№ას-1705-1689-2011 04 ივნისი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – 1. შპს „... – 2007“
2. ზ. ტ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორ შპს „... – 2007-ის“ მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;
კასატორ ზ. ტ-ის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2011 წლის 19 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ზ. ტ-მ მოპასუხე შპს „... – 2007-ის“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 17500 აშშ დოლარის, მათ შორის, ძირითადი თანხის – 10000 აშშ დოლარის და ყოველთვიური სარგებლის – 7500 აშშ დოლარის დაკისრება.
მოსარჩელემ განმარტა, რომ 2007 წლის ნოემბერში 14000 აშშ დოლარი მიიტანა შპს „... – 2007-ში“, რომელიც ეწეოდა სალომბარდე საქმიანობას. აღნიშნული საზოგადოების დირექტორ ს. თ-ის თანხმობით, მან 14000 აშშ დოლარი ჩააბარა ლომბარდის თანამშრომელს, ოპერატორ ნ. დ-ს. მოსარჩელის განმარტებით, მას ლომბარდიდან გადაცემული თანხის სანაცვლოდ უნდა მიეღო ყოველთვიური სარგებელი 2.5%-ის ოდენობით. იგი 10 თვის განმავლობაში ლომბარდიდან იღებდა ყოველთვიურ სარგებელს, რომელსაც ზოგჯერ მას აძლევდა შპს „... – 2007-ის“ დირექტორი ს. თ-ე, ხოლო ზოგჯერ თანამშრომელი ნ. დ-ე. შემდგომში მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ ლომბარდში მუშაობას თავი დაანება ნ. დ-მ. ამ უკანასკნელის სამუშაოდან წასვლის შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში, ს. თ-ე კვლავ აძლევდა მოსარჩელეს სარგებელს, მაგრამ შემდეგ აღნიშნულზე უარი განუცხადა. 2008 წლის ბოლოს, ს. თ-მ, ნ. დ-ის თანდასწრებით, მოსარჩელეს დაუბრუნა 4000 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენი 10000 აშშ დოლარის დაბრუნებაზე უარი უთხრა (ს.ფ. 2-12).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილებით ზ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „... – 2007-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 17500 აშშ დოლარის გადახდა (ს.ფ. 157-162).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხე შპს „... – 2007-მა“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ზ.ტ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 166-176).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „... – 2007-ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხე შპს „... – 2007-ს“ ზ. ტ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 10000 აშშ დოლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
შპს ,,... – 2007“ ეწევა სალომბარდე საქმიანობას და მისი დამფუძნებელიც და დირექტორიც არის ს. თ-ე.
2007 წლის ნოემბერში მოსარჩელე ზ. ტ-მ შპს ,,... – 2007-ში“ შეიტანა 14000 აშშ დოლარი სარგებლის მიღების მიზნით. აღნიშნული თანხა მან ჩააბარა იმ დროისათვის შპს ,,... – 2007-ში” მომუშავე ნ. დ-ს, რის თაობაზეც ლომბარდში იმ დროისათვის არსებული წესის მიხედვით მოხდა მისი ჩაწერა ლომბარდის ე.წ. ჩანაწერების რვეულში. აღნიშნული თანხის ზ. ტ-ის მიერ ლომბარდში შეტანის თაობაზე ასევე ცნობილი იყო შპს ,,... – 2007-ის” დირექტორ ს. თ-სათვის.
რამდენადაც ნ. დ-ე 2007 წლისათვის მუშაობდა შპს „... – 2007-ში“ ოპერატორად, მას უფლება ჰქონდა მიეღო ლომბარდში შეტანილი თანხები და შესაბამისად გაეცა პროცენტები.
2007 წლისათვის შპს „... – 2007-ში“ თანხების შეტანის, ასევე ლომბარდიდან პროცენტების მიღების და ლომბარდის სხვა საქმიანობის შესახებ ჩანაწერები კეთდებოდა ე.წ. „ლომბარდის ჩანაწერების რვეულში“, რომელსაც ავსებდა ძირითადად ნ. დ-ე, ასევე მასში ჩანაწერები შეჰქონდა თავად საწარმოს დირექტორ ს. თ-საც.
2008 წლის ბოლოს, შპს „... – 2007-ის“ დირექტორმა ს. თ-მ ნ. დ-ის თანდასწრებით მოსარჩელეს დაუბრუნა 4000 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენი თანხების დაბრუნებაზე უარი უთხრა იმ საფუძვლით, რომ მისი დაბრუნება უნდა მოეთხოვა ნ. დ-სათვის.
სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების, მოწმეთა ჩვენებების და მხარეთა განმარტებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ზ. ტ-სა და მოპასუხე შპს „... – 2007-ს“ შორის არსებობდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელემ მოპასუხე ორგანიზაციაში შეიტანა 14000 აშშ დოლარი. შპს „... – 2007-ის“ დირექტორმა ს. თ-მ აღნიშნული თანხიდან 4000 აშშ დოლარი მოსარჩელეს დაუბრუნა. რაც შეეხებოდა მხარეებს შორის პროცენტიანი სესხის არსებობას, ამის თაობაზე შეთანხმება საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად მხარეს რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 623-624-ე მუხლებზე, რომელთა მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად, მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ამასთან, ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების არსებობა დადგენილად მიიჩნია, როგორც მოწმეების ჩვენებებით, აგრეთვე წარდგენილი წერილობითი დოკუმენტის ე.წ. „ლომბარდის რვეულის“ ჩანაწერებით. ე.წ. „ლომბარდის რვეულთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული რვეული ინახებოდა თავად ს. თ-სთან. ამ უკანასკნელის განმარტებით, მან იგი თავისი ნებით დაუტოვა შ-ს. ამდენად, რვეული წარმოადგენდა სესხის აღების ფაქტის ამსახველ დოკუმენტს. მითითებული გარემოება დადასტურდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.შ-ის მიმართ. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულება, ე.წ. „ლომბარდის რვეული“, იყო სესხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მხარეებს შორის პროცენტიანი სესხის არსებობა საქმის მასალებით არ დასტურდებოდა. მოწინააღმდეგე მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქვემდგომმა სასამართლომ აღნიშნულ ნაწილში არასწორად დააკმაყოფილა სარჩელი (ს.ფ. 249-259).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ორივე მხარემ.
შპს „... – 2007-ის“ საკასაციო საჩივრის მოთხოვნაა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს იმის შესახებ, რომ: 2007 წლის ნოემბერში მოსარჩელე ზ. ტ-მ შპს „... – 2007-ში“ სესხის სახით შეიტანა 14000 აშშ დოლარი; აღნიშნული თანხა მან ჩააბარა იმ დროისათვის შპს „... – 2007-ში“ მომუშავე ნ. დ-ს, რის თაობაზეც ლომბარდში იმ დროისათვის არსებული წესის მიხედვით მოხდა მისი ჩაწერა ლომბარდის ე.წ. ჩანაწერების რვეულში; აღნიშნული თანხის ზ. ტ-ის მიერ ლომბარდში შეტანის თაობაზე ცნობილი იყო შპს „... – 2007-ის“ დირექტორ ს. თ-სათვის. კასატორის მოსაზრებით, უსაფუძვლოა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ იმის მტკიცება, რომ ზ. ტ-მ 14000 აშშ დოლარი შეიტანა შპს „... – 2007-ში“. ამ ფაქტის დამადასტურებელი წერილობითი ხელშეკრულება ან სხვა რაიმე საბუთი არ არსებობს. მიუხედავად არაერთი თხოვნისა, სასამართლომ ვერ ახსნა კერძო პირზე – ნ. დ-ზე გადაცემული თანხა, რატომ უნდა ჩაითვალოს შპს „... –2007-ში“ შეტანილად. ამის დამასაბუთებელ არგუმენტებს გადაწყვეტილება არ შეიცავს, რასაც არსებითი მნიშვნელობა გააჩნია;
არავითარი წერილობითი მტკიცებულება არ არსებობს ასევე იმ გარემოების დასასაბუთებლად, რომ შპს „... – 2007-ში“ 14000 აშშ დოლარის შეტანის შესახებ ცნობილი იყო დირექტორ ს.თ-სათვის. შპს „... 2007-ის“ დირექტორი ს. თ-ე კატეგორიულად უარყოფს ტ-საგან შპს „... – 2007-ში“ თანხის მიღებას და ასეთი ჩანაწერის არსებობას. ამის დამადასტურებელი რაიმე ოფიციალური ჩანაწერი საქმეში არ მოიპოვება. სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ დაინტერესებული პირების – მოსარჩელე ზ. ტ-ისა და მოწმე ნ. დ-ის (რომელსაც ცუდი ურთიერთობა გააჩნია მოპასუხე ს. თ-სთან, მასთან დადებული დავალების ხელშეკრულების შეწყვეტის გამო) ჩვენებებს და სრულიად უკრიტიკოდ გაიზიარა ისინი;
გაურკვეველია, თუ რის საფუძველზე უთითებს სასამართლო, რომ ჩანაწერების რვეული ეკუთვნოდა შპს „... 2007-ს“, მაშინ, როდესაც შპს „... 2007-ს“ გააჩნდა და გააჩნია თავისი ოფიციალური ჟურნალები, სადაც რეგისტრაციაში ტარდებოდა მისი სალომბარდო საქმიანობის ყველა ოპერაცია. აღნიშნული ჟურნალები მოპასუხემ წარუდგინა სასამართლოს, რომელმაც ისინი დაათვალიერა, ხოლო მისი ასლები დაერთო საქმეს. ამის შემდეგ გაურკვეველია, რატომ უწოდებს სააპელაციო სასამართლო ნ. დ-ის მიერ რაღაც ჩანაწერების რვეულს შპს „... 2007-ის“ კუთვნილ „ლომბარდის ჩანაწერების რვეულს“, მითუმეტეს, ასეთი რვეული მოსარჩელეს სასამართლოსათვის საერთოდ არ წარუდგენია და იგი საქმის განხილვისას არავის უნახავს. დაუდგენელია ისიც, რომ წარდგენილი ქსეროასლი ნამდვილად სასამართლოს მიერ მოხსენიებული რვეულიდანაა გადაღებული;
კასატორის მითითებით, არანაირი მტკიცებულებით არ დადგენილა, რომ ნ. დ-ის მიერ ჩანაწერების გაკეთება შპს „... – 2007-ში“ დადგენილ წესს წარმოადგენდა. საქმის სააპელაციო წესით განხილვისას სასამართლოს მოთხოვნით წარდგენილ იქნა შპს „... – 2007-ის“ ოფიციალური ჟურნალები. მათი არსებობა ადასტურებს იმას, რომ შპს „... – 2007-ს“ ეკუთვნოდა სასამართლოში წარდგენილი ჟურნალები და არა ნ. დ-ის ე.წ. „ჩანაწერების რვეული“. შპს „... – 2007-ში“ დადგენილ წესს წარმოადგენდა წარდგენილი ოფიციალური ჟურნალების წარმოება და არა დ-ის მიერ რვეულის წარმოება, დ-ე ამას აკეთებდა თვითნებურად, შპს „... – 2007-სგან“ დამოუკიდებლად, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, იმისათვის რომ ენახა სარგებელი. მის კუთვნილ რვეულს არავითარი კავშირი არ აქვს შპს „... – 2007-თან“. სასამართლო ცდება, როდესაც ნ. დ-ის ნაწარმოებ რვეულს შპს „... – 2007-ის“ რვეულად მიიჩნევს და ყურადღების მიღმა ტოვებს მოპასუხის ოფიციალურ სარეგისტრაციო ჟურნალებს;
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, რამდენადაც ნ. დ-ე 2007 წლისათვის მუშაობდა შპს „... – 2007-ში“ ოპერატორად, მას უფლება ჰქონდა მიეღო ლომბარდში შეტანილი თანხები და შესაბამისად – გაეცა პროცენტები. კასატორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მსჯელობა სრულიად დაუსაბუთებალია და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. კერძოდ, ნ. დ-ე შპს „... – 2007-ის“ მუშაკი და მითუმეტეს ოპერატორი არასდროს არ ყოფილა. საქმეში წარდგენილი რწმუნებულებით დადგენილია, რომ დ-ე დავალების ხელშეკრულებით ასრულებდა დირექტორ ს.თ-ის მიერ კონკრეტულად მიცემულ დავალებას და ამ დავალებებისაგან გადახვევის უფლება მას არ გააჩნდა. დირექტორ თ-ს არ დაუვალებია და აქედან გამომდინარე მას არ ჰქონდა უფლება მოქალაქეებიდან აეღო სესხები შპს „... – 2007-ის“ სახელით;
სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2007 წლისათვის შპს „... – 2007-ში“ თანხების შეტანის, ასევე ლომბარდიდან პროცენტების მიღების და სხვა საქმიანობის შესახებ ჩანაწერები კეთდებოდა რვეულში, რომელსაც ავსებდა ძირითადად ნ. დ-ე, ასევე მასში ჩანაწერები შეჰქონდა დირექტორ თ-ს. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მითითება დამყარებულია ვარაუდზე და არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან. სრულიად დაუსაბუთებელია, თუ რატომ უწოდებს სააპელაციო სასამართლო ნ. დ-ის მიერ დავალების ხელშეკრულების დარღვევით, თვითნებურად ნაწარმოებ რვეულს, „ლომბარდის ჩანაწერების რვეულს“. აღნიშნული რვეული არაა ლომბარდის, იგი დ-ის კუთვნილი რვეულია. სასამართლო ვერ ადგენს, თუ რომელი ჩანაწერები შეასრულა ამ რვეულში თ-მ მაშინ, როდესაც თ-ე ასეთს კატეგორიულად უარყოფს. აღნიშნული რვეული სასამართლოში არ წარდგენილა, ჩანაწერების პირისადმი კუთვნილების თაობაზე კალიგრაფიული ექსპერტიზა არ ჩატარებულა და იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, თუ ვისი ხელითაა შესრულებული ჩანაწერები, არ არსებობს. აღნიშნული თვალსაზრისით მხოლოდ ნ. დ-ის ჩვენება საკმარის მტკიცებულებად არ შეიძლება ჩაითვალოს;
კასატორი ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მტკიცებას იმის შესახებ, რომ დირექტორმა თ-მ 4000 აშშ დოლარი დაუბრუნა ტ-ს. თ-ე ტ-სათვის 4000 აშშ დოლარის დაბრუნებას კატეგორიულად უარყოფს. სააპელაციო სასამართლომ მითითებული გარემოება დადგენილად მიიჩნია მხოლოდ დაინტერესებული პირების – ზ. ტ-ისა და ნ. დ-ის ზეპირი განმარტების საფუძველზე, რაც წინააღმდეგობაშია სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის მოთხოვნასთან;
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ მსესხებლად მიჩნეულია შპს „... – 2007“, ხოლო გამსესხებლად ზ. ტ-ე. სრულიად დაუსაბუთებელია, რის საფუძველზე უნდა ჩაითვალოს მსესხებლად შპს „... – 2007“, მაშინ როდესაც ზ. ტ-ე თავის სარჩელში თვითონვე მიუთითებს, რომ თანხა გადასცა არა შპს „... – 2007-ს“, არამედ ნ. დ-ს და ორი წლის განმავლობაში, მხოლოდ მას სთხოვდა ამ თანხას;
თანხის გადაცემის ფაქტი არ შეიძლება დადასტურდეს ისეთი საბუთით, რომელიც რაღაც ჩანაწერის ქსეროასლია, სადაც გაურკვეველია თუ რას ნიშნავს ციფრი „14000“ და ვის მიერაა იგი ჩაწერილი, ეს შემოტანილი თანხაა თუ გატანილი. შესაძლებელია მითითებული თანხა გატანილი თანხაა. ამ მოსაზრებას ადასტურებს ის გარემოება, რომ თითქმის 4 წლის განმავლობაში ტ-ს სარჩელი არ აღუძრავს თანხის მოთხოვნით. ამდენად მოთხოვნა ხანდაზმულიცაა. ამასთან, თუკი დასახელებული ციფრი თანხას ნიშნავს, გაუგებარია ფულის რა ერთეულთან გვაქვს საქმე, ლართან, დოლართან თუ სხვა ერთეულთან. ქსეროასლი ხელმოუწერელია და ამიტომ დაუდგენელია ვის მიერ და სადაა თანხა შეტანილი, ვინ მიიღო იგი, როდის, რა რაოდენობით, სად მოხდა თანხის გადაცემა, როდის უნდა დაბრუნებულიყო თანხა, ვინ არიან ხელშეკრულების მხარეები, რა უფლებები და მოვალეობები გააჩნიათ მათ; არავითარი მტკიცებულება იმისა რომ სესხი აიღო კონკრეტულად შპს „... – 2007-მა“, საქმეში არ მოიპოვება. მოსარჩელეს არანაირი საბუთი არ გააჩნია იმის დასადასტურებლად, რომ მან თანხა შპს „... – 2007-ში“ შეიტანა. თანხის შეტანა შპს „... – 2007-ის“ ჟურნალში ან მის რომელიმე ოფიციალურ საბუთებში, რეგისტრირებული არ არის. თანხა სალაროში არ შესულა. სესხი, თუ ასეთი არსებობს, აღებულია ნ. დ-ის მიერ, რომელიც წარმოადგენდა კერძო პირს და მას შპს „... – 2007-ის“ სახელით სესხის აღების უფლება არ გააჩნდა. მოცემულ შემთხვევაში სესხზე სწორედ ნ. დ-ა პასუხისმგებელი;
კასატორს მიაჩნია, რომ ზ. ტ-ის სარჩელის განხილვისას, შ-ის საქმეზე მიღებული განმარტებების და შეკრებილი მტკიცებულებების ზოგადი განვრცობა ზ. ტ-ის მიმართ დაუშვებელია ისე, რომ გათვალისწინებული არ იქნეს ტ-ის საქმეზე არსებული კონკრეტული გარემოებები. ე.წ. ლომბარდის რვეული შესაძლებელია ყოფილიყო შ-სგან სესხის აღების დამადასტურებელი დოკუმენტი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ იგი ტ-საგან სესხის აღების დამადასტურებელ დოკუმენტსაც წარმოადგენს. სასამართლოს აღნიშნული არ გაუთვალისწინებია;
რაც შეეხება ზ. ტ-ის საკასაციო საჩივარს, იგი მოითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში (მოპასუხისათვის სესხის პროცენტის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში) და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
კასატორს მიაჩნია, რომ მან საქმეზე წარადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურებულია, რომ სესხი იყო სარგებლიანი. როგორც სესხის ხელშეკრულების, ისე მისი სარგებლიანობის დასადასტურებლად მოსარჩელემ წარადგინა ერთი და იგივე მტკიცებულებები, კერძოდ, წერილობითი მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მმტკიცებულებები ნაწილობრივ გაიზიარა. საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ნ. დ-ის ჩვენება, რომელიც მოპასუხე ორგანიზაციაში სესხის გადაცემის დროს ოპერატორად მუშაობდა, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა სესხის ხელშეკრულების დადების ნაწილში, ხოლო სესხის სარგებლიანობის ნაწილში სასამართლომ ეს მტკიცებულება არ გაიზიარა. ასეთივე შეფასება მისცა სასამართლომ როგორც მხარის განმარტებას, ისე საქმეზე დაკითხული სხვა მოწმეების ჩვენებებს;
კასატორი მიუთითებს საქმეში არსებულ ე.წ. ლომბარდის ჩანაწერების ჟურნალზე, რომელსაც ძირითადად ავსებდა საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ნ. დ-ე და სადაც მოსარჩელე ზ. ტ-ის გრაფაში მითითებულია, რომ ამ უკანასკნელს ლომბარდში სესხის სახით შეტანილი აქვს 14000 აშშ დოლარი. იქვე, გვერდზე გაკეთებულია ჩანაწერები იმასთან დაკავშირებით, რომ 2007 წლის დეკემბრის თვიდან 2008 წლის ივნისის ჩათვლით ზ. ტ-ს მიღებული აქვს ყოველი თვის 15-16 რიცხვში სესხის პროცენტი. ხსენებული რვეული მოწმე ნ. დ-ის სამუშაოდან წასვლის შემდეგ ინახებოდა მოპასუხე შპს „... – 2007-ის“ დამფუძნებელ და დირექტორ ს. თ-სთან, იგი წარდგენილ იქნა სასამართლოში მ. შ-ის სარჩელის განხილვის დროს 2009 წელს. ყურადსაღებია, რომ მითითებული ჩანაწერები ზუსტად ემთხვევა საქმეზე მოწმედ დაკითხული პირების ჩვენებებს. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება და გასაჩივრებულ ნაწილში საქმეზე ფაქტობრივი გარემოება არასწორად დაადგინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „... – 2007-ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ზ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ზ. ტ-სა და მოპასუხე შპს „... – 2007-ს“ შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 14000 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა შპს „... – 2007-ის“ დირექტორის თანხმობით მიიღო და ე.წ. „ლომბარდის რვეულში“ შესაბამისი ჩანაწერი შეასრულა შპს „... – 2007-ის“ მუშაკმა (ოპერატორმა) ნ. დ-მ. სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი სასამართლომ დადგენილად ჩათვალა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ე.წ. „ლომბარდის რვეულის“ ასლის საფუძველზე, ასევე მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
განსახილველ შემთხვევაში, კასატორ შპს „... – 2007-ს“ წამოყენებული აქვს დასაბუთებული პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა ე.წ. „ლომბარდის რვეულის“ ასლს და არასწორად მიიჩნია იგი სესხის ხელშეკრულების დადების დამადასტურებელ დოკუმენტად, ვინაიდან, ჯერ ერთი, ეს ე.წ. „ლომბარდის რვეული“ არ ეკუთვნის მოპასუხეს, გარდა ამისა, მასში არსებული ჩანაწერი ხელმოუწერელია და არც მისი შინაარსით დგინდება მოპასუხისათვის სესხის გადაცემის ფაქტი. მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით კი, ამ ფაქტის დადასტურება დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტის ასლი (იხ. ს.ფ. 55) არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების დადების დამადასტურებელ მტკიცებულებად, ვინაიდან ეს დოკუმენტი ხელმოუწერელია და, შესაბამისად, არ ირკვევა მხარეთა ნება სესხის ხელშეკრულების დადების თაობაზე. გარდა ამისა, სამოქალაქო კოდექსის 327-ე და 624-ე მუხლების მიხედვით, სესხის ხელშეკრულებაში უნდა ჩანდეს მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობები, რამაც სესხის კონკრეტული ხელშეკრულების დადება განაპირობა. მოცემულ შემთხვევაში, სადავო დოკუმენტი არ შეიცავს მხარეთა შეთანხმებას ხელშეკრულების პირობებზე, ანუ ამ დოკუმენტს სესხის ხელშეკრულების შინაარსი არ გააჩნია. ამდენად, სესხის ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადების ფაქტს მოსარჩელე ვერ ადასტურებს. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მოწმეთა ჩვენებებზე მითითებას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი მტკიცებულება შეიძლება წარუდგინოს მხარემ სასამართლოს თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი საფუძვლის არსებობის დამტკიცების მიზნით. ასეთია მტკიცებულებათა დასაშვებობის პროცესუალური პრინციპი, მაგრამ ამ ზოგადი წესიდან არსებობს გამონაკლისი, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით, სესხის ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, თუ სესხის ხელშეკრულება დადებულია ზეპირი ფორმით, მაშინ, დავის შემთხვევაში, მისი ნამდვილობა ვერ დადგინდება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, საჭიროა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სხვა მტკიცებულებებიც. ასეთად შეიძლება განხილულ იქნეს მაგალითად ხელწერილი ვალის არსებობის თაობაზე ან ნებისმიერი სხვა წერილობითი მტკიცებულება, რომლითაც შეიძლება დადასტურდეს მოდავე მხარეებს შორის სასესხო ურთიერთობის არსებობა. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, ასეთ მტკიცებულებად სასამართლო ვერ მიიჩნევს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ე.წ. „ლომბარდის რვეულის“ ასლს, სხვა მტკიცებულებები კი მას არ წარმოუდგენია.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ასევე კასატორის მოსაზრებას სააპელაციო სასამართლოს მიერ იმ ფაქტის არასწორად დადგენის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ე.წ. „ლომბარდის რვეულის“ ქსეროასლი და მასში არსებული ჩანაწერები ეკუთვნის მოპასუხეს. აღნიშნული ფაქტი სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს ეს დასკვნა დაუსაბუთებელია, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პრეიუდიციული მნიშვნელობა გააჩნიათ მხოლოდ იმ ფაქტებს, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობდნენ. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მხარეებს წარმოადგენდნენ მოსარჩელე - მ. შ-ე და მოპასუხეები - ნ. დ-ე და ს. თ-ე, ხოლო განსახილველი საქმის მხარეები კი არიან - მოსარჩელე ზ. ტ-ე და შპს „... - 2007“. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მთავარი წინაპირობა - ერთი და იგივე მხარეების მონაწილეობა როგორც უკვე განხილულ და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დამთავრებულ, ასევე განსახილველ სამოქალაქო საქმეში, შესაბამისად, არ არსებობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტების პრეიუდიციულად მიჩნევის საფუძველი. სადავო გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული ასევე მოწმე ნ. დ-ის ჩვენება, ვინაიდან მოპასუხე და მითითებული მოწმე, სადავო ურთიერთობიდან გამომდინარე, ურთიერთდაპირისპირებეულ პირებს წარმოადგენენ და, შესაბამისად, ასეთი მოწმის ჩვენება სარწმუნოდ ვერ იქნება მიჩნეული, რადგან იგი უშუალოდაა დაინტერესებული საქმის შედეგით.
საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები იმის შესახებ, რომ ნ. დ-ე წარმოადგენდა შპს „... - 2007-ის“ ოპერატორს (მუშაკს) და საზოგადოების დირექტორის მიერ აღჭურვილი იყო უფლებამოსილებით მიეღო სესხი მოქალაქეების, მათ შორის, მოსარჩელისაგან, რაც მან განახორციელა კიდეც. აღნიშნული გარემოებები სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა მოწმე ნ. დ-ის ჩვენების საფუძველზე, რასაც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, ვინაიდან კასატორს წამოყენებული აქვს დასაბუთებული პრეტენზია. კერძოდ, კასატორის განმარტებით, ნ. დ-ე წარმოადგენდა არა შპს „... - 2007-ის“ მუშაკს, არამედ იგი მოქმედებდა ამ საზოგადოების დირექტორის მიერ გაცემული დავალების ხელშეკრულების საფუძველზე, მაგრამ ეს ხელშეკრულება მას არ ანიჭებდა საზოგადოების სახელით მოქალაქეებისაგან სესხის მიღების უფლებას, შესაბამისად, იგი საზოგადოების სახელით მოსარჩელისაგან სესხს ვერ მიიღებდა. კასატორის მიერ მითითებული გარემოება დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მინდობილობით, რომლის შინაარსით ირკვევა, რომ საზოგადოებას ნ. დ-სათვის არ დაუვალებია მოქალაქეებისაგან სესხის მიღება (ს.ფ. 29).
სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ გარიგებით, რომელსაც წარმომადგენელი დებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, და იმ პირის სახელით, რომელსაც იგი წარმოადგენს, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს, როგორც წარმოდგენილ პირს, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები მოსარჩელის მიმართ წარმოეშობოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდებოდა, რომ წარმომადგენელმა (ნ. დ-მ) მოსარჩელესთან სესხის ხელშეკრულება დადო წარმოდგენილი პირის (მოპასუხის) სახელით თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დავალების (მინდობილობის) საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მოპასუხის მიერ გაცემული მინდობილობა ნ. დ-ს (წარმომადგენელს) არ ანიჭებდა უფლებამოსილებას, რომ მოპასუხის სახელით მოსარჩელესთან დაედო სესხის ხელშეკრულება. ამასთან, ასეთი უფლებამოსილება ნ. დ-ს მინიჭებულიც რომ ჰქონოდა, მოპასუხეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება მაშინ წარმოეშობოდა, თუ თავად სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი არ იქნებოდა სადავო. მოცემულ შემთხვევაში ეს ფაქტი სადავოა და იგი ვერ დადასტურდება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, ვინაიდან გასათვალისწინებელია, რომ სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით, სესხის ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. იგივე უნდა ითქვას იმ შემთხვევაზეც, თუ ნ. დ-ს შპს „... - 2007-ის“ მუშაკად მივიჩნევდით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები და, შესაბამისად, არასწორად დაადგინა მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების არსებობის ფაქტი, რამაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა, რაც ამ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ შპს „... - 2007-ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შპს „... – 2007-ს“ ზ. ტ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 10000 აშშ დოლარის გადახდა და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ზ. ტ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება ზ. ტ-ის საკასაციო საჩივარს, პალატა მიიჩნევს, რომ იგი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას შემდეგ გარემოებათა გამო: კასატორის მოთხოვნას წარმოადგენს, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის სესხის პროცენტის დაკისრება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პროცენტის გადახდის ვალდებულება დამატებითი ვალდებულებაა და იგი ეფუძნება მთავარ ვალდებულებას, როგორიცაა სესხთან დაკავშირებული ვალდებულება. თუ არ წარმოიშობა მთავარი ვალდებულება ანდა მისი საფუძველი იქნება ბათილი, არც პროცენტის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა. ამიტომ პროცენტის გადახდის ვალდებულება აქცესორული ხასიათისაა წარმოშობის თვალსაზრისით. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა სესხის ხელშეკრულების, ანუ ვალდებულების არსებობის ფაქტი, ამიტომ პროცენტის გადახდის ვალდებულებაც არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ზ.ტ-ის სარჩელი პროცენტის გადახდის თაობაზე დაუსაბუთებელია და იგი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, მაგრამ არა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული დასაბუთებით, არამედ იმის გამო, რომ სესხის ხელშეკრულების არარსებობა გამორიცხავს პროცენტის გადახდის ვალდებულებას. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს ზ. ტ-ის საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის იმ მოთხოვნათა პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორს სახელმწიფო ბაჟის სახით სააპელაციო საჩივარზე გადახდილი აქვს 1162.10 ლარი (ს.ფ. 177), ხოლო საკასაციო საჩივარზე 829.15 ლარი (ს.ფ. 278). აქედან გამომდინარე, მოწინააღმდეგე მხარეს, ზ. ტ-ს კასატორ შპს „... – 2007-ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული 1991.25 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე და 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „... - 2007-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ზ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შპს „... – 2007-ს“ ზ. ტ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 10000 აშშ დოლარის გადახდა და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. ზ. ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
5. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
6. ზ. ტ-ს კასატორ შპს „... – 2007-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად გაღებული 1991.25 ლარის გადახდა;
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.