№ას-185-178-2012 19 ივნისი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
სხდომის მდივანი -ლელა სანიკიძე
კასატორი _ გ. პ-ი
წარმომადგენელი - ფ. ბ-ა
მოწინააღმდეგე მხარე _ თ. მ-ე
წარმომადგენელი - ნ. ქ-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. მ-მ სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს გ. პ-ისა და ნოტარიუს ქ. ჭ-ის მიმართ და მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა შემდეგი დასაბუთებით: 2000 წლის 6 აპრილს სამტრედიის სანოტარო ბიუროში, ნოტარიუს მ. გ-სთან გაფორმდა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება თ.მ-სა და ვ. კ-ს შორის, აღნიშნული ხელშეკრულებით ვ. კ-მ გადასცა საკუთრებაში კუთვნილი საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ.სამტრედიაში, ნ-ის ქ.№4-ში, რომელსაც დღემდე ფლობს მოსარჩელე. 2010 წლის 9 ივლისს, გარდაიცვალა ვ.კ-ე, როდესაც მოსარჩელემ გადაწყვიტა აღნიშნული ხელშეკრულების საჯარო რეესტრში დარეგისტრირება, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მის საკუთრებაში არსებულ ქ.სამტრედიაში, ნ-ის ქ.№4-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, რომელიც საკუთრებაში გადასცა ვ.კ-მ, ნოტარიუსმა ქ.ჭ-მ გასცა სამკვიდრო მოწმობა სავალდებულო წილის სახით ½ ნაწილზე აწ გარდაცვლილი ვ.კ-ის შვილის – გ.პ-ის სახელზე, აღნიშნულით ილახება თ.მ-ის, როგორც მესაკუთრის, უფლებები. გ.პ-მა, რომელმაც იცოდა სამისდღეშიო ხელშეკრულების შესახებ, ისარგებლა იმ გარემოებით, რომ აღნიშნული ხელშეკრულება არ იყო დარეგისტრირებული საჯარო რეესტრში და აწ გარდაცვლილი ვ.კ-ის პირველი რიგის მემკვიდრემ არაკანონიერად მიიღო სამკვიდრო, ვინაიდან ვ.კ-მ აღნიშნულ ქონებაზე გასცა საანდერძო განკარგულება მოსარჩელის სახელზე.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება არ შესრულებულა და ვერც შესრულდებოდა, რამდენადაც თვითონ ე.კ-მ შეიფარა თავისთან სახლში თ.მ-ე და მას სიცოცხლის ბოლომდე თვითონვე არჩენდა. ამის გარდა, საეჭვოა ვ.კ-ის ნების გამოხატვის ნამდვილობა მისი ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ 1999 წელს მას სანოტარო წესით იმავე უძრავ ქონებაზე თ.მ-ის სასარგებლოდ ანდერძიც ჰქონდა შედგენილი.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: დადგენილია, რომ 1999 წლის 26 ოქტომბერს, სამტრედიის ნოტარიუსის მ.გ-ის მიერ დამოწმებულ იქნა ანდერძი, რომლითაც ვ.კ-ე ქ.სამტრედიაში, ნ-ის ქ. №4-ში მდებარე მის კუთვნილ სახლს, გარდაცვალების შემთხვევაში, უტოვებდა თ. მ-ს. 2000 წლის 6 აპრილს, იმავე ნოტარიუსის, მ.გ-ის მიერ დამოწმებულ იქნა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, რომლითაც მარჩენალმა, თ. მ-მ, ივალდებულა სარჩენის – ვ. კ-ისათვის სიცოცხლის ბოლომდე სარჩოს გადახდა, მისი უზრუნველყოფა ბინით, ასევე კვებით, აუცილებელი სამედიცინო დახმარებით, ხოლო ვ.კ-მ ივალდებულა ქ.სამტრედიაში, ნ-ის ქ.№4-ში მდებარე უძრავი ქონების მარჩენლის საკუთრებაში გადაცემა. ხელშეკრულებით წარმოშობილი უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ ყოფილა.გარდაცვალების მოწმობით ირკვევა, რომ ვ. კ-ე გარდაიცვალა 2010 წლის .. ივლისს. გარდაცვალების დროისათვის ქ.სამტრედიაში, ნ-ის ქ.№4-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდა თ.მ-ე. სადავოს არ წარმოადგენს, რომ გ. პ-ი ვ. კ-ის შვილი და კანონიერი პირველი რიგის მემკვიდრეა, რომელიც, მართალია, ფაქტობრივად არ ცხოვრობდა ვ.კ-ის საცხოვრებელ ბინაში, მაგრამ ვ.კ-ის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში მიმართა სანოტარო ორგანოს სამკვიდრო მოწმობის მისაღებად. 2010 წლის 10 იანვარს, ნოტარიუსის ქ.ჭ-ის მიერ გ. პ-ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, ქ.სამტრედიაში ნ-ის ქ.№4-ში მდებარე ვ. კ-ის უძრავი ქონების 1/2-ზე სავალდებულო წილის სახით.
მხარეთა მიერ დადასტურებულია, რომ გ. პ-ის საკუთრების უფლება, აღნიშნული სანოტარო აქტის შესაბამისად, რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. სამოქალაქო კოდექსის 941-942-ე მუხლების თანახმად, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. უძრავი ქონების გადაცემის შემთხვევაში ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.
მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით პალატამ განმარტა, რომ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების სპეციფიკურობა გამოიხატება იმაში, რომ მარჩენალი, სარჩენის მიერ მითვის ხელშეკრულებით გადაცემული ქონების მესაკუთრე ხდება სარჩენის გარდაცვალების მომენტიდან, ანდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული რჩენის დამთავრების მომენტიდან. ამასთან, უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემისათვის აუცილებელია სანოტარო წესით დადებული გარიგება, ხოლო სარჩენის გარდაცვალებამდე ამ ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია კანონით გათვალისწინებულ სავალდებულო წესს არ წარმოადგენს.
სამოქალაქო კოდექსის 949-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა 946-ე მუხლის შესაბამისად, სამისდღეშიო სარჩოს გადახდა შეიძლება, საცილო გახადონ სხვა პირებმა, რომელთაც ჰქონდათ კანონიერი უფლება, მიეღოთ სარჩო მარჩენლისაგან, მაგრამ ვერ მიიღეს, ვინაიდან, მარჩენალი იხდის სამისდღეშიო სარჩოს. ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში ქონება უბრუნდება სარჩენს. იმის გათვალისწინებით, რომ ვ. კ-ს მის სიცოცხლეში არ მოუთხოვია 2000 წლის 6 აპრილს თ. მ-სთან, სანოტარო წესით დადებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტა, არც ვ.კ-ის პირველი რიგის მემკვიდრე, გ. პ-ი შედავებია აღნიშნულ ხელშეკრულებაზე, პალატამ მიიჩნია, რომ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება კანონის მოთხოვნათა დაცვით არის შედგენილი და ნამდვილია.
პალატის მოსაზრებით, 2000 წლის 6 აპრილის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით ვ.კ-მ განკარგა თავისი კუთვნილი უძრავი ქონება, მისი გარდაცვალების დროიდან აღნიშნულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოეშვა მარჩენალ თ.მ-ს და ამ დროიდან ეს ქონება არ წარმოადგენდა სამკვიდროს, რაზედაც გ.პ-ს, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეს, ექნებოდა შესაძლებლობა, მიეღო სამკვიდრო მოწმობა. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ 2010 წლის 10 იანვარს, ნოტარიუსის ქ.ჭ-ის მიერ ქ.სამტრედიაში, ნ-ის ქ.№4-ში მდებარე უძრავი ქონების 1/2-ზე, როგორც ვ. კ-ის სამკვიდროდან, გ. პ-ის სახელზე სავალდებულო წილზე სამკვიდრო მოწმობის გაცემით განიკარგა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით თ.მ-ისათვის გადაცემული ქონება, რაც სამკვიდრო მასას აღარ წარმოადგენდა. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლისა, სამკვიდრო მოწმობა ბათილია, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებული. პალატამ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება და სასასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ უძრავი ნივთით უზრუნველყოფილი სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ნამდვილობისა და უფლების განხორციელებისათვის აუცილებელია ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. პალატამ განმარტა, რომ ასეთი ვალდებულება სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის, რაც ადასტურებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის არამართებულობას, ასევე არ იქნა გაზიარებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებული სასამართლოს მსჯელობა, მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 941-ე მუხლიდან გამომდინარე, ქონების მოთხოვნის უფლება მარჩენალს წარმოეშობა სარჩენის გარდაცვალების დროიდან. ვინაიდან, ვ.კ-ე გარდაიცვალა 2010 წელს, გარიგებით გადაცემულ ქონებაზე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა ამ დროიდან იწყება და არა ხელშეკრულების დადების დროიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. პ-მა შემდეგი დასაბუთებით: არასწორია, სასამართლოს პოზიცია, თითქოს ვ.კ-მ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით განკარგა თავისი უძრავი ქონება. უძრავი ქონება განიკარგება 183-ე მუხლით დადგენილი წესით. სამოქალაქო კოდექსის 942-ე მუხლში მითითებული პირობა – ხელშეკრულების გაფორმება სანოტარო წესით საკმარისი არაა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის. საკუთრების უფლება პირს წარმოეშობა მხოლოდ რეგისტრაციის შემდეგ, ანალოგიურადაა ეს საკითხი მოწესრიგებული სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლით. აღნიშნული ნორმა ცალკე არ განიხილება, დამატებით აუცილებელია სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისწინებული სავალდებულო რეგისტრაცია, რომელიც წარმოადგენს ზოგად ნორმას უძრავ ნივთთან დაკავშირებულ ყველა შემთხვევაში, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 942-ე მუხლით გათვალისწინებული სანოტარო გაფორმება არ არის საკმარისი სამისდღეშიო ხელშეკრულების კანონიერად მიჩნევისათვის. საჭირო არის დამატებით ამ ხელშეკრულების დარეგისტრირება საჯარო რეესტრში. აღნიშნულის შესახებ პირდაპირ არის მითითებული საქმეში არსებულ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაში. სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის I ნაწილის და 328-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, და იქიდან გამომდინარე, რომ სამისდღეშიო ხელშეკრულებაში მხარეებმა გაითვალისწინეს ამ ხელშეკრულების დარეგისტრირება, იგი დადებულად ითვლება და ძალაში შევა მხოლოდ ამ ფორმის დაცვის შემდეგ ანუ რეგისტრაციის შემდეგ, რაც, მოცემულ შემთხვევაში, არ განხორციელებულა. სამისდღეშიო ხელშეკრულება ფორმის დაუცველად დადებულია, რის გამოც, სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე, ბათილია და მას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია, ამიტომ ვ.კ-ის გარდაცვალების შემდეგ თ.მ-ს არ წარმოშობია სადავო ქონების მოთხოვნის უფლება. ამდენად, სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 942-ე მუხლი, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ პუნქტის მოთხოვნა. სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაში მითითებული ქონება არ დარეგისტრირებულა თ.მ-ის სახელზე, იგი ირიცხებოდა ვ.კ-ის სახელზე მისი გარდაცვალების მომენტისათვის. სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის I ნაწილიდან გამომდინარე კი, ეს ქონება ითვლებოდა ვ.კ-ის საკუთრებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. პ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით თ.მ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
მოცემულ შემთხვევაში საააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები კასატორს სადავოდ არ გაუხდია, სადავოა ამ გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასება, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებით ახალი გადაწყვეტილების მიღება საკასაციო ინსტანციაში შესაძლებელია, კერძოდ:
დადგენილია, რომ აწ გარდაცვლილმა ვ.კ-მ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით, რჩენის სანაცვლოდ ივალდებულა ქ.სამტრედიაში, ნ-ის ქ.№4-ში მდებარე უძრავი ნივთის მარჩენალ თ. მ-ის საკუთრებაში გადაცემა. ხელშეკრულებით წარმოშობილი უფლება საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირებულა. 2010 წლის 10 იანვარს, ნოტარიუს ქ.ჭ-ის მიერ გ. პ-ის, როგორც ვ. კ-ის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, ქ.სამტრედიაში, ნ-ის ქ.№4-ში მდებარე ვ. კ-ის უძრავი ქონების 1/2-ზე სავალდებულო წილის სახით.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამოქალაქო კოდექსის 941-942-ე მუხლების საფუძველზე სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით დაადგინა, რომ 2000 წლის 6 აპრილის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით ვ.კ-მ განკარგა თავისი კუთვნილი უძრავი ქონება, მისი გარდაცვალების დროიდან აღნიშნულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოეშვა მარჩენალ თ.მ-ს და ამ დროიდან ეს ქონება არ წარმოადგენდა სამკვიდროს, რაზედაც გ.პ-ს, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეს, ექნებოდა შესაძლებლობა, მიეღო სამკვიდრო მოწმობა. პალატამ განმარტა, რომ რჩენის ხელშეკრულების ნამდვილობისა და, აქედან გამომდინარე, უძრავ ნივთზე უფლების განხორციელებისათვის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის.
სამოქალაქო კოდექსის 942-ე მუხლის თანახმად, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. უძრავი ქონების გადაცემის შემთხვევაში ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმით გათვალისწინებული უძრავი ქონების გადაცემა უნდა განიმარტოს, როგორც სანივთო უფლების საკუთრების გადაცემა, რაც ამავე სახელშეკრულებო ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე გარკვეულ უფლებრივ შეზღუდვას ექვემდებარება(იხ: სამოქალაქო კოდექსის 945-ე მუხლი), მაგრამ ამ უფლების გადაცემა იურიდიული ძალის მქონეა მხოლოდ მაშინ, როდესაც უფლების წარმოშობისათვის დადგენილი წინაპირობები არსებობს, კერძოდ:
სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. აღნიშნული ნორმის ანალიზით, ცხადია, რომ კანონი საკუთრების უფლების წარმოშობისათვის იმპერატიულად განსაზღვრავს გარიგების წერილობითი ფორმისა და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის კუმულაციურად არსებობას. საგულისხმოა, რომ უძრავ ნივთზე ნებისმიერი კანონით გათვალისწინებული უფლების შესაძენად (სანივთო გარიგებები და სხვა) საჯარო რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულოა. აღნიშნული განპირობებულია საჯარო რეესტრის დანიშნულებით, რომელიც წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის გარანტს და ემსახურება კერძო სამართლის სუბიექტთა ინტერესების დაცვას. ეს დასკვნა ემყარება სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლს, რომლის ძალითაც რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. უძრავი ნივთების ამგვარ მკაცრ სამართლებრივ რეჟიმში მოქცევა კერძო სამართლის სუბიექტთა უფლებების დაცვას და სამოქალაქო ბრუნვის სამართლებრივ უსაფთხოებას ემსახურება. კეთილსინდისიერების ზოგადსამართლებრივი პრინციპიდან გამომდინარე, საკუთრებისა და სხვა სანივთო უფლებების დაცვა უნდა ხორციელდებოდეს ისე, რომ სამოქალაქო ბრუნვის ყველა მონაწილის ინტერესები თანაბრად იყოს დაცული. ეკონიმიკური საქმიანობის თავისუფლების კონსტიტუციური პრინციპები და საქონლის თავისუფალი გადაადგილების წესები გულისხმობენ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საიმედოობის გარანტიების არსებობას. ასეთი გარანტიების არარსებობის შემთხვევაში კეთილსინდისიერი შემძენი, რომელმაც ხელშეკრულების დადებისას გამოიჩინა გონივრულობა და სიფრთხილე, არის ქონების არამართლზომიერი დაკარგვის რისკის მატარებელი.
ამდენად, სამოქალაქო კოდექსი 942-ე მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების გადაცემა ამავე კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისწინებული წესებთან ერთობლიობაში უნდა განხორციელდეს და უძრავი ქონების გადაცემისათვის ხელშეკრულების სანოტარო წესით გაფორმება საკმარისი არ არის.
მოწინააღმდეგე მხარის იმ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ უძრავ ნივთზე უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ვადას კანონი არ განსაზღვრავს, შესაბამისად, თ.მ-მ 2000 წლის რჩენის ხელშეკრულება ნებისმიერ დროს დაარეგისტრიროს საკასაციო სასამართლო განმარტავს:
საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ვადას კანონი ნამდვილად არ ადგენს. ამავდროულად, ეს უფლება – უფლების წარმომშობი აქტის (მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების) რეგისტრაცია სხვის უფლებას არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს, ანუ კერძო სამართლის სუბიექტმა ეს უფლებს გონივრულ ვადაში თუ არ განახორციელა (რჩენის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებლობამ) შედეგად შეიძლება სხვა სუბიექტის მიერ ამავე ნივთზე მოგვიანებით წარმოშობილმა უფლებამ (მოცემულ შემთხვევაში გ.პ-ის მემკვიდრეობამ) გადაწონოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და თ. მ-ის სარჩელი 2011 წლის 10 იანვრის სანოტარო აქტით გ. პ-ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობაზე არ დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
გ.პ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
თ. მ-ის სარჩელი 2011 წლის 10 იანვრის სანოტარო აქტით გ. პ-ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობაზე არ დაკმაყოფილდეს.
თ. მ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის გადახდა.
თ. მ-ს გ. პ-ის სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის გადახდა.
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.