საქმე №ას-1828-1801-2011 7 ივნისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შპს „ა. ს-ი“, ს. ხ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „ლ-ა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი _ ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ლ-მ“ სარჩელი აღძრა შპს „ა. ს-ისა“ და ს. ხ-ის მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ლ-ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ა. ს-ის“ შპს „ლ-ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 4183 აშშ დოლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ შპს „ა. ს-სათვის“ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად გამოწერილი სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გადაცემისთანავე, გადაწყვეტილების აღსრულება დადგინდა ორმხრივი ნაცვალგების საფუძველზე და ერთდროული შესრულების წესით, შპს „ა. ს-ის’’ დაეკისრა შპს „ლ-ს’’ სასარგებლოდ წინასწარ გადახდილი ბაჟის სანაცვლოდ 213.33 ლარის და ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხიდან 250 ლარის გადახდა, სარჩელი ს. ხ-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ლ-მ“, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში – შპს „ა. ს-მ“.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „ა. ს-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შპს „ლ-ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „ლ-ს“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და საპროცესო ხარჯების დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს „ლ-ს“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ს. ხ-ს, შპს „ა. ს-თან“ ერთად, შპს „ლ-ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრა ძირითადი თანხის 4183 აშშ დოლარის გადახდა, შპს „ა. ს-ისა“ და ს. ხ-ს შპს „ლ-ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2010 წლის 17 აპრილამდე ზიანის – 3930 აშშ დოლარის გადახდა, ასევე 2010 წლის 17 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 4183 აშშ დოლარის 0,2%-ის გადახდა.
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანეს შპს „ა. ს-მ“ და ს. ხ-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის „ბ“ პუნქტით, 215-ე მუხლის მესამე ნაწილით, 102-ე-103-ე მუხლებით და დაადგინა, რომ შპს „ა. ს-ისა“ და ს. ხ-ის წარმომადგენელ მ. ს-ს სხდომის დღის თაობაზე ეცნობა ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის დაცვით 2011 წლის 23 სექტემბერს.
საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებითა და სასამართლო სხდომის ოქმებით ირკვევა, რომ 2011 წლის 28 სექტემბერს მ. ს-ე მონაწილეობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ე. პ-ის“ სარჩელთან დაკავშირებით მთავარ სხდომაზე, სადაც მასთან ერთად მოსარჩელის ინტერესებს იცავდა მეორე წარმომადგენელი ა. მ-ე, ხოლო მოსამზადებელ სხდომაზე – მოპასუხე ო. გ-ის წარმომადგენელი.
საქმის მასალებით არ დადგინდა სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე თავად მარწმუნებლის ს. ხ-ის გამოუცხადებლობის მიზეზები, რომელიც იმავდროულად შპს „ა. ს-ის“ დირექტორიც იყო.
იმის გათვალისწინებით, რომ მოწინააღმდეგე მხარეს (აპელანტს) უწყება ჩაბარდა 2011 წლის 23 სექტემბერს, პალატამ ჩათვალა, რომ მას საკმარისი დრო ჰქონდა 2011 წლის 28 სექტემბრის სხდომაზე გამოცხადებისათვის მოსამზადებლად. მითითებულ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ვერ ჩაითვლებოდა იმავე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სხვა დავების განხილვაში წარმომადგენელ მ. ს-ის მონაწილეობა, ვინაიდან ანალოგიური მიზეზით ერთხელ უკვე გადაიდო საქმის განხილვა სხვა დროისათვის და თუკი წარმომადგენელი ვერ ახერხებდა პროცესზე გამოცხადებას, ასეთ შემთხვევაში ს. ხ-ს პირადად შეეძლო საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განუხორციელებია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება შპს „ა. ს-მ“ და ს. ხ-მ გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
მხარეებს, რომელთა წინააღმდეგაც იქნა გამოტანილი გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება ნამდვილად გააჩნდათ პროცესში მონაწილეობის ინტერესი, ვინაიდან მათი პოზიციის უპერსპექტივოდ ჩათვლის საფუძველი არ არსებობდა. ამდენად, საქმის განხილვაში მონაწილეობისათვის სხდომაზე დასასწრებად მხარის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა პროცესის მიმდინარეობის გაჭიანურებით არ უნდა ახსნილიყო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის განმარტებიდან ჩანს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა მხოლოდ მაშინ არის მიზანშეწონილი, როდესაც მხარე თავისი მოქმედებით ან უმოქმედობით უარს განაცხადებს საპროცესო თანამშრომლობაზე, ანუ როდესაც მას აქვს პროცესზე გამოცხადების შესაძლებლობა, მაგრამ არ აქვს ნება. იმ პირობებში, როდესაც მხარეს აშკარად სურდა, მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში, მაგრამ ამას ხელს უშლიდა გარემოებები, რომელიც მისი უნებური შეცდომით, ან გაუფრთხილებლობით იყო გამოწვეული, მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელია. ამგვარი გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში გამოუცხადებლობა საპატიოდ უნდა ჩაითვალოს და დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა იმ მოპასუხის წინააღმდეგ, რომელიც სასამართლოს შეუქმნის რწმენას, რომ მოპასუხემ დაკარგა სარჩელისაგან თავის დაცვის ინტერესი ლოგიკური და გამართლებულია, მაგრამ იმ მოპასუხის წინააღმდეგ, რომელის გამოუცხადებლობამაც ამგვარი რწმენა ვერ შეუქმნა სასამართლოს, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ შეიძლება.
გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის სააპელაციო სასამართლოს მიერ შეთავაზებული განმარტება არასწორია. ასევე დაუსაბუთებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მხარის გამოუცხადებლობის მხოლოდ ისეთი მიზეზების მიჩნევა, როდესაც მხარეს სხდომაზე ფიზიკურად გამოცხადების შესაძლებლობა არ გააჩნდა.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს არავითარი საფუძველი არ ჰქონდა ევარაუდა, რომ კასატორ მხარეს ინტერესი ჰქონდა დაკარგული სამართალწარმოების შედეგისადმი ან, რომ ის შეგუებული იყო პროცესში გარდაუვალ მარცხს. კასატორის ყველა მოქმედება ნიშნავდა იმას, რომ მხარე დაინტერესებული იყო საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებით და საქმის განხილვის შედეგით.
რაც შეეხება მიზეზს, რომლის გამოც 2011 წლის 28 სექტემბერს დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა მხარის წარმომადგენელი, სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინება სრულყოფილად ვერ ასახავს იმ გარემოებას, რამაც განაპირობა წარმომადგენლის გამოუცხადებლობა.
2011 წლის 7 სექტემბრის სხდომისაგან განსხვავებით მხარის წარმომადგენელი აპირებდა 2011 წლის 28 სექტემბერს სასამართლოში გამოცხადებას და საქმის განხილვაში მონაწილეობას, შესაბამისად, ზუსტად ამ მიზეზის გამო სასამართლოს წინასწარ არ წარედინა სხდომის სხვა დროისათვის გადადების ან მოსალოდნელი გამოუცხადებლობის მიზეზების სასამართლოსათვის ახსნის შესახებ.
2011 წლის 28 სექტემბერს მოცემული საქმის განხილვა დაგეგმილი იყო 16 საათისათვის. ქუთაისამდე ავტომანქანით მგზავრობას სჭირდებოდა დაახლოებით 3 საათი. იმავე დღეს წარმომადგენელი ვალდებული იყო, გამოცხადებულიყო თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც დაგეგმილი იყო დილის საათებში. ასეთი სხდომა იყო სამი, გასაჩივრებულ განჩინებაში კი მითითებულია მხოლოდ ორი სხდომის შესახებ. ყველა მათგანი იყო საკმაოდ ხანმოკლე, რის გამოც წარმომადგენელმა ჩათვალა, რომ შესაძლებელი იყო ამ სხდომათაგან რომელიმეს გადადების გარეშეც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გამოცხადება. ამ სხდომათაგან რომელიმე რომ არ შეფერხებულიყო, წარმომადგენელი შესძლებდა ქუთაისში თუნდაც მცირედი დაგვიანებით გამოცხადებას.
წარმომადგენელს არასაკამარისი დრო დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ჩასასვლელად, სწორედ ამ მდგომარეობის შესახებ ტელეფონით აცნობა მოსამართლის თანაშემწეს, რის თაობაზეც აღნიშნულია გასაჩივრებულ განჩინებაშიც.
სააპელაციო სასამართლოს აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინა წარმომადგენლის დროულად გამოუცხადებლობის მიზეზი, რომელიც იმ სურვლით იყო განპირობებული, რომ არ ჩაშლილიყო იმ დღეს ჩანიშნული სხვა სხდომები.
გასაჩივრებულ განჩინებაში ასევე აღნიშნულია, რომ სხვა სხდომაში მონაწილეობა არ წარმოადგენდა გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს. ამ შემთხვევაში სასამართლოს მსჯელობა არათანმიმდევრულია, ვინაიდან თუკი 2011 წლის 7 სექტემბერს მოცემულ საქმეზე სხდომა გადაიდო ზუსტად იმავე მიზეზით, 2011 წლის 28 სექტემბერს ამ საკითხისადმი მიდგომა არ უნდა შეცვლილიყო.
არასწორია სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ყურადღების გამახვილება იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განსახილველ ერთ-ერთ საქმეში მ. ს-სთან ერთად შესაბამის მხარეს სხვა წარმომადგენელიც მონაწილეობდნენ, ვინაიდან ეს არ იყო ერთადერთი სხდომა რომელზე დასწრებამაც სააპელაციო სასამართლოში გამოუცხადებლობა გამოიწვია. იმ დღეს წარმომადგენელი კიდევ ორ სხდომაში დამოუკიდებლად წარმოადგენდა მხარეებს.
ამდენად, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საკმარისი საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა. ს-ისა“ და ს. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. ამავე კოდექსის 230-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინდადების შესაბამისად კი, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება.
დასახელებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, დააკმაყოფილოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი, რომელსაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით ეცნობა საქმის განხილვის თარიღი და პროცესზე გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგის შესახებ არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა საქმის განხილვაზე და არც თავისი გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოს არ აცნობა.
მოცემულ შემთხვევაში შპს „ლ-ს“, შპს „ა. ს-ისა“ და ს. ხ-ის სააპელაციო საჩივრების მთავარ სხდომაზე განხილვა დაინიშნა 2011 წლის 7 სექტემბერს, 13.00 საათზე. შპს „ა. ს-ის“ წარმომადგენელ მ. ს-ის განცხადების საფუძველზე პროცესი გადაიდო 2011 წლის 28 სექტემბერს, 16.00 საათისათვის.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და აპელანტს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ 2011 წლის 28 სექტემბრის სასამართლოს მთავარი სხდომის დროისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე შპს „ა. ს-ი“ და ს. ხ-ე გაფრთხილებულ იქნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, თუმცა არც ერთი მათგანი სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა. სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადებულმა შპს „ლ-ს“ წამომადგენელმა ი. გ-მ მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, შპს „ა. ს-ის“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შპს „ლ-ს“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ განსახილველ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ხელშემშლელი გარემოებანი არ არსებობს.
დაუსაბუთებელია საკასაციო საჩივრის არგუმენტი, რომ შპს „ა. ს-ისა“ და ს. ხ-ის სადავო გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, მათი წარმომადგენელი მ. ს-ე სასამართლოს მიერ დადგენილ დროს მონაწილეობდა სხვა დავების განხილვაშიც, თუმცა აღნიშნულის თაობაზე არ აცნობა სააპელაციო პალატას და საქმის განხილვის გადადება არ მოითხოვა, რადგან ვარაუდობდა, რომ მოახერხებდა საქმის განხილვაზე დასწრებას, რაც ზემოხსენებულ დავათა განხილვის გაჭიანურების გამო ვერ განახორციელა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი ითვალისწინებს იმ საპატიო მიზეზებს, რომელთა არსებობისას დასაშვებია გარკვეული საპროცესო მოქმედებების შეუსრულებლობა საპატიოდ იქნეს მიჩნეული, ასეთებია ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას.
აღნიშნული ნორმის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოთ მოყვანილ არგუმენტს, რადგან მხარეს, რომელიც იურიდიულ პირსა და მის დირექტორს წარმოადგენენ, საკმარისი დრო გააჩნდა, სათანადოდ უზრუნველეყო თავისი მონაწილეობა პროცესში პირადად დირექტორის ან სხვა წარმომადგენლის მეშვეობით მით უფრო, რომ ამავე მხარის მოთხოვნით საქმის განხილვა ერთხელ უკვე გადაიდო.
სასამართლოსათვის უცნობია თავად ს. ხ-ის გამოუცხადებლობის მიზეზი.
რაც შეეხება წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიოობას, კანონის ზემოხსენებული დანაწესით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზად და ობიექტურად დაუძლეველ გარემოებად ვერ ჩაითვლება მ.ს-ის მითითება, რომ იგი გეგმავდა ერთსა და იმავე დღეს რამდენიმე პროცესზე დასწრებას თბილისსა და ქუთაისში. აღნიშნული არგუმენტი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება მიუხედავად იმისა, აცნობა თუ არა იმავე დღეს მ.ს-მ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწეს თავისი გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
ამდენად, კანონმდებელი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას უკავშირებს მხარისაგან დამოუკიდებლად არსებული ისეთი გარემოების არსებობას, რომლის პროგნოზირება, მართვა და წინასწარ თავიდან აცილება მას არ შეეძლო.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების სამართლებრივი წინაპირობის არსებობა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა, რის გამოც მის მოთხოვნას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს „ა. ს-ისა“ და ს. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.