Facebook Twitter

№ას-428-406-2012 7 მაისი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - მ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - ბ. გ-ა, ლ. ჩ-ა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – აღსრულების ღონისძიების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ჩ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. მ-ისა და ბ. გ-ას მიმართ დაყადაღებული ქონების აღწერის სიიდან მის პირად საკუთრებაში არსებული ნივთების ყადაღის სიიდან ამორიცხვის მოთხოვნით.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 20 იანვრის განჩინებით მ. მ-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო და მის სახელზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი. აღნიშნული საქმე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არაერთხელ განიხილა.

2012 წლის 25 იანვარს მ. მ-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა აღსრულების ღონისძიების გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 თებერვლის განჩინებით მ. მ-ის განცხადება აღსრულების ღონისძიების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით, ლ. ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2006 წლის 7 ივნისის მოვალე ბაჩუკი ქ-ას ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან ამორიცხულ იქნა და გათავისუფლდა ყადაღისაგან შემდეგი დასახელების ნივთები: საძინებელი გარნიტური (კარადა, „ტრილიაჟი“, 2 ცალი ტუმბო, 2 ცალი საწოლი), მისაღები ოთახის გარნიტური (მაგიდა, 4 ცალი სკამი, გასაშლელი დივანი, 2 ცალი სავარძელი, პატარა მაგიდა, კარადა), ფერადი ტელევიზორი, მაცივარი, ელექტროღუმელი, წიგნების კარადა, კედლის წიგნების კარადა, სამზარეულო გარნიტური.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებლო ბიუროს 2006 წლის 7 ივნისის მოვალე ბ. გ-ას ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან ამორიცხულ იქნა და გათავისუფლდა ყადაღისაგან შემდეგი დასახელების ნივთები: ელექტროღუმელი, წიგნების კარადა და კედლის წიგნების კარადა. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. მ.მ-ეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 156 ლარისა და 60 თეთრის გადახდა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოებისათვის. ლ. ჩ-ას სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოებისათვის დაეკისრა სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის გადახდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 20 იანვრის განჩინებით მ. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, გაცემულია სააღსრულებო ფურცელი. 2012 წლის 25 იანვარს მ. მ-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და, ფინანსური სიდუხჭირის გამო, მოითხოვა სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული ბაჟის ნაწილში წარმოებული აღსრულების ღონისძიების გაუქმება, თანახმად „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის“ 31-ე მუხლისა.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე მ. მ-ემ თავისი განცხადებებით არაერთხელ მოითხოვა გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება და სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა და სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის უკან გამოთხოვა, რაზედაც სასამართლომ მრავალჯერ იმსჯელა და არაერთი განჩინება გამოიტანა. უზენაეს სასამართლოში აღნიშნულ განჩინებებს მ.მ-ე კერძო საჩივრებით ასაჩივრებდა, ასევე არსებობს უზენაესი სასამართლოს არაერთი განჩინება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებების უცვლელად დატოვების თაობაზე ზემოთ ხსენებულ განცხადებებზე.

მ. მ-ის მიერ მოხმობილი ნორმა თავისი პოზიციის გასამყარებლად, პალატამ არ გაიზიარა და განმარტა: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლში აღნიშნულია შემდეგი: 1. ამ კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენებისას, აგრეთვე, ამავე კანონის 83-ე, 84-ე და 901 მუხლებით განსაზღვრული მოქმედებების განხორციელებისას, თუ, აღსრულების ადგილზე შექმნილი განსაკუთრებული ვითარების (მოვალის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობის, გარდაცვალებისა ან სხვა საგანგებო შემთხვევის) გამო, შესაბამისი მოქმედების გაგრძელება არ შეესაბამება მორალის ზოგად პრინციპებსა და ნორმებს, მოვალის განცხადების საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიუროს შეუძლია, არა უმეტეს 6 თვის ვადით გადადოს იძულებითი აღსრულების ესა თუ ის ღონისძიება. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია, დადგენილი ვადა ერთჯერადად გააგრძელოს კიდევ 6 თვემდე. (17.06.2011, №4827 ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივლისიდან). ამავე კანონის მეორე მუხლში აღნიშნულია: თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ფაქტობრივი ვითარება არ შეიცვლება, მოვალის განცხადების საფუძველზე სასამართლოს შეუძლია, მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს იძულებითი აღსრულების ღონისძიება, აკრძალოს ან დროებით შეაჩეროს ესა თუ ის ღონისძიება არა უმეტეს 3 თვის ვადით.

პალატამ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში არათუ სასამართლო, არამედ აღსრულების ეროვნული ბიურო წყვეტს საკითხს მის მიერ დადგენილი აღსრულების ვადის ერთჯერადად გაგრძელებაზე იმ საფუძვლების არსებობისას, რაზეც ამ მუხლშია მითითებული (მოვალის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა, გარდაცვალების ან სხვა საგანგებო შემთხვევისას). კონკრეტულ შემთხვევაში, მ. მ-ეს ასეთი განცხადებით აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის არ მიუმართავს და, შესაბამისად, დადგენილ ვადასაც ვერ გაუგრძელებდა.

მ. მ-ის ასეთი ტიპის მოთხოვნის სასამართლოს მიერ განხილვის შესაძლებლობას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლი ითვალისწინებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღსრულების ეროვნული ბიურო აღსრულებისთვის ერთჯერადად დადგენილ ვადას გააგრძელებს და, მიუხედავად ამისა, მოცემული სიტუაცია (მოვალე-გადამხდელისა) მაინც არ შეიცვლება. უდავოდ დგინდება, რომ აღნიშნულ საკითხზე აღსრულების ღონისძების გაუქმების საკითხზე, უნდა არსებობდეს მოვალის განცხადება თვით აღსრულების ბიუროსადმი, შემდეგ აღსრულების ბიურომ ეს დადგენილი ვადა ერთჯერადად უნდა გააგრძელოს 6 თვით და ამ ვადის გასვლის შემდეგ სიტუაციის შეუცვლელობის შემთხვევაში მოვალის განცხადების საფუძველზე საკითხს იხილავს სასამართლო.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. მ-ემ შემდეგი დასაბუთებით: 2012 წლის 23 იანვრის განცხადებაში კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა უკანონოდ დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის - 156 ლარისა და 60 თეთრის გადახდის შესახებ აღსრულების ღონისძიების გაუქმებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლით. მ.მ-ე სოციალურად დაუცველია და იგი უკანონოდ იმყოფება მოვალეთა რეესტრში, აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორს უსაფუძვლოდ მიაჩნია გასაჩივრებული განჩინება და ითხოვს გაუქმებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, მ.მ-ეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 156 ლარისა და 60 თეთრის გადახდა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოებისათვის. აღნიშნულ გარემოებას მ.მ-ე ხდის სადავოდ შემდეგი დასაბუთებით: გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის კერძო საჩივრის ავტორი წარმოადგენდა სოციალურად დაუცველ პირს და მას არ უნდა დაკისრებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

ქუთაისის სააპელაციო და საქართველოს უზენაესმა სასამართლოებმა არაერთხელ იმსჯელეს მ.მ-ისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების კანონიერებაზე, ამდენად, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნული არგუმენტის ხელახალ შეფასებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს.

ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, მ. მ-ე ითხოვს აღსრულების ღონისძიების გაუქმებას, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენებისას, აგრეთვე ამავე კანონის 83-ე, 84-ე და 901 მუხლებით განსაზღვრული მოქმედებების განხორციელებისას, თუ აღსრულების ადგილზე შექმნილი განსაკუთრებული ვითარების (მოვალის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა, გარდაცვალება ან სხვა საგანგებო შემთხვევა) გამო შესაბამისი მოქმედების გაგრძელება არ შეესაბამება მორალის ზოგად პრინციპებსა და ნორმებს, მოვალის განცხადების საფუძველზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია არა უმეტეს 6 თვის ვადით გადადოს იძულებითი აღსრულების ესა თუ ის ღონისძიება. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი ვადა ერთჯერადად გააგრძელოს კიდევ 6 თვემდე ვადით.

ზემოდასახელებული ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ მ. მ-ის ასეთი ტიპის მოთხოვნის სასამართლოს მიერ განხილვის შესაძლებლობას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლი ითვალისწინებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღსრულების ეროვნული ბიურო აღსრულებისათვის დადგენილ ვადას გააგრძელებს და მიუხედავად ამისა, მოცემული სიტუაცია (მოვალე-გადამხდელისა) მაინც არ შეიცვლება. აღსრულების ღონისძიების გაუქმების საკითხზე უნდა არსებობდეს მოვალის განცხადება თვით აღსრულების ბიუროსადმი, შემდეგ, აღსრულების ბიურომ ერთჯერადად უნდა გააგრძელოს დადგენილი ვადა 6 თვემდე და ამ ვადის გასვლის შემდეგ სიტუაციის შეუცვლელობის შემთხვევაში, მოვალის განცხადების საფუძველზე საკითხს განიხილავს სასამართლო.

კონკრეტულ შემთხვევაში, მ. მ-ეს ასეთი განცხადებით აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის არ მიუმართავს და განმცხადებლისათვის აღსრულების ეროვნულ ბიუროს ერთჯერადად არ გაუგრძელებია მის მიერ დადგენილი ვადა. აღნიშნულის გამო, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად აღსრულების ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ. მ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 13 თებერვლის განჩინების გაუქმებასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 თებერვლის განჩინება.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.