№ას-262-253-2012 25 ივნისი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ფ. ქ-ე, ლ. ქ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს მთავარი პროკურატურა, ა. ქ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. და ფ. ქ-ებმა სარჩელით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ა. ქ-ისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ და მოითხოვეს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება შემდეგი დასაბუთებით: 2011 წლის 8 ივნისს, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა მოსარჩელეების კუთვნილი ნივთები დააყადაღა, საფუძვლად კი მიუთითა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი №1ბ/283-10, რომლის თანახმად ა. ქ-ს დამატებით სასჯელად დაეკისრა 6000 ლარის გადახდა სახელმწიფო ბუჯეტის სასარგებლოდ. მოსარჩელე მხარის განცხადებით, ა. ქ-ე არის ლ.ქ-ის მაზლი და ფ.ქ-ის ძმა, რომელსაც რეგისტრაციის მისამართად მითითებული აქვს მოსარჩელის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის მისამართი. წარმომადგენლის განმარტებით, ქ.ქუთაისში, ხ-ის ქუჩა №54, ბ.21-ში არსებული ქონება, რომელიც აღმასრულებელმა დააყადაღა, არ წარმოადგენს ა. ქ-ის საკუთრებას. აღმასრულებელმა დააყადაღა შემდეგი ნივთები: ტელევიზორი „პრიმა“, გაზქურა „ცენიტასი“, მაცივარი „ბეკო“ სამზარეულოს კარადა, საძინებლის კარადა და რბილი ავეჯი კუთხის მაგიდით. ლ. ქ-ე უკვე რამდენიმე წელია იმყოფება საზღვარგარეთ, რომლის გამოგზავნილი ფულით 2007 წლის 24 დეკემბერს ფ. ქ-მ ტელევიზორი „პრიმა“ 600 ლარად შეიძინა. გაზქურაც და მაცივარიც მისივე შეძენილია 350 და 450 ლარად. რაც შეეხება სამზარეულოს კარადასა და რბილ ავეჯს მაგიდითურთ, მხარის განმარტებით, ის დაამზადა მეზობლად მცხოვრებმა დ. ლ-მა, რომელშიც საერთო ჯამში 450 ლარი ეტაპობრივად გადაიხადა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელემ მოითხოვა, ლ. და ფ-ნ ქ-ების თანასაკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების, კერძოდ: ტელევიზორი „პრიმას“, გაზქურა „ცენიტასის“, მაცივარი „ბეკოს“¸ სამზარეულოს კარადის, საძინებლის კარადისა და რბილი კუთხის ავეჯის თავისი მაგიდით ყადაღისაგან განთავისუფლება.
მოპასუხე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხორციელდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია, აღძრას სარჩელი ქონების ყადაღისაგან განთავისუფლების მოთხოვნით. მოპასუხე მხარეს მიაჩნია, რომ წარმოდგენილ აქტში არ არის აღნიშნული იმის თაობაზე, რომ კონკრეტული ქონება მესამე პირის, ამ შემთხვევაში მოსარჩელეთა საკუთრებას წარმოადგენდა. მისივე მტკიცებით, მოსარჩელეს რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია იმასთან დაკავშირებით, რომ აღწერილი ქონება ნამდვილად მის საკუთრებას წარმოადგენს.
რაც შეეხება მოპასუხე ა. ქ-ს, იგი დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ ზემოაღნიშნულ ნივთებს, კერძოდ: ტელევიზორ „პრიმას“, გაზქურა „ცენიტასის“, მაცივარ „ბეკოს“, სამზარეულოს კარადას, რბილ ავეჯს კუთხის მაგიდითა და საძინებლის კარადას, ნამდვილად დაედო ყადაღა მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით დაკისრებული თანხის უზრუნველსაყოფად. მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაციის დროს მას მითითებული აქვს ქ.ქუთაისი, ხ-ის ქუჩა №54, ბინა 21, მითითებულ მისამართზე, არასოდეს უცხოვრია და, შესაბამისად, ამ მისამართზე არსებული ნივთების შეძენაში მონაწილეობა არ მიუღია. მანვე დამატებით განმარტა, რომ აღნიშნული ნივთების შეძენისას ის სასჯელს იხდიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. და ფ. ქ-ების სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 დეკემბრის განჩინებით უცვლელი დარჩა გასაჩივრებული განჩინება. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცლის №1/ბ-283-10 თანახმად, ა. ქ-ს დამატებით სასჯელად დაეკისრა 6000 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამავე სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღმასრულებელმა დააყადაღა: ტელევიზორი „პრიმა“, გაზქურა „ცენიტასი“, მაცივარი „ბეკო“, სამზარეულოს კარადა, საძინებლის კარადა და რბილი ავეჯი კუთხის მაგიდით. მოპასუხე მთავარი პროკურატურის წარმომადგენელ ნ. გ-ის განმარტებით, წარმოდგენილ აქტში არაფერია მითითებული იმის თაობაზე, რომ კონკრეტული ქონება მესამე პირის, ამ შემთხვევაში, მოსარჩელეთა საკუთრებას წარმოადგენს.
სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა შემდეგი: საქმეში განთავსებული მტკიცებულებით, ნახევრად ღია და დახურული ტიპის №16 დაწესებულების დირექტორის წერილით ირკვევა, რომ 1971 წლის 15 მარტს დაბადებული ა. ქ-ე, 2004-2008 წლებში იხდიდა სასჯელს ქ.რუსთავის №16 დაწესებულებაში. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირმა დ. ლ-მა აჩვენა, რომ ყადაღის აქტში დაფიქსირებული ნივთებიდან სამზარეულო, კუთხის მაგიდა და კედელი მისი გაკეთებულია. აღნიშნული სამუშაო შეასრულა ფ. ქ-ის დაკვეთით და თანხაც მანვე გადაუხადა. დამზადებული ნივთები ადგილზე ააწყო, საცხოვრებელ სახლში და ამ ნივთების აწყობისას ფ.ქ-მ მოიტანა გაზი და მაცივარი, თუმცა მისი თანდასწრებით არ შეუძენია. საქმეში განთავსებული მტკიცებულება, ე.წ „ბეკოს“ საგარანტიო ტალონი, წარმოადგენს ქსეროასლს და მასზე ფირმა „ბეკოს“ მიერ ამ დოკუმენტის შედგენის დამადასტურებელი რაიმე სახის ჩანაწერი არ არსებობს, კერძოდ, არ გააჩნია ცნობის გამცემი ორგანოს შტამპი, ბეჭედი, უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და სხვა, ასევე არ შეიცავს დოკუმენტის გამცემი უფლებამოსილი პირის თაობაზე არანაირ ჩანაწერს (ცნობის გამცემ ორგანოს შტამპს, ბეჭედს, უფლებამოსილი პირის ხელმოწერას და სხვა). ტელევიზორის კუთვნილების დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ქვითარი და გაზქურის ტექნიკური პასპორტი. მხარეთა მიერ დადასტურებულია, რომ ლ. ქ-ე 2004 წლიდან იმყოფება საზღვარგარეთ, ხოლო ფ. ქ-ე - 2009 წლიდან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქმეში განთავსებული წერილობითი მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები წარმოადგენს საკმარისს ყადაღის აქტში დაფიქსირებულ ნივთებზე მოსარჩელეთა კუთვნილების ფაქტის დასადასტურებლად. „ბეკოს“ საგარანტიო ტალონი, ასევე ტელევიზორის კუთვნილების დასადასტურებლად მხარის მიერ წარმოდგენილი ქვითარი და გაზქურის ტექნიკური პასპორტი არ შეიცავს დოკუმენტის გამცემი უფლებამოსილი პირის თაობაზე რაიმე ჩანაწერს და მხოლოდ ფ.ქ-ის ხელმოწერა არ შეიძლება, მიჩნეულ იქნეს საკმარისად, ამ ნივთებზე მისი კუთვნილების დასადასტურებლად.
რაც შეეხება მოწმის ჩვენებას, პალატამ განმარტა, რომ, მართალია, სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე დ. ლ-მა აჩვენა, რომ ყადაღის აქტში დაფიქსირებული ნივთებიდან სამზარეულო, კუთხის მაგიდა და კედელი მისი გაკეთებულია და აღნიშნული სამუშაო შეასრულა ფ. ქ-ის დაკვეთით და თანხაც მანვე გადაუხადა, ასევე დამზადებული ნივთების აწყობისას მან ნახა, რომ ფ.ქ-მ მოიტანა გაზქურა და მაცივარი, მაგრამ, რადგანაც მოპასუხე მხარემ სადავო გახადა ამ ნივთებზე მოსარჩელეთა კუთვნილება, ხოლო საქმეში ამ ფაქტის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა, პალატამ მიიჩნია, რომ მხოლოდ მოწმის ჩვენება არ არის საკმარისი სადავო ფაქტის დასადასტურებლად და სარჩელის დასაკმაყოფილებლად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. და ფ. ქ-ებმა შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 158-ე და 186-ე მუხლის მოთხოვნები, ასევე 151-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები, რაც ეწინააღმდეგება ანალოგიურ საქმეებზე დადგენილ სასამართლო პრაქტიკას. სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მეოთხე ნაწილი, რომელიც ავალდებულებს მოსამართლეს, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მიუთითოს ის სამართლებრივი, ნორმები, რომლითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში საერთოდ არ აღნიშნა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ კი მიუთითა, მაგრამ ვერ დაასაბუთა, თუ რომელი სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით არ გამოდგებოდა მოწმის ჩვენება სადავო ავეჯის მესაკუთრის დასადგენად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ქ-ისა და ფ. ქ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად არასწორად შეაფასა, რამაც განაპირობა საქმეზე არასწორი სამართლებრივი შედეგი.
განსახილველი სამოქალაქო საქმე დაშვებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით. სახელდობრ, გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებები საქმე №ას-305-293-2012; #as-1522-1529-2011 და №ას-1777-1755-2011).
სააპელაციო პალატამ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, ყადაღადადებული ნივთების კასატორებისადმი კუთვნილების ფაქტის დასადასტურებლად არ გაიზიარა მოწმე - დ.ლ-ის ჩვენება, ამასთან მიუთითა, რომ საქმეში აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა, პალატამ მიიჩნია, რომ მხოლოდ მოწმის ჩვენება არ არის საკმარისი სადავო ფაქტის დასადასტურებლად და სარჩელის დასაკმაყოფილებლად.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ლ. და ფ. ქ-ების საკუთრებაში არსებულ ქონებაზე (მოძრავ ნივთებზე) ყადაღის დადება საფუძვლიანია შემდეგ გარემოებათა გამო: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია, აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად, (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქმეში განთავსებული წერილობითი მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები წარმოადგენს საკმარისს ყადაღის აქტში დაფიქსირებულ ნივთებზე მოსარჩელეთა კუთვნილების ფაქტის დასადასტურებლად. „ბეკოს“ საგარანტიო ტალონი, ასევე ტელევიზორის კუთვნილების დასადასტურებლად მხარის მიერ წარმოდგენილი ქვითარი და გაზქურის ტექნიკური პასპორტი არ შეიცავს დოკუმენტის გამცემი უფლებამოსილი პირის თაობაზე რაიმე ჩანაწერს და მხოლოდ ფ.ქათამაძის ხელმოწერა არ შეიძლება, მიჩნეულ იქნეს საკმარისად, ამ ნივთებზე მისი კუთვნილების დასადასტურებლად.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ყადაღადადებული ქონება კასატორების საკუთრებას არ წარმოადგენს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ.
სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც, იგი სივრცობრივად მთავარ ნივთს უკავშირდება და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე. მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. საქმის მასალებით დასტურდება და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ საცხოვრებელი ბინა რეგისტრირებულია ლ.ქ-ის სახელზე, შესაბამისად, ივარაუდება, რომ ამ ბინაში განთავსებული ნივთების მესაკუთრე და კეთილსინდისიერი მფლობელი ლ. ქ-ა.
სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით ცალსახად დადგენილია, რომ ნივთზე მფლობელის უფლებამოსილების არამართლზომიერების მტკიცების ტვირთი უფლების შემცილებელს აწევს. მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მთავარ პროკურატურას უნდა დაემტკიცებინა, ლ.ქ-ის მფლობელობაში არსებულ ნივთებზე მფლობელის არაუფლებამოსილების და ამ ნივთების ა.ქ-სათვის კუთვნილების ფაქტი, რაც არ განხორციელებულა. აღნიშნული კი ლ. და ფ. ქ-ების კუთვნილი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. და ფ. ქ-ების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
ლ. და ფ. ქ-ების სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2011 წლის 8 ივნისის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული ლ. და ფ. ქ-ების კუთვნილი ქ.ქუთაისში, ხ-ის ქ.54-ში, ბინა 21-ში მდებარე მოძრავი ნივთები: ა) ტელევიზორი „პრიმა“; ბ) გაზქურა „ცენიტასი“; გ) მაცივარი „ბეკო“; დ) სამზარეულოს კარადა; ე) საძინებლის კარადა; ვ) რბილი ავეჯი კუთხის მაგიდით ყადაღისაგან გათავისუფლდეს.
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.