Facebook Twitter

№ას-284-273-2012 4 ივნისი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ რ. შ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ ს. ა-ა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2011 წლის 22 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. ა-მ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს რუსლან შაინიძის მიმართ და მოითხოვა საზიარო უფლების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: 2009 წლის იანვარში ს.ა-მ შეიძინა ქ.ბათუმში, ზ. დ-ა 101-ში მდებარე უძრავი ქონებიდან №9 ბინა, 17,83 კვ.მ ერთი ოთახი და მოპასუხე რ.შ-თან საერთო სარგებლობის დამხმარე ფართი 26,93 კვ.მ, რაც დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში. მოპასუხე და მისი ოჯახის წევრები ხელს უშლიან საკუთრებით სარგებლობაში. ქონების გაყოფის მიზნით მოსარჩელემ მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომელმაც მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რადგან საერთო სარგებლობაში არსებული ფართის რეალური გაყოფა შეუძლებელია, რაც დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნით.

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო იმ დასაბუთებით, რომ მოსარჩელე არარსებულ ფართზე დავობს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით ს. ა-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ს.ა-სა და რ.ს-ს საზიარო უფლება მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე, აღნიშნული ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხა მხარეთა შორის მათი კუთვნილი წილის შესაბამისად უნდა განაწილებულიყო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 6 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, რ. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, რომელიც სხდომის თაობაზე გაფრთხილებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. აპელანტის წარმომადგენელმა სასამართლოს ტელეფონის მეშვეობით განუმარტა, რომ იგი ვერ გამოცხადდებოდა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, რადგან მონაწილეობას იღებდა საქმის განხილვაში სხვა სასამართლოში. ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები მას არ წარმოუდგენია. სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა იშუამდგომლა გამოუცხადებელი მხარის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დააკმაყოფილა. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა რ.შ-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის განჩინებით რ.შ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 6 ოქტომბრის სხდომაზე საჩივრის ავტორი მოწვეული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სასამართლო სხდომაზე აპელანტი არ გამოცხადდა და სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის საფუძვლებს, ამ კოდექსის 2241-ე მუხლი კი, იმ საფუძვლებს, რაც იწვევს გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას. საჩივრის ავტორს არ მიუთითებია გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების კანონით დადგენილ არც ერთ საფუძველზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ, საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით, სხდომაზე იგი ვერ გამოცხადდა, ვინაიდან, იმავე დღეს მონაწილეობას იღებდა საქმის განხილვაში სხვა სასამართლოში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ამ გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა საჩივრის ავტორს, მას კი თავისი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. აღსანიშნავია ისიც, რომ სასამართლო სხდომის თაობაზე საჩივრის ავტორს ეცნობა 2011 წლის 15 დეკემბერს, ე.ი სხდომამდე 7 დღით ადრე. პალატამ მიიჩნია, რომ ეს დრო სავსებით საკმარისი იყო საჩივრის ავტორის პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვებისა და სასამართლოსათვის წარმოდგენისათვის.

პალატა არ დაეთანხმა რ.შ-ს, რომ სასამართლო ვალდებული იყო, შეეფასებინა მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მოთხოვნის საფუძვლები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საქმის ზეპირ განხილვაზე აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ისე რომ არ აფასებს სააპელაციო საჩივარში მითითებულ ფაქტებსა და მტკიცებულებებს. ამის გამო არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე და 241-ე მუხლებით დადგენილი საფუძვლები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ი.შ-მ შემდეგი დასაბუთებით: დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას, როგორც წესი, სასამართლო არსებითად არ განიხილავს საქმეს და ეყრდნობა მხარის ახსნა-განმარტებებს. მოცემულ შემთხვევაში კი, დაეყრდნო რა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უკანონოდ დადგენილ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, მიიღო დაუსაბუთებელი დაუსწრებელი გადაწყვეტილება. საცხოვრებელი ბინა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ი. შ-ს 1994 წლის 27 დეკემბერს, როგორც, სამხედრო მოსამსახურეს გადასცა. ბინის ფართი მხოლოდ 67.30 კვ.მ-ია, ხოლო მოსარჩელე დავობს არარსებულ ფართს და ითხოვს არარსებული საზიარო უფლების გაუქმებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ რ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2011 წლის 22 დეკემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციის საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. აღნიშნული ნორმის შინაარსი სააპელაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, საქმის განხილვისას იხელმძღვანელოს პირველ ინსტანციაში საქმეთა განხილვის მომწესრიგებელი ნორმებით. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა 387-ე მუხლით წესრიგდება. ამავე მუხლის მესამე ნაწილით კი, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე (სააპელაციო სასამართლოში - აპელანტი) და გამოცხადდა მოპასუხე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება შემდეგი პირობების არსებობისას: გამოუცხადებელი მხარე მოწვეული იყო საქმის განხილვაში და მას დროულად და კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დღისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ; ადგილი არა აქვს რაიმე დაუძლეველ ძალას ან სხვა ისეთ მოვლენას, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; სასამართლოზე გამოცხადებული მოპასუხე შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე, რათა მან გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, გამოუცხადებელი მოსარჩელის წინააღმდეგ, ე.ი გამოიტანოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამდენად, გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად დგინდება, რომ კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს იმ დასაბუთებით, რომ პროცესზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ადვოკატის არაკეთილსინდისიერი ქმედებით, კერძოდ, სასამართლო სხდომის დღეს ადვოკატმა შეატყობინა პროცესის გადადების შესახებ, რაც არ მომხდარა.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის აღნიშნულ მოსაზრებას და მიუთითებს შემდეგზე: დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი შინაარსით საქმის განხილვაში ერთ-ერთი მხარის მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები _ საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მას არა აქვს ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). შესაბამისად, შეიძლება დავასკვნათ, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება ერთგვარ სასჯელს წარმოადგენს უპასუხისმგებლო მხარისათვის. ამასთან, ასეთი გადაწყვეტილების გამოტანა დასაშვებია მხოლოდ კანონით იმპერატიულად განსაზღვრული გარემოებებისა და პირობების აშკარად, ეჭვის გარეშე არსებობისას.

რაც შეეხება პროცესზე გამოუცხადებლობას, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, რომელიც სხდომის თაობაზე გაფრთხილებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. აპელანტის წარმომადგენელმა სასამართლოს ტელეფონის მეშვეობით განუმარტა, რომ იგი ვერ გამოცხადდებოდა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, რადგან მონაწილეობას იღებდა საქმის განხილვაში სხვა სასამართლოში. ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოში არ წარმოუდგენია. ამდენად, სადავო არაა ის გარემოება, რომ რ.შ-ე კანონით დადგენილი წესით მიწვეული იყო სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვაზე. საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას პროცესზე მხარის საპატიო გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით, მხოლოდ ადვოკატის არაკეთილსინდისიერება კი ვერ გახდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ასევე იმ გარემოებას, რომ საკასაციო საჩივარში საუბარია სასამართლო სხდომაზე უშუალოდ რ.შ-ის წარმომადგენლის და არა მისი გამოცხადების შეუძლებლობაზე, რაც თავისთავად არ ასაბუთებს პროცესზე კასატორის გამოუცხადებლობის საპატიოობას. ამასთან, კასატორს შეეძლო, გადაემოწმებინა ადვოკატის მიერ მიწოდებული ინფორმაცია პროცესის გადადებასთან დაკავშირებით, რაც შესაძლებელს გახდიდა, თავიდან აეცილებინა მისთვის არასასურველი პროცესუალური შედეგი - დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, რ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონის დარღვევის გარეშეა მიღებული და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2011 წლის 21 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.