი. 2009 წლის 21 მაისს სასამართლოს სასარჩელო მოთხოვნის შემცირების შესახებ შუამდგომლობით მიმართა სს „ბანკი ...ს“ წარმომადგენელმა, რომელშიც აღნიშნა, რომ ბანკმა მხედველობაში მიიღო მოპასუხის მძიმე სოციალური მდგომარეობა და სახელშეკრულებო სარგებლის (36 თვის პროცენტი) და პირგასამტეხლოს ნაცვლად მოითხოვა საკრედიტო დავალიანების ძირითად თანხაზე კანონისმერი პროცენტის დარიცხვა 2005 წლის 12 იანვრიდან (მოვალის მიერ აღიარებითი შინაარსის წერილის ბანკში წარდგენის თარიღიდან), რაც შეადგენს 55 000 აშშ დოლარს, ასევე ძირითადი თანხის, 35 000 აშშ დოლარის, დაკისრება მოპასუხისათვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1-ლი აგვისტოს საოქმო განჩინებით რ. მ-ის გარდაცვალების გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე სამოქალაქო საქმის წარმოება შეჩერდა, ხოლო ამავე სასამართლოს 2008 წლის 4 მარტის განჩინებით ქ. გ-ი საქმეში ჩაბმულ იქნა რ. მ-ის უფლებამონაცვლედ. საჯარო რეესტრის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბების ანუ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლის შემდეგ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა 2008 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით, ასევე 14.12.2007 წლის ნოტარიუს მ. ბრეგვაძის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა იპოთეკა, რაზედაც გასცა შესაბამისი ამონაწერი. საჯარო რეესტრის მონაცემებით იპოთეკის საგანს წარმოადგენდა _ ღ. გაფრიდაშვილის კუთვნილი ნაგებობა №1 საერთო ფართით 268,73 კვ.მ, აქედან 1/4 ნაწილი და ნაგებობა №3 საერთო ფართით 196.57 კვ.მ, აქედან 1/3-დან 1/2; ქ. გ-ის კუთვნილი ნაგებობა №1 საერთო ფართით 268.73 კვ.მ, აქედან ¼1/4 ნაწილი და ნაგებობა №3 საერთო ფართით 196.57 კვ.მ, აქედან 1/3-დან 1/2. იპოთეკის საფუძლად მითითებულია 08.05.1998 წლის იპოთეკის ხელშეკრულება №ი1/09-98, რეესტრის №2-475.

სააპელაციო სასამართლომ ღ. გ-ისათვის სესხის ძირითადი თანხის _ 35 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, ხოლო სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება. პალატამ განმარტა, რომ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების წარმოშობის საფუძველია მხარეთა შორის არსებული საკრედიტო ხელშეკრულება, სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მიმართ უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. მოცემულ შემთხვევაში, 2005 წლის 12 იანვრის წერილით აღიარებულია ბანკის მიმართ არსებული დავალიანების ფაქტი. ამავე წერილის შესაბამისად, მოვალის მიერ გამოვლენილია ნება მომავალში, კონკრეტულ შემთხვევაში, უკვე არსებული სამართალურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებაზე, კერძოდ, ღ. გ-ი აღიარებს ვალდებულების შესრულებას მომავალში. 2005 წლის 25 იანვრამდე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არ აქვს უფლება მოსთხოვოს შესრულების დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, იგივე წესი გამოიყენება ვალდებული პირის აღიარებასა და უზრუნველყოფის საშუალებათა მიმართაც. მოცემულ შემთხვევაში, 2005 წლის 12 იანვრის წერილით აღიარებულია ბანკის მიმართ არსებული დავალიანების ფაქტი, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო თავიდან, სარჩელი კი აღძრულია 2005 წლის 22 ივლისს. პალატამ არ გაზიარა აპელანტის განმარტებას იმის შესახებ, რომ ვალის არსებობის აღიარების ხელწერილი შედგენილია იძულებისა და მუქარის გამოყენებით, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მითითებული გარემოება ღ. გ-ის მიერ არ არის დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებებით. 2009 წლის 21 მაისის განცხადებით მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა პროცენტის ნაწილში 70 000 აშშ დოლარიდან 55 000 აშშ დოლარამდე, ასევე მოითხოვა, რომ მოპასუხეს დაკისრებოდა კანონით განსაზღვრული პროცენტი არა 1998 წლის 8 მაისიდან (სარჩელის შესაბამისად), არამედ 2005 წლის 12 იანვრიდან (ვალის აღიარებიდან). სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ განცხადებაში მითითებული გარემოებები წარმოადგენდა სარჩელის საფუძვლის შეცვლას.

აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ განმარტა, მოცემულ შემთხვევაში სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლებს წარმოადგენდა მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება და ვალის აღიარების ხელშეკრულება, რაც მოსარჩელის მიერ არ შეცვლილა. დადგენილია, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების დრო დადგა 2005 წლის 25 იანვარს. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხეს არ შეუსრულებია ნაკისრი ვალდებულება. სარჩელი მოპასუხისათვის კანონისმიერი პროცენტის დაკისრების შესახებ კანონიერია, რაც მოსარჩელის მოთხოვნით შეადგენდა 55 000 აშშ დოლარს (2005 წლის 25 იანვრიდან 2009 წლის 21 მაისამდე Yყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0.1%).

სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ იმ მოტივით, რომ ხელშეკრულება არ ყოფილა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და ამ ნაწილში სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებსა და შეფასებებს. სამოქალაქო კოდექსის 1515-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე სამოქალაქო კოდექსით ამ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელება დაეკისრა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებს. 1998 წლის მაისისათვის ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახური, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ იპოთეკის ხელშეკრულების რეგისტრაცია შესაძლებელი იყო ტექინვენტარიზაციის ბიუროში და ამ გზით რეგისტრირებული იპოთეკის ხელშეკრულება არ შეიძლება ჩაითვალოს ბათილად.

რაც შეეხება რ. მ-ის უძრავ ქონებაზე გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობას იმ საფუძვლით, რომ რ. მ-ეს ღ. გ-ისათვის არ მიუნიჭებია ქონების იპოთეკით დატვირთვის უფლებამოსილება, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მინდობილობაში მითითებული პირობების თანახმად, რ. მ-ემ უფლებამოსილება მიანიჭა ღ. გ-ს კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოეყენებინა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რაც სამართლებრივად ნიშნავს უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის უფლებამოსილების მინიჭებას. ამდენად, არ არსებობდა იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გარიგების გაფორმებასთან დაკავშირებული ყველა წესი, რომელიც დადგენილია ნორმატიული აქტებით, ემსახურება ერთადერთ მიზანს _ გარიგების მონაწილეთა ნების სწორად დაფიქსირებას, აქედან გამომდინარე, გარიგების ბათილობას საფუძვლად შეიძლება დაედოს მხოლოდ ისეთი დარღვევა, რომელიც საეჭვოს ხდის ნების ნამდვილობას. ნების ნამდვილობის შემთხვევაში ნოტარიუსის მიერ სანოტარო დოკუმენტაციის არასწორი გაფორმება საფუძვლად ვერ დაედება გარიგების ბათილობას.

რაც შეეხება ქ. გ-ის სააპელაციო საჩივარს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ქ. გ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაციის ნაწილში. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ ღ. გ-სა და ბანკს შორის 1998 წლის 8 მაისს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იქნა ღ. გ-ისა და რ. მ-ის (უფლებამონაცვლე ქ. გ-ი) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. 1998 წლის 9 ნოემბერს ბანკსა და ღ. გ-ს შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმება, რომლითაც შეიცვალა 1998 წლის 8 მაისის საკრედიტო ხელშეკრულების 2.1 ქვეპუნქტი და განისაზღვრა, რომ კრედიტი მსესხებლის მიერ დაბრუნდებოდა 1998 წლის 9 დეკემბერს. დადგენილია, რომ რ. მ-ე არ არის იპოთეკით დატვირთული უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე, ასევებანკს სასარჩელო მოთხოვნის სამწლიან ვადაში მოვალისათვის მოთხოვნა არ წარუდგენია, არამედ მოვალე ღ. გ-მა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ აღიარა ბანკის წინაშე არსებული დავალიანება. აღნიშნული დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოვალის მიერ ვალდებულების აღიარება ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ავტომატურად არ წარმოუშობს კრედიტორს უფლებას, რომ მოთხოვნა დაიკმაყოფილოს არაპირადი მოვალის ქონებიდან. კონკრეტულ შემთხვევაში სავალდებულოა რ. მ-ის, როგორც არაპირადი მოვალის, ნება უზრუნველყოფის საშუალებად მისი ქონების გამოყენებასთან დაკავშირებით, რაც არ არსებობს, შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე. სამართლებრივი შედეგი არ დადგება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიაჩნია, რომ რ. მ-ესა და ბანკს შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს და შესაბამისი ცვლილებები უნდა იქნეს შეტანილი საჯარო რეესტრის მონაცემებში.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 11 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ღ. და ქ. გ-ებმა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18 მარტის განჩინებით ქ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. ღ. გ-მა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: კასატორს მიაჩნია, რომ ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანია ისეთი საკითხის გარკვევა, როგორიცაა სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლი - სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, კარგავს თუ არა სამართლებრივ ძალას აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად დადებული იპოთეკის ხელშეკრულება. ამასთან მნიშვნელოვანია სამოქალაქო კოდექსის 289-ე მულისა და 1515-ე მუხლების პრაქტიკაში რეალიზაციის დროს აღნიშნულ ნორმათა ურთიერთ შესაბამისობის საკითხის გარკვევა, კერძოდ, მოითხოვს თუ არა საჯარო რეესტრში სავალდებულო ან განმეორებით რეგისტრაციას, საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე იპოთეკის ხელშეკრულება. კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა და განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოსარჩელემ სასამართლო განხილვის მთავარი სხდომის სტადიაზე სასარჩელო მოთხოვნის შემცირების დროს, სამართლებრივად და ფაქტობრივად შეცვალა სარჩელის საგანი და საფუძველი, მაგრამ, ზემოთ ხსენებული ნორმის თანახმად, აღნიშნულ სტადიაზე როგორც მოპასუხემ ამის თანხმობა არ მისცა. პირველი ინსტანციის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში გაიზიარა მისი პოზიცია და მოსარჩელეს მიერ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები ჩათვალა სარჩელის საფუძვლის შეცვლად. ამ პირობებში სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო სწორად შეეფასებინა და განემარტა სარჩელის საფუძვლისა და საგნის შეცვლის სამართლებრივი მომენტები და ამის შესაბამისად გამოეტანა გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს მიერ ზემოხსენებული ნორმის სწორად შეფასების შემთხვევაში აღნიშნული ნორმა მნიშნელოვნად არ დაირღვეოდა, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უარი ეთქვა საჩივრის მთლიან დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ერთ-ერთი საფუძველია მხარეთა შორის 1998 წლის 8 მაისს დადებული საკრედიტო ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს მხარეთა პასუხისმგებლობა, მოსარჩელემ 2009 წლის 21 მაისის შუამდგომლობით შეცვალა 1998 წლის 8 მაისს დადებული, საკრედიტო ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.1 და 8.2 პუნქტებით განსაზღვრული მხარეთა პასუხისმგებლობის პირობები და საფუძვლები და აღნიშნულ პირობებზე უარის თქმით მოითხოვა სასარჩელო მოთხოვნის სახით, საკრედიტო დავალიანების ძირითად თანხაზე მსესხებელს დარიცხოდა კანონისმიერი პროცენტი, რომლის ოდენობაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს დავალიანების ძირითადი თანხის – 35000 აშშ დოლარის 0,1%-ს. ამ შემთხვვაში მოსარჩელე მხარემ უარი თქვა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მხარეთა პასუხისმგებლობის საფუძვლებსა და პირობებზე და თავისი მოთხოვნა დაამყარა საკრედიტო ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელ პირობრბზე. აღნიშნული არგუმენტებით და მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება, რომ სამართლებრივად და ფაქტობრივად შეიცვალა სარჩელის საფუძველი, სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე და 131-ე მუხლები. კონკრეტულ შემთხვევაში იმდენად რამდენადაც, სასამართლოს მტკიცებით, მოსარჩელის მიერ 2009 წლის 21 მაისს სასამართლოს მთავარ სხდომაზე შემცირებული სასარჩელო მოთხოვნის საფუძველია, მოპასუხე ღ. გ-ის მიერ 2005 წლის 25 იანვრის წერილი ვალის აღიარების შესახებ. ზემოხსენებული ნორმის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. ამ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს მოთხოვნა წარმოეშვა 2005 წლის 25 იანვრიდან, ე.ი მოპასუხის მიერ ვალის აღიარებს მომენტიდან. თანახმად სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლისა, სასარჩელო მოთხოვნა 2005 წლის 25 იანვრიდან 2009 წლის 21 მაისამდე ვალის ანაზღაურების შესახებ, მოსარჩელემ დააყენა 2009 წლის 21 მაისს. ე.ი სასარჩელო მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, 2005 წლის 25 იანვრიდან 2009 წლის 21 მაისამდე გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იყო მოპასუხე ღ. გ-ისა და მესამე პირის, რ. მ-ის უძრავი ქონების იპოთეკით. სამართლებრივად სესხის ხელშეკრულების, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ასევე გადის იპოთეკის ხელშეკრულების ვადაც, რადგანაც იპოთეკით სესხის უზრუნველყოფას სამართლებრივი ძალა აქვს მანამდე, სადამდეც არსებობს სახელშეკრულებო მოთხოვნის ვადა. სესხის ხელშეკრულების, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ სესხის ხელშეკრულების განმეორებითი აღიარება ვალდებული პირის მიერ სამართლებრივად, ავტომატურად არ იწვევს იპოთეკის ხელშეკრულების აღიარებას და ვადის გაგრძელებას. კასატორის მოსაზრებით, მის მიერ მიცემული ახსნა განმარტებებითა და სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით, ფაქტობრივად დადგენილია, რომ ნების გამოვლინების საწინააღმდეგოდ, იძულებით, მუქარითა და შანტაჟით დააწერინეს განცხადება ვალის აღიარების შესახებ. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებული იყო შეეფასებინა აღნიშნული მტკიცებულება, და გარიგება ჩაეთვალა ბათილად, რადგანაც იგი დაიდო იძულებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ღ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა)საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

მოცემულ საქმეზე დავის საგანია ვალდებულების შესრულება და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია. კასატორი სადავოდ ხდის სამოქალაქო კოდექსის 144-ე, 130-ე, 131-ე და 341-ე მუხლების გამოყენების კანონიერებას. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ღ. გ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ღ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.