Facebook Twitter

№ას-402-381-2012 21 მაისი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. ს-ე

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ქუთაისის №45 ყრუ ბავშვთა სკოლა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 7 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მ. ს-ემ მოპასუხე სსიპ ქუთაისის №45 ყრუ ბავშვთა სკოლის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სამუშაოდან მისი გათავისუფლების შესახებ მოპასუხე სკოლის დირექტორის 2011 წლის 5 სექტემბრის №100 ბრძანების გაუქმება, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 იანვრის განჩინებით მ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2010 წლის 7 მაისს, მ. ს-ესა და სსიპ ქუთაისის №45 ყრუ ბავშვთა სკოლის დირექტორს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება. დასახელებული ხელშეკრულებით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები. ამასთან, განისაზღვრა ხელშეკრულების მოქმედების ვადა, რომელიც 7.2 პუნქტის თანახმად მოიცავდა პერიოდს 2010 წლის 7 მაისიდან 2013 წლის აგვისტოს ჩათვლით.

2011 წლის 9 აგვისტოს მოსარჩელე გაფრთხილებულ იქნა მასთან არსებული შრომითი ურთიერთობის მოსალოდნელი მოშლის თაობაზე. აღნიშნული გაფრთხილება არ ჩაიბარა და მას ხელი არ მოაწერა მ. ს-ემ.

მ. ს-ე, 2011 წლის 5 სექტემბერს გათავისუფლდა სამსახურიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „დ" ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მოწინააღმდეგე მხარის მიერ მიცემული განმარტების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ს-ის სამსახურიდან გათავისულება მოხდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „დ" ქვეპუნქტის საფუძველზე, რასაც თავის მხრივ საფუძვლად დაედო სკოლაში ახალი საათობრივი ბადის დამტკიცება და საათების შემცირება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს განათლებისა და მეცნიერებათა მინისტრის მიერ 2005 წლის 15 სექტემბერის №448 ბრძანებაზე, რომლითაც დაფუძნდნენ ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით, მათ შორის, ქუთაისის №45 ყრუ-ბავშვთა სკოლა. ამავე ბრძანებით დამტკიცდა საჯარო სკოლების წესდება.

საჯარო სკოლის წესდების პირველი მუხლის თანახმად საჯარო სკოლა არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით და საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად. სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტით და წესდებით. წესდების მე-7-ე მუხლის თანახმად სკოლის დირექტორი ახორციელებს სკოლის მართვას, უფლებამოსილია ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება მასწავლებელთან.

„ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის საფუძველზე, სკოლის დირექტორი ახორციელებს სკოლის მართვას, შეიმუშავებს საშტატო განრიგს, საქართველოს კანონმდებლობისა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულ ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერებათა მინისტრის ბრძანების გარდა, განსახილველ შემთხვევაში დავის გადასაწყვეტად სამართლის წყაროდ გვევლინება შრომის კანონთა კოდექსიც. აღნიშნული კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების მოშლა შეიძლება ერთ- ერთი მხარის ინიციატივით. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია შრომითი ხელშეკრულების მოშლა, რომელიც შეიძლება განხორციელდეს ერთ-ერთი მხარის ინიციატივით.

იმ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ ქუთაისის №45 ყრუ ბავშვთა სკოლაში მოხდა საათების შემცირება, რამაც სკოლის საათობრივი ბადის ცვლილებები გამოიწვია, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ს-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება შეესაბამებოდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-38-ე მუხლებს და მისი ბათილად ცნობის კანონიერი საფუძველი არ არსებობდა.

კონკრეტულ შემთხვევაში, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მიერ მითითებულ და სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივი გარემოებათა ვითარებაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სკოლის ადმინისტრაციას გააჩნდა ობიექტური საფუძველი აპელანტთან შრომითი ურთიერთობის მოშლისათვის (საათების შემცირება). აღნიშნულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა ვითარებაში სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობდა მ. ს-ის სამუშაოზე აღდგენისა და შესაბამისად განაცდურის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძვლები.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ს-ემ.

საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-3 ნაწილი. სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ გაითვალისწინა მოპასუხის არასწორი განმარტებები თითქოსდა საათობრივ ბადეში საათების შემცირების გამო მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და მასზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება. მოპასუხემ შრომითი ხელშეკრულება შეწყვიტა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ცალმხრივად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 მარტის განჩინებით მ. ს-ის საკასაციო საჩივარი იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ამავე სასამართლოს 2012 წლის 10 მაისის განჩინებით ხარვეზის შეუვსებლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული მ. ს-ის საკასაციო საჩივარი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გაუქმებისა და სამსახურში აღდგენის ნაწილში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ს-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.