№ას-334-319-2012 21 ივნისი, 2012 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები - 1. შპს „... ... ...“ 2. ზ. ბ-ა (კანონიერი წარმომადგენელი ნ. კ-ა)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 იანვრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2011 წლის 25 მარტს ზ. ბ-ს წარმომადგენელმა ზ. მ-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შპს „... ... ...-ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა.
მოსარჩელის განმარტებით, 2004 წლის 23 თებერვალს, ქ. თბილისში ვ-ის მე-2 შესახვევის N7-ში არსებული შენობიდან მძიმე საგნის ჩამოვარდნის შედეგად ზ. ბ-მ მიიღო თავის ქალა-ტვინის ღია ტრავმა და დაინვალიდდა. 2006 წლის 1 დეკემბერს დადებული შეთანხმებით, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება დაეფინანსებინა დაზარალებული მხარის სომხეთში ქ. ერევანში (თუმცა გამგზავრება ხდებოდა უკრაინაში ქ. ტრუსკავეცის საერთაშორისო სარეაბილიტაციო კლინიკაში) ყოველი მორიგი მგზავრობა და მკურნალობა ერთ ჯერზე 3 000 აშშ დოლარის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს წელიწადში 4-ჯერ. მკურნალობის აუცილებლობა კლინიკას წინასწარ წერილობით უნდა დაედასტურებინა. მოპასუხემ ასევე იკისრა ვალდებულება ყოველთვიურად გადაეხადა სპეციალური მოვლის ხარჯები - 1000 დოლარი. კომპანიამ 1000 აშშ დოლარი ბოლოს 2010 წლის იანვარში გადაიხადა, ხოლო სარეაბილიტაციო კლინიკაში გამგზავრება 2010 წლის აპრილიდან აღარ დაუფინანსებია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. ბ-ს სასარჩელო მოთხოვნა შპს ... ... ...-ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „... ... ...-ს“ ზ. ბ-ს სასარგებლოდ 14000 აშშ დოლარის ანაზღაურება დაეკისრა, ასევე 2011 წლის 30 მარტიდან სპეციალური მოვლის ხარჯები ყოველთვიურად 1000 აშშ დოლარი, მოსარჩელის გამოჯანმრთელებამდე, შპს „... ... ...-ს“, 2011 წლის 30 მარტიდან მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, მხარეთა 2006 წლის 1 დეკემბრის შეთანხმებით განსაზღვრულ ადგილას (სომხეთი ქ. ერევანი) და ამავე შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების (სამკურნალო დაწესებულების წერილობითი დადასტურება მორიგი მკურნალობის საჭიროების შესახებ) არსებობის შემთხვევაში, ზ. ბ-ს მკურნალობისა და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 3000 აშშ დოლარის ოდენობით ერთ ჯერზე, მაგრამ არაუმეტეს წელიწადში ოთხი ჯერისა, ზ. ბ-ს გამოჯანმრთელებამდე, ზ. ბ-ს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის 9000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2012 წლის 18 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
1. 2004 წლის 23 თებერვალს ქ. თბილისში ვ-ის მეორე შესახვევის №7 მდებარე შენობიდან მძიმე საგნის ჩამოვარდნის შედეგად მოსარჩელემ მიიღო თავის ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა;
2. შპს ,,... ... ...-სა’’ და ზ. ბ-ს წარმომადგენელს შორის 2006 წლის 01 დეკემბერს დაიდო შეთანხმება, რომლის მიხედვით მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ იკისრა რიგი ვალდებულებები, მათ შორის:
ა. შპს ,,... ... ...’’, სამედიცინო საჭიროების შემთხვევაში, აფინანსებს დაზარალებული მხარის მკურნალობის ხარჯებს სომხეთში, ქ. ერევანში, ერთ ჯერზე 3000 აშშ დოლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს წელიწადში ოთხჯერ. აღნიშნული თანხა კომპანიის მიერ გადახდილ უნდა იქნეს მკურნალობის ჩატარებამდე სულ მცირე 30 დღით ადრე მაინც.
ბ. მოპასუხე ყოველი თვის 25-30 რიცხვში უხდის დაზარალებულ მხარეს ყოველთვიურად სპეციალური მოვლის ხარჯებს 1000 აშშ დოლარის ოდენობით.
3. შპს ,,... ... ...“ ვალდებულებებს 2010 წლის იანვრამდე ასრულებდა, ხოლო საერთაშორისო სარეაბილიტაციო ცენტრში გამგზავრების და მკურნალობის ხარჯები აანაზღაურა 2010 წლის აპრილამდე;
4. საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2009 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. კ-ა დანიშნულია ქმედუუნაროდ აღიარებული ზ. ბ-ს მეურვედ;
5. მხარეთა შორის 2006 წელს დადებული შეთანხმების 12-ე პუნქტის შესაბამისად, შეთანხმება მოქმედებს უვადოდ;
6. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნაში დასახელებული თანხა 9000 აშშ დოლარი რეალურად გაღებული აქვს და მოსარჩელემ იმკურნალა გარიგებაში დასახელებულ სამედიცინო დაწესებულებაში;
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ზ. ბ-ს სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოება უკრაინაში, ქ. ტრუსკავეცის საერთაშორისო სარეაბილიტაციო კლინიკაში ზ. ბ-ს მკურნალობის ხარჯების, 9000 აშშ დოლარის, მოპასუხის მიერ ანაზღაურების ვალდებულებასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის 2006 წლის 1 დეკემბერს წერილობითი ფორმით დადებული შეთანხმების თანახმად, მოპასუხე შპს „... ... ...“, სამედიცინო საჭიროების შემთხვევაში, ვალდებულია დააფინანსოს სომხეთში, ქ. ერევანში, ყოველი მორიგი მგზავრობა და მკურნალობა ერთ ჯერზე 3000 აშშ დოლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 4 ჯერისა წელიწადში. ყოველი მორიგი სამედიცინო საჭიროება დადასტურებულ უნდა იქნეს კლინიკის მიერ წინასწარ, წერილობით. ასეთ შემთხვევაში კომპანია ვალდებულია შეიტანოს დაზარალებული მხარის საბანკო ანგარიშზე საჭირო თანხა _ 3000 აშშ დოლარი, კლინიკის მიერ განსაზღვრული მკურნალობის მორიგი ციკლის ჩატარებამდე სულ მცირე 30 დღით ადრე მაინც. შეთანხმების მე-16 პუნქტის მიხედვით, ყოველგვარი ცვლილება და დამატება ამ შეთანხმებაში უნდა შესრულდეს წერილობითი ფორმითა და ნოტარიული დამოწმებით, ამრიგად, მხარეებმა დადეს რა ხელშეკრულება, შეთანხმდნენ მის არსებით პირობებზე: ხელშეკრულების საგანზე, ფასზე, მხარეთა მიერ განსახორციელებელ შესრულებაზე. ამასთან, გაითვალისწინეს შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი. შესაბამისად, უსაფუძვლოა აპელანტის მოსაზრება შეთანხმებაში ცვლილებების ზეპირად შეტანის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ აპელანტს არ წარუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ შპს „... ... ...-მა“ 4-ჯერ აანაზღაურა ქ. უკრაინაში მკურნალობის ხარჯები.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტ შპს „... ... ...-ის“ მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას, რაც გამოიხატა მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობაში და აღნიშნა, რომ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის საფუძვლები განსაზღვრული იყო მხარეთა მიერ, რომლებიც არ დამდგარა.
სააპელაციო სასამართლომ შპს „... ... ...-ის“ არც ის მტკიცება გაიზიარა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა მძიმე ფინანასური მდგომარეობით იყო გამოწვეული, მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ ხელშეკრულების მოშლის საფუძველი პატივსადები უნდა იყოს. პატივსადები საფუძველი შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით უნდა შეფასდეს. ამასთანავე, აღნიშნულის მტკიცების ტვირთი ხელშეკრულების მომშლელ მხარეს ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტ შპს „... ... ...-მა“ ვერ დაასაბუთა, რომ მათ აქვთ სამოქალაქო კოდექსის 399–ე მუხლით გათვალისწინებული პატივსადები საფუძველი გრძელვადიანი ვალდებულებითი ურთიერთობის მოშლისათვის.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
ზ. ბ-ს საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ ასაკის მატებასთან ერთად, საჭირო გახდა მკურნალობის გავლა უკრაინაში. მხარეები ზეპირად შეთანხმდნენ ქ. ტრუსკავეცის სარეაბილიტაციო კლინიკაში მკურნალობაზე. შეთანხმების ფაქტს ის გარემობაც ადასტურებს, რომ ზ. ბ-მ მკურნალობის კურსი აღნიშნულ კლინიკაში 5-ჯერ გაიარა. 4 ვიზიტი შპს „... ... ...-მა“ დააფინანსა. 2010 წლის ოქტომბერში ზ. ბ-ს ოჯახმა საკუთარი ხარჯებით უზრუნველყო მისი უკრაინაში გამგზავრება, იმ იმედით, რომ შპს „... ... ...“ ვალდებულებას შეასრულებდა. საქმეში წარმოდგენილია ნ. კ-ს მიერ მკურნალობისათვის 3452 ევროს გადარიცხვისა და ელექტრონული ბილეთის შეძენის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია.
აღნიშნულის გათვალისწინებით კასატორმა სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
შპს „... ... ...-ის“ საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ გასაჩივრებული განჩინება წინააღმდეგობრივია, რადგანაც სააპელაციო სასამართლო ჯერ მხარეთა შორის სახელშეკრულება ურთიერთობის არსებობაზე საუბრობს, ხოლო შემდეგ - კანონისმიერ ვალდებულებებზე. სააპელაციო სასამართლომ ვალდებულების შეწყვეტის საფუძვლების ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობებთან გააიგივა, რაც არასწორია, ასევე სააპელაციო სასამართლოს არ დაუსაბუთებია, რა მოტივით არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, პატივსადები მიზეზით ხელშეკრულების მოშლის თაობაზე, რაც მოპასუხის მძიმე ფინანსური მდგომარეობით გამოიხატებოდა.
შპს „... ... ...-მა“ სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ბ-სა და შპს „... ... ...-ის“ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ხოლო საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს შპს „... ... ...-ს“ უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (4342,03 ლარის) 70% - 3039,421 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე , 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ბ-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „... ... ...-ის“ (საიდენტიფიკაციო N...) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
3. კასატორ შპს „... ... ...-ს“ დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან ((სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) 26.03.2012 წლის N166613 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (4342,03 ლარის) 70% - 3039,421 ლარი სს „ბანკი რესპუბლიკის“ მეშვეობით;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.